Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოკრიზისის გადაჭრის ფული არ არის - იყიდის რუსული ბიზნესი აფხაზეთის ინფრასტრუქტურას?   


ხვალიდან, 7 დეკემბრიდან აფხაზეთში დენი ისევ გრაფიკით ექნებათ. მაგალითად, გალში, საბერიოში მცხოვრებმა მანანამ იცის, რომ საქმეები დღის ორ საათამდე უნდა მოილიოს, მერე დენი 2 საათით გაითიშება. შუქი დილის სამიდან ხუთამდე ისევ წავა.

"როცა არის, მაშინაც ძალიან დაბალი ფაზაა და ძლივს ანათებს, ბჟუტავს, ძველად რომ გვქონდა, ისეთი ხარისხიანი დენი აღარ გვაქვს ბოლო წლებია", - გვეუბნება მანანა.

გალის გარდა დენი გრაფიკით ექნებათ გუდაუთის, სოხუმის, გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებს. 2020 წლიდან აფხაზეთი გრაფიკით ცხოვრობს. ბოლო სამი წელია ენერგეტიკული კრიზისი იმდენად დამძიმდა, რომ სოხუმმა ელექტროსფეროს დენაციონალიზაციაზე დაიწყო ფიქრი.

"ჩვენი საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არსებობს. ენერგეტიკული სისტემის კრიზისიდან გამოსაყვანად, 2017 წელს ჩატარებული გათვლებით, მინიმუმ 20 მილიარდი რუბლია (850 მილიარდი ლარი - რ.თ.) საჭირო, რაც ბიუჯეტში არ გვაქვს", - თქვა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 10 ნოემბერს, თუმცა არ დაუზუსტებია, რის გაყიდვას აპირებს სოხუმი და ვინ არის მზად ინვესტიციების ჩასადებად აფხაზეთში.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოხუმს უცხოელი ინვესტორებისთვის აფხაზეთის მხარეს მდინარე ენგურზე სამი უმოქმედო ჰიდროელექტროსადგურისა და ელექტროგადამცემი ქსელების მიყიდვა სურს, რომლებიც ომის შემდეგ აღარ შეკეთებულა.

"თუკი იქ ინვესტიციები ჩაიდება, გამრიცხველიანება გაკეთდება, ხაზები მოწესრიგდება, მოხმარება შემცირდება და მეტი შეღავათი მიეცემა ენგურს. 90-იან წლებში, როცა თბილისი გამრიცხველიანდა, დედაქალაქში დენის მოხმარება თითქმის განახევრდა, დაახლოებით ასე იქნება აფხაზეთშიც", - ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე რადიო თავისუფლებასთან და იქვე აღნიშნავს, რომ რუსული ფული ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი განმუხტავდა კრიზისს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღებელია.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაცია სურდა საქართველოს ხელისუფლებასაც, თუმცა ამისთვის თბილისს სოხუმის თანხმობა სჭირდება.

შარშან საუბარი იყო, რომ რუსული კომპანია, რომელსაც შესაძლოა აფხაზეთის ბაზარი აინტერესებდეს, "ჩისტაია ენერგიაა". აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია წერდა, რომ ეს კომპანია კრიპტოვალუტას აწარმოებს და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ სურს ხელი მიუწვდებოდეს ჰესების რესურსზე.

2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში მოსკოვმა და სოხუმმა ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც აფხაზეთის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას გულისხმობდა. ამ შეთანხმებაში წამყვანი პუნქტი სწორედ ენერგეტიკას ეხებოდა.

"ზამთრის ფონზე, როცა ხვდებიან, რომ ნახევარ დღეზე მეტი შუქი არ ექნებათ, რუსეთმა აფხაზეთს ხელახლა დაუყენა ის პირობა, რაც დაუსვა 2020 წელს. ბჟანიას ენერგოობიექტების გადაცემის გარდა არაფერი დარჩენია. ამით რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია გრძელდება და, სამწუხაროდ, ქართული მხარე აფხაზურს განსაკუთრებულს არაფერს სთავაზობს. შეიძლება მათ არ მიიღონ ქართული შეთავაზება, მაგრამ მეტი მოქმედება და აქტიურობა იქნებოდა კარგი თბილისის მხრიდან", - ამბობს კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ენერგოკრიზისის გამომწვევ მთავარ მიზეზად ბიტკოინების გამომუშავება სახელდება, რაც აფხაზეთში 2016 წლიდან დაიწყო. კრიპტოვალუტის მოპოვება ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტულ ზრდას იწვევს. ბიტკოინების უკონტროლო გამომუშავებისგან გამოწვეული ენერგოდეფიციტის გამო 2018 წელს მისი მოპოვება აიკრძალა. 2020 წელს იფიქრეს, რომ მაინინგის ლეგალიზაცია პრობლემას გადაჭრიდა და კრიპტოვალუტის მოპოვებაზე აკრძალვა მოიხსნა. ამ წელს დენზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა, რის გამოც სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და 2 წელიწადში დე ფაქტო მთავრობას მაინინგის აკრძალვა კიდევ ერთხელ მოუწია, თუმცა ბიტკოინის მომპოვებელი ფერმები არალეგალურად ისევ მუშაობენ.

აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დღემდე ძალიან დაბალია - 45 კაპიკი ერთი კილოვატისთვის, ანუ დაახლოებით 1 თეთრი მოსახლეობისთვის და 80 კაპიკი იურიდიული პირებისთვის. ამ ფასის მიუხედავად, დენის საფასურს მომხმარებლების მხოლოდ 30% იხდის. მათ შორის დანამდვილებით არის გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ისინი ელექტროენერგიაში ყოველწლიურად 4 800 რუსულ რუბლს (200 ლარი) იხდიან. თანხა მათ რუსულ "სბერბანკში" შეაქვთ ან გადასახადს თითოეული მოსახლისგან სოფლის გამგებელი კრებს.

"ძირითადად თხილის სეზონზე სოფლის გამგებელი დაუვლის ყველა ოჯახს და ხალხის ნაწილი ადგილზე იხდის გამგებელთან. ადრე მახსოვს, ფორმიანი და ავტომატიანი პირი ახლდა თან გამგებელს, მოსახლეობის დასაშინებლად", - უყვება რადიო თავისუფლებას გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრები, რომელიც ითხოვს, რომ მისი ვინაობა არ გავამხილოთ.

აფხაზეთს დენით უფასოდ ამარაგებს ენგურჰესი, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და მართვის პულტი კი აფხაზეთის მხარეს, გალის რაიონის სოფელ საბერიოშია.

ენერგიის გადამცემი ხაზები გალის რაიონის სოფელ საბერიოში
ენერგიის გადამცემი ხაზები გალის რაიონის სოფელ საბერიოში

თბილისი და სოხუმი 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე შეთანხმდნენ, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 60% ქართულ მხარეს, 40% კი აფხაზეთს ერგებოდა. თუმცა განსაკუთრებით ზამთარში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენი აფხაზეთს არ ჰყოფნის და მესამე წელია დეფიციტს რუსეთიდან შემომავალი ელექტროენერგიის ნაკადით ავსებს.

"აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე იმდენად მაღალია, რომ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებშიც არ არის. შარშან ორმილიარდ-ნახევარი კვტ/სთ მოიხმარეს. ორჯერ მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე დანარჩენ საქართველოს და ბუნებრივია, ეს არის პრობლემა. პრობლემაა ენერგიის აღურიცხაობა, გამრიცხველიანების არარსებობა და ა.შ. კრიპტოვალუტის მკვეთრი მოხმარება რომ არ გაზრდილიყო, 5-6 წლის წინ აფხაზეთს თავისი 40%-ის ათვისებაც კი უჭირდა", - ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

ნოემბრის შუა რიცხვისთვის ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე მინიმუმს ჩამოსცდა და ზამთრის მარაგი მთლიანად ამოიწურა, არადა, როგორც წესი, წყლის მარაგი ენგურჰესში დეკემბრისთვის იწურებოდა ხოლმე.

"წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ - წლის ბოლომდე ჯამი ასცდება 4, 5 მილიარდ კილოვატსაათს. თბობლოკები და იმპორტი იქნება დენის ძირითადი წყარო ოთხი თვის განმავლობაში. აფხაზეთი, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება, დიდწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს. რთული ვითარებაა, საიდანაც გამოსავალი ახლო მომავალშიც არ ჩანს", - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე "ენგურჰესის" ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.

აფხაზებისთვის ენერგოობიექტების პრივატიზაცია ყოველთვის მტკივნეულად აღიქმებოდა. სოხუმის პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში ამ ინდუსტრიის დენაციონალიზაცია სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასად ითვლება.

მოქალაქეები კი შიშობენ, რომ პრივატიზაცია დენის საფასურს გაზრდის, რასაც თავად დე ფაქტო ხელისუფლებაც არ გამორიცხავს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ანუ ჯერ კიდევ ელექტროსისტემის დენაციონალიზიციის დაწყებამდე, დენის ტარიფი აფხაზეთში დაახლოებით გაორმაგდება.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, უმცირესობების, მიგრაციიისა და სხვა აქტუალური სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG