Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტრომობილებით გადაადგილების შეზღუდვა მეწარმეების პროტესტს იწვევს


ბათუმის ბულვარში ველოსიპედით გადაადგილების გარდა სხვა სახის ყველანაირი ტრანსპორტი 1 მაისიდან აიკრძალება.
ბათუმის ბულვარში ველოსიპედით გადაადგილების გარდა სხვა სახის ყველანაირი ტრანსპორტი 1 მაისიდან აიკრძალება.

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილების აკრძალვამ მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი საპროტესტო აქციას გეგმავს, ნაწილი კი აპირებს წერილობით მიმართოს ბათუმის საკრებულოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით.

როგორც ერთ-ერთი ინდმეწარმე, ჯემალ სურმანიძე, ამბობს, ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილების აკრძალვა მოულოდნელი იყო გამქირავებლებისთვის. ამიტომ მათი თხოვნაა, ეს შეზღუდვა ერთი წლით გადავადდეს, მანამდე კი დადგინდეს მოძრაობის წესები და შემცირდეს სასეირნო ტრანსპორტის რაოდენობაც:

ბულვარის ყველა შესასვლელში და გამოსასვლელში, სადაც კი შესაძლებელია, რომ ელექტრომობილი შემოვიდეს, ყველგან იქნება აკრძალვის მანიშნებელი დაყენებული...
ირაკლი ჯინჭარაძე

„ჩვენ ვამცირებთ. თუ ადრე იყო 1300 მოპედი, ახლა ვითხოვთ, რომ მოგვცენ მხოლოდ 300-ზე ნებართვა. ვართ დაახლოებით 60მეპატრონე და თითოს 5 მოპედის გაქირავების შესაძლებლობა მოგვცენ. სიჩქარეს მინიმალურზე დავიყვანთ. ბაიკერებს საერთოდ ამოვიღებთ ხმარებიდან. ერთი წლით გვინდა ეს ნებართვა გავახანგრძლივოთ, იმიტომ რომ ბანკებში კრედიტები გვაქვს და ვალებს გავისტუმრებთ“.

ძრავიანი და ელექტროტრანსპორტის მეპატრონეები ამბობენ, რომ საბანკო კრედიტებით შეიძინეს სასეირნო ტრანსპორტი და თუ მათი მოხმარება ბათუმის ბულვარსა და სხვა პარკებში აღარ დაიშვება, ტრანსპორტი სრულიად გამოუდეგარია სხვა ადგილებში მოხმარებისთვის. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. ბადრი ყურშუბაძე ამბობს, რომ მომხრეა ბათუმის ბულვარში დაწესდეს გადაადგილების მკაცრი წესები,აკრძალვას კი არ ეთანხმება:

„წინასწარ უნდა გაეფრთხილებინათ, ერთი წლით ადრე, იმიტომ რომ დიდი თანხებია ჩადებული ამაში. შარშან ჩამოვიყვანეთ და მოგებაზეც ვერ ვიმუშავეთ. მართალია, ძალიან ბევრია, მაგრამ თუ შეზღუდვები იქნება და წესები, ყველაფერი ნორმალურად იქნება“.

ბათუმის ბულვარში ველოსიპედით გადაადგილების გარდა სხვა სახის ყველანაირი ტრანსპორტი 1 მაისიდან აიკრძალება. ეს ინიციატივა ეკუთვნის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, რომელიც აკრძალვის მიზეზს საგანგაშო სტატისტიკით ხსნის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბულვარში ელექტროტრანსპორტით მიყენებული სხეულის დაზიანებით 51-მა ადამიანმა მიმართა პოლიციას. დაშავებულთა შორის უმრავლესობა არასრულწლოვანია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბულვარში ელექტროტრანსპორტით მიყენებული სხეულის დაზიანებით 51-მა ადამიანმა მიმართა პოლიციას.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბულვარში ელექტროტრანსპორტით მიყენებული სხეულის დაზიანებით 51-მა ადამიანმა მიმართა პოლიციას.

გაცილებით მეტია იმ დაშავებულთა რაოდენობა, რომლებიც სამართალდამცავების ნაცვლად ბულვარის ადმინისტრაციას მიმართეს. როგორც ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა,უწყებაში 100-ზე მეტი მოქალაქის საჩივარია:

„ბულვარის ყველა შესასვლელში და გამოსასვლელში, სადაც კი შესაძლებელია, რომ ელექტრომობილი შემოვიდეს, ყველგან იქნება აკრძალვის მანიშნებელი დაყენებული. თუ ამ საზღვარს გადმოკვეთენ, პატრულს, ჩვენს მონიტორინგს და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს სანქციის გამოყენების საშუალება ექნებათ“.

ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ზღვისპირა პარკში არსებულ ველობილიკზე დაუშვებელია სხვა სახის ტრანსპორტით გადაადგილება. გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარში შეუძლებელია ალტერნატიული ინფრასტრუქტურის მოწყობა ელექტრო და სხვა სახის ტრანსპორტისთვის. მიუხედავად ამისა, გასულ წელს ბულვარის ადმინისტრაციამ პარკში 24 ელექტრომობილის გაქირავება დაუშვა, ინდმეწარმეები კი ტენდერით გამოავლინა. ფეხით მავალთათვის განსაკუთრებით სახიფათო იყო ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც ბათუმის მერია განკარგავს და, შესაბამისად,ის იყო პასუხისმგებელი ელექტრომობილებისა და სხვა ძრავიანი ტრანსპორტის უკონტროლო და შეუზღუდავ რაოდენობაზე, რის გამოც აქ ყველაზე ხშირი იყო ადამიანების ელექტრომობილებით დაშავების ფაქტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG