Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელიზაბეთ რუდი: მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის იანვარში გაგრძელებაზე


საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიალოგის გაგრძელებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. 20 დეკემბერს, მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებულ წინადადებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხარეებს შორის დიალოგი ისევ გაგრძელდება.

„მე-4 რაუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა ამ ფორმატის მნიშვნელობა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის - ერთად იმსჯელონ პოლიტიკური სიტუაციის ამჟამინდელ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

მივესალმები ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ დღეს წარმოადგინა ახალი წინადადება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მხარეებმა გაცვალეს შეხედულებები ამ წინადადების გარშემო და ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. თუმცა ისინი მხარს უჭერენ შემდგომ განსჯას და დიალოგის იანვარში გაგრძელებას“, - განაცხადა რუთმა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, კრიზისული სიტუაციის დაძლევას ესაჭიროება „მუყაითი შრომის გაგრძელება“, „ყველა მხარის მიერ კეთილი ნების დემონსტრირება“, „კომპრომისზე წასვლის ნება“ და „კანონის უზენაესობის დაცვა ქუჩის აქციებთან დაკავშირებით“.

„ყველა უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს მშვიდი სიტუაცია, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემების კონსტრუქციული მოგვარებისთვის საჭირო გარემოს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

„ქართული ოცნების“ მიერ 20 დეკემბერს წარმოდგენილი წინადადების თანახმად, შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი დაკომპლექტდება პროპორციული წესით არჩეული 100 და მაჟორიტარული წესით არჩეული 50 დეპუტატით. ეს ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს.

ოპოზიცია თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის არ ასახავს საზოგადოების მთავარ მოთხოვნას - არჩევნების სამართლიანი პრინციპით ჩატარების შესახებ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი 20 დეკემბერს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG