Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრა - მხოლოდ პროტესტის ტრიბუნა


ერგნეთის შეხვედრა ორთვიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად ჩატარდა და მხარეებმა 12 საკითხი განიხილეს.
ერგნეთის შეხვედრა ორთვიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად ჩატარდა და მხარეებმა 12 საკითხი განიხილეს.

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრა ორთვიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად ჩატარდა და მხარეებმა 12 საკითხი განიხილეს. შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე მკაცრად გააპროტესტებდა ხურვალეთში საოკუპაციო ძალების მიერ სათვალთვალო კოშკურის დადგმასა და ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას, ასევე მოითხოვდა ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების და პირადი ნივთებისა და დავით ბაშარულის მკვლელობის ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ქართული მედიის წარმომადგენლები დეზინფორმაციის შეგნებულ გავრცელებაში დაადანაშაულა:

"დეზინფორმაციაა, მაგალითად, ადამიანების გატაცება, ის, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა, თითქოს ვშიმშილობთ“.

კოჩიევის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს კი არ იტაცებენ, „სახელმწიფო“ საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების 11 შემთხვევა იყო, მაშინ როდესაც, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 21 ადამიანი იყო გატაცებული.

ხურვალეთ-ძუკაანთკარის გზის მონაკვეთზე აღმართულ სათვალთვალო კოშკურას კი კოჩიევი სადამკვირვებლო კოშკურას უწოდებს და ამბობს, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ხურვალეთში საოკუპაცო ძალების კოშკურა სათვალთვალო დანიშნულებისაა და განკუთვნილი იქნება ასევე გახშირებული აალებების, მცირე ხანძრების აღმოსაჩენად.

ის, რაც კოჩიევისთვის სათვალთვალო კოშკურაა, ირაკლი ანთაძისთვის ბორდერიზაციის ახალი ფორმაა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ანთაძის თქმით, ამ კოშკურაზე, ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების სიახლოვეს, შეიარაღებული სამხედროები დადგებიან და ეს კოშკურაც სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილია:

„ეს არის ცალსახად ბორდერიზაციის პროცესი, ეს არის უკანონო და საფრთხის შემცველი ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისათვის“.

საუბარი შეეხო სოფელ ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარე ტყეში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გააქტიურებასაც. ტყის მასივში ხეებია უკვე საღებავით მონიშნული და არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთის მესაზღვრეები იქ ბორდერიზაციის ახალ ეტაპს დაიწყებენ.

დე ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს ახალგორის მიმართულებით ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის გახსნას. კოჩიევის თქმით, ვიდრე საქართველოში „ღორის გრიპი“ იქნება, ეს გზა არ გაიხსნება, დაბაში კი დარჩნენ სტუდენტები, რომლებიც თბილისში ჩასვლასა და სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე დგას.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ 92-ე შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG