Accessibility links

site logo site logo

სოხუმი ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის არჩევანის წინაშე - ვინ შეაკეთებს ვარდნილჰესებს?


ენგურჰესის კაშხალი

აფხაზეთში მოსკოვისა და თბილისის ინტერესები ამჯერად გალში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების გამო ეჯახება ერთმანეთს. საქართველოს ვარდნილჰესების კასკადის შემადგენელი სადგურების რეაბილიტაცია სურს. თუმცა, ამისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თანხმობა სჭირდება.

სოხუმი ჯერ კიდევ ფიქრობს, ვის მიანიჭოს უპირატესობა: ქართულ თუ რუსულ კომპანიას.

ვარდნილჰესების კასკადი გალის რაიონში, მდინარე ერისწყალზეა მოწყობილი და ოთხი ჰესისგან შედგება. მათგან დღეს მხოლოდ 220 მეგავატი სიმძლავრის „ვარდნილი 1“ მუშაობს. დანარჩენი სამი კი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 120 მეგავატია, 90-იან წლებში გაიძარცვა და გაჩერდა. ეს ჰესები ფაქტობრივად თავიდან არის ასაშენებელი.

ლევან მებონია
ლევან მებონია

„ეს ჰესები ჩვენს ბალანსზეა და გვინდა გავუკეთოთ რეაბილიტაცია. ჯერჯერობით განხილვის პროცესშია ეს საკითხი“, – ამბობს „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია.

ვარდნილჰესების კასკადი ენგურჰესიდან გამომავალი წყლის არხზეა აშენებული. საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი ჰესები კომპანია „ვარდნილჰესების კასკადს“ ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, „ენგურჰესის“ შვილობილი კომპანიაა. სოხუმისთვის ეს კასკადი „აფხაზური სახელმწიფოს საკუთრებაა“.

„ვარდნილჰესების სამი სადგური (მეორე, მესამე და მეოთხე – რ. თ.) წელს, ზაფხულში ბალანსზე ავიყვანეთ. ისინი აფხაზური სახელმწიფოს საკუთრებაა. ახლა საჭიროა, რომ სადგურები ამუშავდეს“, – თქვა 21 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

ვინ აამუშავებს სადგურებს? სოხუმი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. დე ფაქტო პრეზიდენტის ცნობით, თავდაპირველად რეაბილიტაციის სურვილი ერთ-ერთმა რუსულმა კომპანიამ გამოთქვა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ინვესტორს შემხვედრი წინადადებით მიმართა. ამის შემდეგ პროცესში კიდევ ორი კომპანია ჩაერთო – მათგან ერთ-ერთი ქართული შპს „ენგურჰესია“.

„ჩვენ უპირატესობას იმ კომპანიას მივანიჭებთ, რომელიც საუკეთესო წინადადებას შემოგვთავაზებს. მაგალითად, ერთი კომპანია გვთავაზობს საიჯარო გადასახადს – 200 მილიონ რუბლს, ასევე ის გადაიხდის გადასახადებს“, – თქვა ბჟანიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი.

„ვარდნილჰესების“ აღდგენა აინტერესებს კომპანია „სოხუმჰესსაც“, რომელიც ადგილობრივი ენერგეტიკული კომპანიის, „ჩერნომორენერგოს“ ყოფილ ხელმძღვანელს, რეზო ზანთარიას ეკუთვნის. მეორე კომპანიის კი მხოლოდ სახელწოდებაა ცნობილი – „ჩისტაია ენერგია“. აფხაზი ჟურნალისტის, იზიდა ჭანიას ინფორმაციით, ეს უნდა იყოს რუსული კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტას აწარმოებს და, სავარაუდოდ, სურს, ხელი მიუწვდებოდეს ჰესების რესურსზე.

თბილისისთვის ამ სადგურების რესურსი შესაძლებელია იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს, რამდენადაც ამ საკითხის პოლიტიკური მხარე. ამასთან, სოხუმშიც იციან, რომ „ვარდნილჰესების“ მუშაობა „ენგურჰესისგან“ დამოუკიდებლად შეუძლებელია.

„ეს ერთიანი კომპლექსია. ისინი სინქრონულად უნდა მუშაობდნენ, უნდა იყოს ერთიანი დისპეტჩერი. მაგალითად, თუ („ენგურჰესიდან“) დამატებით წყალს უშვებენ, აქ („ვარდნილჰესებზე“) უნდა მოახდინონ რეაგირება, ავარიულად გაუშვან (წყალი), ან სხვა რამე“, – თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

ახრა არისტავა
ახრა არისტავა

ენგურჰესი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კლიენტია და მას აქვს თავისი საკრედიტო ხაზები პირდაპირი ინვესტიციების მისაღებად. „მაშ, რატომ ეძებს სოხუმი ინვესტორებს "ვარდნილჰესებისთვის"? იქ ინვესტორები საერთოდ არ არის საჭირო. მათ ("ენგურჰესს") შეუძლიათ აიღონ კრედიტი, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, და აღადგინონ ყველაფერი“, – უთხრა „ეხო კავკაზას“ აფხაზმა ეკონომისტმა ახრა არისტავამ.

„ვარდნილჰესების“ რეაბილიტაციის დასაფინანსებლად „ენგურჰესის“ დირექცია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს EBRD-თან. ამ დონორის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევრო წელს „ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბის შეკეთებაზე დაიხარჯა. წინასწარი შეფასებით, „ვარდნილჰესების“ აღდგენისთვის 100-დან 120 მილიონი დოლარი იქნება საჭირო. თუმცა, სამუშაოების დასაწყებად თბილისს ჯერ სოხუმის „მწვანე შუქი“ სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG