Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელის თუ არა უკრაინას 2014 წლის კონფლიქტის განმეორება?


უკრაინის სამხედრო მოსამსახურე დონეცკში. 2014 წლის 22 მაისი
უკრაინის სამხედრო მოსამსახურე დონეცკში. 2014 წლის 22 მაისი

დასავლეთის დაზვერვა, „მაღალი ალბათობით“, უკვე ამ ზამთარშივე შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის მხრიდან „უკრაინის ისეთ დესტაბილიზაციას“, რომელიც მან 2014 წელს გამოსცადა.

უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების „უჩვეულო“ და „მაღალ“ კონცენტრაციაზე გაამახვილა ყურადღება 15 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ნატოს შტაბბინაში შეხვედრაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მაგრამ რუსეთიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული მზარდი მუქარის ფონზე, იზრდება დასავლეთის შიში, რომ პოლიტიკოსების ნებისმიერ შეცდომას შეიძლება რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი მოჰყვეს.

რეალობა, რომელშიც უკრაინა დიდი ხანია ცხოვრობს

დასავლეთის სპეცსამსახურები ფლობენ მონაცემებს, რომლის თანახმად, რუსეთი უკვე ამ ზამთარში შეეცდება „უკრაინის დესტაბილიზაციას“ სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო გზით. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ასევე იმოწმებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანა მალიარს, რომლის სიტყვებით, დასავლეთმა უკვე გააფრთხილა უკრაინა, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლოა განმეორდეს 2014 წლის კონფლიქტის მსგავსი ესკალაცია.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ქალმა ფაქტობრივად დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც ოქტომბრის ბოლოს ორ ამერიკულ გამოცემაში - „ვაშინგტონ პოსტსა“ და „პოლიტიკოში“ გამოქვეყნდა. უკრაინის მხარემ მაშინ ეს ცნობა უარყო.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთის ჯარების შესაძლო კონცენტრაციის თაობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის პასუხად, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა დასავლური მედია „შეგნებული დეზინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

„ხდება მთელი საზოგადოების შეგნებული დეზინფორმირება. ვთქვათ ასე - რასაც ისინი წერენ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ყველა პროცესს, ეს დეზინფორმაციაა და ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ აკეთებენ ამას... რა იქნება ხვალ, არ ვიცით, მაგრამ დღეს ასეთი კონცენტრაცია, ძალთა ისეთი თავმოყრა, რაზეც ისინი წერენ, არ ხდება“, - უთხრა ალექსეი დანილოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

სინამდვილეში, როგორც დამოუკიდებელი უკრაინელი ანალიტიკოსები განმარტავენ, უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანს იმის თქმა სურდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან სიახლეს არ წარმოადგენს და 90-ათასკაციანი დაჯგუფება იქ მუდმივად იმყოფება 2017 წლის შემდეგ, როდესაც პირველად გაჩნდა ცნობა მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის განზრახვის შესახებ.

„ჩვენთან უკრაინაში დისკუსია სხვა მიმართულებით წავიდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო და თავდაცვის სამინისტრო საფრთხის არსებობას არ ადასტურებდნენ. სინამდვილეში, მათი პასუხი იყო, რომ სიტუაცია ჩვენთვის ცნობილია და არაფერი უჩვეულო არ ხდება, რადგან რუსეთი ჩვენ მუდმივად გვემუქრება, რომ 90-100 ათასი რუსი ჯარისკაცი მუდმივად იმყოფება ჩვენს საზღვართან. შესაბამისად, ის, რაც ამერიკულმა მედიამ აღნიშნა, ჩვენთვის ახალი არ არის, ეს არის რეალობა, რომელშიც დიდი ხანია ვცხოვრობთ“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მიხაილო სამუსმა, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა.

გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა რუსეთი, არ დაუშვას მორიგი „სერიოზული შეცდომა უკრაინასთან დაკავშირებით“, როცა ვაშინგტონი არკვევდა ცნობებს უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მოძრაობის შესახებ, რასაც პენტაგონმა უწოდა „უჩვეულო თავისი ზომითა და გაქანებით“.

იგივე გაიმეორა 15 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც სამხედრო ალიანსის შტაბბინიდან რუსეთს სამხედრო მოქმედებებში „გამჭვირვალობისკენ“ მოუწოდა.

„რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია ან აგრესია სერიოზული შეშფოთების საგანი იქნება“, - თქვა სტოლტენბერგმა 15 ნოემბერს ბრიუსელში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საფრთხის ერთნაირი აღქმა და პუტინის პასუხი

აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები საგანგაშოდ მიიჩნევენ რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის მახლობლად, სადაც კრემლის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები დიდ ტერიტორიებს აკონტროლებენ და სადაც შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს 13 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორი დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად განიხილა „ინფორმაცია უკრაინასა და მის მახლობლად რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ“, იტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტი. პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე განაცხადეს თავიანთი ქვეყნების „რკინისებრი ერთგულების შესახებ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

საფრანგეთმა განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. უკრაინის წინაშე მდგარი ეგზისტენციალური საფრთხის პირობებში კოლექტიური დასავლეთის ასეთ მტკიცე რეაგირებას მნიშვნელოვან შემობრუნებას უწოდებს მიხაილო სამუსი.

„ჩემი აზრით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლოს და ბოლოს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და შესაძლოა ნაწილობრივ ევროკავშირის ქვეყნებმაც რეალურად დაიწყეს სიტუაციის აღქმა. უკრაინა 2017 წლიდან ამბობს, რომ რუსეთმა შექმნა დაახლოებით 100-ათასჯარისკაციანი დაჯგუფება, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია, რათა 6-7 მიმართულებიდან განახორციელოს თავდასხმა უკრაინაზე. ამ წელს ეს საფრთხე მეტ-ნაკლებად მწვავედ გამოვლინდა აპრილ-მაისში, როდესაც რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო. ბრიტანული მედიის თანახმად, 600 მედესანტე მზად არის უკრაინაში გადმოსხმისთვის, აშშ-ც მზად არის სამხედრო დახმარების გასაწევად, ევროკავშირიც აქტიურად საუბრობს კარსმომდგარ საფრთხეზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს უკვე აქვს მოახლოებული საფრთხის აღქმა და ის უახლოვდება საფრთხის იმ აღქმას, რომელიც უკრაინას აქვს“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

შარშან აპრილში აშშ-სა და ევროკავშირს მთელი თავიანთი დიპლომატიური ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდათ იმისათვის, რათა მოეხდინათ ვითარების დეესკალაცია უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სადაც რუსეთმა ბოლო 7 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო ძალებს მოუყარა თავი.

მაგრამ უკრაინის მიმართ რუსეთის მოსალოდნელი ესკალაციის განმუხტვას დასავლეთი ამჟამადაც დიპლომატიით შეეცდება, რადგან უკრაინის საზღვარზე შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას ემატება ავტორიტარული ბელარუსის რეჟიმის მიერ ინსპირირებული სახიფათო მიგრანტთა კრიზისი ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე, სადაც გასულ კვირაში მინსკის მოკავშირე რუსეთმა პატრულირება დაიწყო ბომბდამშენით, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარების უნარი შესწევს.

შექმნილმა ვითარებამ სერიოზულად შეაშფოთა დასავლეთი. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების პარალელურად არსებობს კიდევ ერთი „არასწორი გაანგარიშების“ საფრთხე, რომელმაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ომამდე შეიძლება მიგვიყვანოსო.

Times Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 14 ნოემბერს გადაიცა ეთერით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა ნიკ კარტერმა თქვა, რომ „ტრადიციული დიპლომატიური ინსტრუმენტები და მექანიზმები“, რომლებიც ცივი ომისა და აშშ-ის ერთპოლუსიანი დომინირების დროს გამოიყენებოდა, წარსულს ჩაბარდა.

„ამ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გარეშე იმის დიდი საფრთხე არსებობს, რომ ამ ესკალაციებს ან ამ ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს გათვლაში შეცდომები", - თქვა მან, - "ასე რომ, ჩემი აზრით, ესაა ნამდვილი დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც გვიწევს დგომა“.

დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის ასეთი სიფრთხილის გამო, უკრაინაში მიაჩნიათ, რომ კვლავ საკუთარი ძალების იმედზე მოუწევთ დარჩენა რუსეთის მხრიდან ესკალაციის ზემოხსენებული განზრახვის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში.

„მაგრამ გულზე ხელი რომ დავიდო, მე ჯერ ვერ ვხედავ, რომ დასავლეთში ვინმე შეეწინააღმდეგოს პუტინს, თუ ის სამხედრო ოპერაციას წამოიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ. იქნება ღრმა შეშფოთება, მაგრამ რეალურად რა ამით? აქ ექვსასი მედესანტე ვერ დაგვეხმარება. ხოლო უფრო მკაცრი ზომებისთვის, ჩემი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციაც კი არ არის მზად“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო დასავლეთის ვერსია, რომ მოსკოვი შესაძლოა შეტევით სამხედრო მოქმედებებს გეგმავდეს.

თავის მხრივ, მან 13 ნოემბერს შავ ზღვაში აშშ-ისა და ნატოს მოქმედებებს „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა რუსეთისთვის, რომელიც დამატებით საზღვაო უფლებებზე აცხადებს პრეტენზიებს მას მერე, რაც ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს.

უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიიდან მალევე, რუსეთის მხარდაჭერით სეპარატისტულმა კონფლიქტმა იფეთქა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც შვიდი წლის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG