Accessibility links

ერგნეთში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა


ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, გალისა და ერგნეთის შეხვედრები ჩაშლილია. შეხვედრის დაწყებამდევე ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე თანხმობას აცხადებს შეწყვეტილი შეხვედრები ნოემბერში აღდგეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ქართული მხარე ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე მზადაა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. ანთაძის თქმით, ოსური და აფხაზური მხარეების ულტიმატუმი არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას საკითხების დღის წესრიგიდან ამოღებაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს მიდგომა მიუღებელია.

Direct link

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები აინტერესებთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები შეხვედრის მონაწილეებს შექმნილი ვითარების შესახებ ესაუბრნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ ჩაშლილი შეხვედრების გამო ზარალდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მთლიანად პროცესი, რომელიც ყოფითი პრობლემებისა და უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლადაა შექმნილი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში შეკრებილ საზოგადოებას აცნობეს, რომ სახელმწიფო განაგრძობს გამყოფ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას და წელს კვლავ გაგრძელდება 200-ლარიანი ენერგოვაუჩერების გაცემაც, ოღონდ ეს პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება.

გასულ შაბათ-კვირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, აქედან ორი უკვე თავისუფალია. ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის მესაზღვრეების მიერ დაკავებული ბერმონაზონი და მორჩილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე საათში ჯარიმის გადაუხდელად გაათავისუფლეს. რაც შეეხება სოფელ ოკამის მცხოვრებლებს, გიორგი შამანაურსა და იასონ შუკაკიძეს, მათი გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები გრძელდება. შამანაური და შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში 20 ოქტომბერს დააკავეს.

ერგნეთში გამართული შეხვედრის დროს ითქვა, რომ აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და იმ მოქალაქეების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ვინც ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა. ერგნეთის მცხოვრებ ლია ჩლაჩიძის აზრით, დაზარალებულთა დასახმარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში გარკვეული თანხა უნდა ჩაიდოს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში შეკრებილ საზოგადოებას აცნობეს, რომ სახელმწიფო განაგრძობს გამყოფ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას და წელს კვლავ გაგრძელდება 200-ლარიანი ენერგოვაუჩერების გაცემაც, ოღონდ ეს პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG