Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემოციები ფრანკფურტიდან თავისუფლებისთვის


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ამ რამდენიმე დღეს, 10-14 ოქტომბერს, ქართული ლიტერატურა და არა მხოლოდ ქართული ლიტერატურა ბევრი წელი ელოდა. არ იყო ადვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვება. ქართველმა მწერლებმა, ქართულმა წიგნებმა, გამომცემლობებმა, წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლიტერატურულ პლატფორმამდე.

სტუმარი ქვეყნის სტატუსმა საქართველოსა და ქართულ ლიტერატურას კიდევ ერთი, ამჯერად განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. ასობით პუბლიკაცია, ღონისძიება, ახალი თარგმანები, მთელი წლის განმავლობაში წვეთ-წვეთად ნაგროვებმა წარმატებებმა და ემოციებმა ამ დღეებში ფრანკფურტში, 1 800 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ქართულ პავილიონში მოიყარა თავი. ხუთდღიანი კულმინაცია განსაკუთებით ემოციურია იმ მწერლებისა თუ გამომცემლობებისათვის, რომლებიც ამ დღეებში ფრანკფურტში იმყოფებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას - იქნება ეს წიგნის წარდგენა, კითხვა, გამომცემლობებთან შეხვედრები თუ სხვა.

უნდა ითქვას, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არ არის მხოლოდ ლიტერატურა. ის გაცილებით დიდ შანსს აძლევს ქვეყანას, რომ წარადგინოს არა მხოლოდ ლიტერატურა თუ კულტურა, არამედ ილაპარაკოს, მაგალითად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. წლევანდელი ფრანკფურტის ბაზრობის დევიზია „ვის (რის) მხარეს დგახარ?“ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაანახოს მსოფლიოს ის, თუ რა ღირებულებებს ატარებს, რა პრობლემების წინაშე დგას, რისკენ მიილტვის...

მრავალფეროვანია ფრანკფურტში თავმოყრილი მწერლებისა თუ გამომცემლების ემოციები და სათქმელი. გულწრფელი აღტაცებიდან დაწყებული, მსოფლიოსთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შეხსენებით დამთავრებული...

ფრანკფურტში გადატანილი ქართული კულტურა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:49 0:00

გვანცა ჯობავა, წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია

„ძალიან რთულია რამდენიმე სიტყვით გადმოსცე ემოცია, რომელიც ევროპის შუაგულში ქართული კულტურის უდიდესმა ზეიმმა აქ მყოფ და საქართველოში დარჩენილ ჩვენს გულშემატკივრებს მოგვგვარა. როგორი იყო გუშინდელი დღე, როდესაც საქართველოს, როგორც ბაზრობის საპატიო სტუმრის პროექტი ოფიციალურად გაიხსნა? პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრული. ამ დღეებში უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ ქართველებს ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ლეგენდებისა და სასწაულების და შესაბამისად, სასწაულებიც არასდროს გვტოვებენ. ახლაც იგივეს გავიმეორებ, სხვა არ ვიცი რა შეიძლება დაერქვას იმას, რაც ამ დღეებში ფრანკფურტში ხდება და აუცილებლად კიდევ მოხდება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი პროექტი ქართველი ახალგაზრდა, თანამედროვედ მოაზროვნე მენეჯერების ანგარიშზეა და გვაძლევს იმედს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში მოვიდა ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე თაობა, რომელსაც დიდი (იქნებ გრანდიოზულიც კი) საქმეების კეთების უნარი შესწევს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩვენთვის არის პლატფორმა არა მხოლოდ კულტურის, არამედ პოლიტიკისთვისაც. პირველივე დღეს, გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაზრობის „ბიზნესკლუბის“ ფორმატში მსოფლიოს არაერთი საგამომცემლო პროფესიონალის წინაშე მომეცა საშუალება ქართული წიგნის ბაზრის წარდგენასთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ღიად მესაუბრა. ღიად ისაუბრა გერმანულენოვანმა ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმაც რუსული აგრესიის შესახებ ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე ათასობით დამსწრე საზოგადოების წინაშე. თითოეული ასეთი გამოსვლით ჩვენ გვეძლევა საშუალება მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია და ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში ახალი გულშემატკივრები შევმატოთ. დღეს, როდესაც წიგნის ბაზრობის პირველი დღე მიმდინარეობს, უკვე ამ გადმოსახედიდან გეტყვით, უდაოდ, ეს არის საქართველოს ახალი თაობის ჯიუტი სვლა ევროპისკენ!"

სალომე ბენიძე, მწერალი

„ჩვენს ერთობლივ წიგნს “sHEROes” მე და დინა ოგანოვა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 11 ოქტომბერს წარვადგენთ. გუშინ ჩამოვედით და ერთ-ერთი პირველი, რაც ქუჩაში გავლისას ვნახე, იყო დინას ფოტო ქართული გამოფენის აფიშაზე, ის კი ჩამოსვლისთანავე ჩემს წიგნს წააწყდა ერთ-ერთ მაღაზიაში. აქ ყველგან საქართველოა, ყველგან ჩვენი ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა და ფოტოგრაფიაა. ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეებია თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ამ ისტორიულ მოვლენაში ვმონაწილეობთ. მე მგონია, რომ სწორედ ახლა ხდება ის, რაზეც თაობები ოცნებობდნენ, რისთვისაც ვიბრძოდით, ვშრომობდით და ვწერდით საუკუნეების განმავლობაში - საქართველო უბრუნდება თავის ევროპულ ოჯახს“.

თამთა მელაშვილი, მწერალი

„ამაზე მძაფრად არასოდეს მიგრძვნია, რომ დამოუკიდებელ და ღირსეულ ქვეყანაში ვცხოვრობ, როგორც აქ და ახლა“.

ზაზა კოშკაძე, მწერალი

„ჩემთვის და მთლიანად ქართული ლიტერატურისთვისაც, აქ ყოფნა ნიშნავს ახალ ეტაპზე გადასვლას. ეს ყველაზე დიდი სცენაა, მათ შორის, რომელზეც ოდესმე მდგარა ქართული ლიტერატურა და პირველ რიგში, საკუთარ თავზე შევიტყობთ მეტს ასეთ დროს, რა შეგვიქმნია და გვითქვამს ჩვენი ისტორიის განმავლობაში. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რა პროცესებიც ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყება საქართველში, რადგან აუცილებლად დაეტყობათ ეს გამოცდილება მწერლებსაც და გამომცემლებსაც“.

ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი

„მთელი ეს წინასაბაზრობო მზადება ბოლოს ისეთ ისტერიკაში გადაიზარდა, ვფიქრობდი, ნეტავ შეიძლებოდეს, არ წავიდე-მეთქი. მაგრამ როგორც კი ბაზრობის ტერიტორიაზე მოვედი, ჯერ ხომ იქ ამიჩქარდა მაჯა და მერე სავსე დარბაზს რომ გადავხედე, ვთქვი, ბიჭო, ეს ამდენი ხალხი დღეს, აი ამ მომენტში, საქართველოზე ფიქრობს“.

რატი ამაღლობელი, პოეტი

„დიდი ემოციაა, როდესაც ისმენ და ხედავ ქართულ ლიტერატურას ფრანკფურტში, რომელსაც წელს მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს აქ. ევროპული იდენტობა ხომ სწორედ ევროპელმა მწერლებმა და მათმა წიგნებმა შექმნეს და განსაზღვრეს, ქართული სახელმწიფოებრიობაც და მისი ევროპული არჩევანი, ვფიქრობ, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი დიდი მწერლებისა და ლიტერატურის გარეშე, ასე რომ შემთხვევითი არ არის ის, რომ ევროპის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფორუმზე დღეს საქართველო სწორედ ლიტერატურით წარსდგა, როგორც ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი“.

ეკა ტოგონიძე, მწერალი

„ბევრნაირი სიხარული არსებობს, მაგრამ ეს კონკრეტული არაფერს ჰგავს - ეს არის ბევრი განცდა ერთდროულად: ეიფორია, აღტაცება, სიამაყე, ქართული ლიტერატურისა და მთლიანად კულტურის გაზიარებით გამოწვეული ბედნიერება და მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც ამ დიდი ამბის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა - საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საუკეთესო კუთხით მოაქციეს!“

მარი კორინთელი, გამომცემელი, წიგნები ბათუმში

„ქართულმა სიტყვებმა აქ ახალი სიცოცხლე შეიძინეს და სიტყვა “ჟრუანტელი” ალბათ საუკეთესოდ ასახავს იმას, რასაც ნიშნავს ფრანკფურტის ფესტივალზე მონაწილეობა ჩვენთვის. ეს არის სიამაყის, აღტაცების, პასუხისმგებლობის და იმედის ჟრუანტელი, შეგრძნება იმისა, რომ აქ და ახლა შენი ქვეყნის უახლესი ისტორია იწერება და შენ, ერთი პატარა, მაგრამ დიდი იმედებით სავსე გამომცემლობა, ამის ნაწილი ხარ. ჟრუანტელი იმის გამო, რომ ის, რაზეც ამდენ ხანს შრომობდი, მთელ ქვეყანასთან ერთად, დაფასდა“.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის ოფიციალური პროგრამა მრავალფეროვანია და საშუალებას აძლევს სტუმრებს, საქართველო არაერთი კუთხიდან გაიცნოს. გენდერული თანასწორობის იდეა ყოველთვის იყო და დღესაც არის ქართული კულტურის, ჩვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საპასუხისმგებლოა, რომ საშუალება მოგვეცა, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წარვადგინოთ კამპანია „კაცები ზრუნავენ“ - კამპანია, რომელიც გენდერული თანასწორობის, ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის იდეას ემსახურება“.

14 ოქტომბრამდე, ქართულ პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე 72 ქართველი ავტორი შეხვდება უცხოელ მკითხველს. უცხოელ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინონ იმას თუ როგორ ჟღერს ქართული ასო-ბგერები, დაათვალიერონ მაგნუმის ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ. პავილიონში განთავსებულია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG