Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გამოაქვეყნეს პროდიუსერ პრიგოჟინის და სენატორ ახმედოვის საუბრის ჩანაწერი


ფოტო არქივიდან: მომღერალი ვალერია (მარჯვნივ) და მისი მეუღლე პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი.
ფოტო არქივიდან: მომღერალი ვალერია (მარჯვნივ) და მისი მეუღლე პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა რუსეთის მუსიკალურ პროდიუსერს, იოსიფ პრიგოჟინსა და ამ ქვეყნის ყოფილ სენატორს, მილიარდერ ფარხად ახმედოვს შორის სატელეფონო საუბრის 35-წუთიანი ჩანაწერი.

7 მარტს ის იუტუბში გავრცელდა, 24 მარტს კი უკვე უკრაინის „მეხუთე არხმა“ გაავრცელა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, პრიგოჟინი და ახმედოვი უარყოფითად ლაპარაკობენ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და მის გარემოცვაზე.

თავიდან იოსიფ პრიგოჟინი ყველაფერს უარყოფდა, მოგვიანებით კი რუსეთის გამოცემამ „ვაჟნიე ისტორიი“ (მნიშვნელოვანი ამბები) რუსეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით დაწერა: „პრიგოჟინის და ახმედოვის საუბარი ავთენტიკურია, ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელობამ ახლახან გამართა თათბირი და ხელქვეითებს უბრძანა, მიიღონ ზომები“.

ეს სატელეფონო საუბარი რუს პოლიტიკოს დმიტრი გუდკოვთან ერთად განიხილეს ჩვენმა კოლეგებმა რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიადან“.

- რას ფიქრობთ, საუბრის ჩანაწერი ავთენტიკურია?

- ცალსახად. ეჭვი არ მეპარება. ჯერ ერთი, საუბარი ძალიან გრძელია. ანუ იქ ისეთ ფაქტებს იხმობენ, რომ შეუძლებელია გამოგონება, ვერანაირი ნეიროქსელი ამას ვერ მოიგონებდა.

დადგმული რომ იყოს, უფრო მსხვილ ფიგურას აირჩევდნენ. მაგალითად, პატრუშევის საუბარს ევგენი პრიგოჟინთან, ან სეჩინთან.

და საერთოდაც, მე არ მიკვირს ასეთი საუბრები, რადგან ზუსტად ვიცი, რა განწყობაა ისტებლიშმენტში, რას ლაპარაკობენ პუტინის გარემოცვაში, კრემლთან დაახლოებულ წრეებში.

ამას გარდა, გავეცანი ახმედოვის შესახებ ინფორმაციას. ამ ადამიანს 14 წლის წინ შეუწყდა უფლებამოსილება როგორც სენატორს. ეს იყო 2009 წელს. მგონი, რუსეთში რაღაც ბიზნესიც წაართვეს. ასე რომ, მას აქვს პუტინის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის კრიტიკის საფუძველი.

და ისეთი ხალხი, როგორიც იოსიფ პრიგოჟინია, ე.წ. კულტურული ელიტა, ცხადია, ყველა უკმაყოფილოა, რადგან წაერთვათ უცხოეთში გამოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველას ემუქრება სანქციები. და გასაგებია, რომ სამზარეულოში თუ სხვაგან, საუბრობენ ასეთ თემებზე, მაგრამ სხვა საქმეა, ვინ ჩაწერა.

მაგრამ, როგორც მე მესმის, ერთი დუბაიში იყო და მეორე ბაქოში და ინფორმაცია გაავრცელა არა რუსეთის, არამედ აზერბაიჯანის სპეცსამსახურმა.

შეიძლება ახმედოვს ადგილობრივი სპეცსამსახური ყოველი შემთხვევისთვის უთვალთვალებდა და უსმენდა, იცოდა რა მისი ადრინდელი კავშირების შესახებ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და მის მიმართ სანქციების დაწესების ამბავიც.

- როგორ უყურებთ ვერსიას, რომ უნდა მოესმინათ ევგენი პრიგოჟინისთვის, რომელიც „ვაგნერთან“ არის დაკავშირებული და მის ნაცვლად მოუსმინეს იოსიფ პრიგოჟინს.

- არა, ასეთი კონსპირაციული ვერსიებისა არ მჯერა, რადგან ბავშვსაც შეუძლია გაარჩიოს ერთი პრიგოჟინი მეორისგან.

მე უფრო ამ მეორე ვერსიას ვემხრობი: რადგან პუტინს მშვენივრად ესმის, რა განწყობაა რუსეთის ელიტაში, მან ასევე იცის, ასეთი საუბრები ხდება. ამის აღსაკვეთად, შეიძლება გაიცა ბრძანება, რომ მოეძებნათ თუნდაც ვინმე, ეჩვენებინათ, რომ ყველას უსმენენ: არა მხოლოდ დეპუტატებსა და პოლიტიკოსებს, არამედ კულტურის მოღვაწეებსაც. ამით სურთ ყველას მიმართონ: „ჩუმად იყავით სამზარეულოშიც და თქვენს ადგილას დაეტიეთ“. ეს ვარიანტიც სავსებით წარმოსადგენია.

- რას ფიქრობთ პრიგოჟინის მიერ ტელეგრამით გავრცელებულ ტექსტზე, სადაც ის ყველაფერს უარყოფს, და წერს, რომ ჩანაწერი გაყალბებულია? გინახავთ ის?

- კი, ცხადია. ჯერ ერთი, იოსიფ პრიგოჟინს შეეშინდა. ცნობილია, რომ ასეთი რამისთვის ჩვენთან სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიგცენ. და ამასთან, გარდა იმისა, რომ პრობლემები შეიძლება გაჩნდეს უცხოეთში კონცერტების მხრივ, თუ ინფორმაცია პუტინის ყურამდე მიაღწევს, და მე მგონია, რომ ეს ასე მოხდა, მას შეიძლება პრობლემები ქვეყნის შიგნითაც გაუჩნდეს. ამიტომ, ცხადია, შეეშინდა.

და ეს სასაცილო თავის მართლება, რომელიც მან წარმოგვიდგინა, როცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი ნეიროქსელების მოგონილია, იმ შიშს ასახავს, რომელიც ქვეყანაშია გამეფებული. რეჟიმი ტერორს მიმართავს ყველას წინააღმდეგ. მე მგონია, რომ მათ, ვინც ყველაზე სულელებს არ მიეკუთვნებიან, მშვენივრად ესმით, რომ როცა ამოიწურება პოლიტიკური აქტივისტები, რეჟიმი წმენდას უკვე საკუთარ რიგებში დაიწყებს.

„არ ვაპირებ მათ ვაპატიო“. სტუდენტი ოლესია კრივცოვა თავის თანაკურსელებზე, რომლებმაც ის დააბეზღეს ომის გამო და იმაზე, როგორ გაექცა რუსეთიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

რუსეთის და საბჭოთა კავშირის ისტორიიდან ვიცით, განსაკუთრებით 30-იან წლებში, როცა 1934 წელს ელიტა შეიკრიბა გამარჯვებულთა ყრილობაზე, ხოლო 1937 წელს უკვე ძალიან სერიოზული წმენდა მოხდა, როგორ იქნა ნახევარი რეპრესირებული - ცენტრალური საბჭოს წევრებიცა და პარტიის თითქმის მთელი ხელმძღვანელობაც.

მათ მშვენივრად ესმით, რომ მთლიანობაში, ვითარება მეორდება. შეიძლება, არ ხვრეტენ - იმ სახით, როგორც ეს 30-იან წლებში იყო. მაგრამ თუნდაც 30-იანების მსუბუქი ვერსია იყოს, სპეცსამსახურების ხელი ელიტებსაც მისწვდება.

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, რუსეთის სპეცსამსახურებმა გაარკვიონ საქმე ყველა ოპონენტთან, მივიდნენ პუტინთან და უთხრან: „ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, იცით, სამუშაო შესრულებულია. ახლა დაგვშალეთ“. არა, ისინი არ დაიწყებენ რეჟიმის ახალი მტრების ძებნას, ხალხის ახალი მტრების ძებნას იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება, ხოლო მეორე მხრივ, იმისთვის, რომ თავიანთი საჭიროება აჩვენონ და ეს იმიტომ, რომ მათ დიდი ბიუჯეტები აქვთ, სერიოზული კადრები ჰყავთ და მუდმივად უნდა დაამტკიცონ - რისთვის სჭირდებათ ეს ფული, რისთვის სჭირდებათ ამდენი თანამშრომელი. აი, იმისთვის, რომ ისტებლიშმენტში დისიდენტები მოძებნონ და ასეთნაირად დაუმტკიცონ პუტინს ერთგულება.

- „ვაჟნიე ისტორიი“ წერს, რომ პრიგოჟინისა და ახმედოვის საუბრის ჩანაწერი ნამდვილია. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ შეხვედრა გამართა და ქვეშევრდომებს ზომების მიღება დაავალა. რას ფიქრობთ, რა ზომები შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში მიღებული და ვის მიმართ? პრიგოჟინს რუსეთში უკან აღარ შეუშვებენ?

- ვფიქრობ, რომ შეაშინებენ - ეს უეჭველია. როგორ - ძნელი სათქმელია. მას, რაც უნდა იყოს, აქვს გარკვეული დამსახურება ამ რეჟიმის წინაშე. ამასთან, საჯაროდ სხვა პოზიციას იკავებს. მაგრამ რაღაც საჯარო გაწკეპვლა მოხდება იმისთვის, რომ ყველა დანარჩენს დისკომფორტი შეექმნას, რომ ყველა დანარჩენს ეშინოდეს მსგავსი სატელეფონო და სამზარეულოში საუბრებისა. ეს ერთგვარი დაშინების აქტია ელიტებისა, თუნდაც კულტურულის, იმისთვის, რომ არავის შეეპაროს ეჭვი არჩეული გზის სისწორესა და მიღებულ გადაწყვეტილებებში.

დიდი ალბათობით, რაღაც მოხდება. რაღაც გარჩევა იქნება. დიდი ალბათობით, რაღაც შემოწმება იქნება, მაგრამ საბოლოოდ, მე მგონი, შეჩერდებიან, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

კულტურის ფრონტი: როგორ გაქრა რუსეთის ეთერიდან და სცენებიდან „ომი“ და „მშვიდობა“ და ხელოვანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინაში შეჭრას.

- არ შემიძლია არ გკითხოთ: ბევრია ასეთი ხალხი, როგორც იოსიფ პრიგოჟინი, რომლებიც სადღაც სიღრმეში, სატელეფონო საუბრებში არ ეთანხმებიან იმას, რასაც რუსეთის ხელმძღვანელობა აკეთებს?

- მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ბიზნესშია, წინააღმდეგია. ჩემი აზრით, ისინი მთავრობას კიცხავენ უფრო მძაფრი სიტყვებით. მიზეზი ისაა, რომ მათ დაკარგეს დასავლური მდიდრული ცხოვრების შესაძლებლობა, მათთვის რუსეთში იცვლება ბაზარი, მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა ამ ვითარებაში გადარჩნენ. ამიტომ, მთელი კერძო სექტორი წინააღმდეგია. ჩემი აზრით, მოხელეთა, შემსრულებელთა, უმეტესობა, უკმაყოფილოა, მაგრამ არ არიას მზად რისკი გასწიონ და წინააღმდეგ წავიდნენ.

ხეირობს მხოლოდ პუტინის მცირე გარემოცვა, ისინი, ვინც მის გარშემოა: ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, და მგონია, რომ იქაც არ უნდა იყოს ყველა კმაყოფილი:

- ჩემეზოვი?

- არა მგონია, გულწრფელად რომ გითხრათ, რომ ჩემეზოვი კმაყოფილი იყოს. მან, როგორც უნდა იყოს, კორუმპირებული გზებით თუ არა, ააწყო ბიზნესი, რომელიც დიდად არის დასავლურ ტექნოლოგიაზე, მოწოდებაზე დამოკიდებული. ამიტომ, ამ მხრივ მას მგონია სერიოზული პრობლემები აქვს.

ხოლო ისეთი ხალხი, როგორებიც არიან სეჩინი, კოვალჩუკი, როტენბერგი, ანუ ყველა, ვინც ბიუჯეტიდან იკვებება, ისინი ბიზნესმენებიც კი არ არიან - არასწორია, მათ ასე ვუწოდოთ. ისინი ბიუჯეტის ამთვისებლები არიან. ამბობენ, რომ პრიგოჟინი ბიზნესმენია. რანაირი ბიზნესმენია ეგ? ფულებს იღებს ბიუჯეტიდან. ეგ არის და ეგ.

არანაირ ბიზნესზე ლაპარაკიც არ არის. სკოლებში საუზმის გაბერილ ფასებში გაყიდვა - აი, ეგ არის მთელი „ბიზნესი“. ამიტომ ყველა, ვინც ბიუჯეტიდან იკვებება, არიან მოხეირეები იზოლაციაში. ეგენი ისედაც სარგებლობდნენ თავიანთი მონოპოლიური პოზიციით ბაზარზე, ახლა კი დასავლური ბიზნესიც ჩამოიშორეს, განდევნეს ბევრი კერძო მოვაჭრე. ამიტომაც, ბიუჯეტს ისე განაგებენ, როგორც უნდათ.

და უმრავლესობა ცხადია არაა კმაყოფილი. განსაკუთრებით ელიტაში: მმართველ, კულტურის, ბიზნესელიტაში. ისინი ნამდვილად არ არიან კმაყოფილი - ეს ჩემთვის ზუსტადაა ცნობილი. ვერ ვხვდები, ვინ შეიძლება იყოს კმაყოფილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG