Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ-ერთმა მოძალადემ დაზარალებულის დის გაუპატიურებაც სცადა - რას ჰყვება 8 წლის ბავშვის ნათესავი


მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულების სახლს პოლიცია 2 დღის განმავლობაში იცავდა, შენობაში შეღწევა და ცეცხლის გაჩენა მათ მაინც შეძლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულების სახლს პოლიცია 2 დღის განმავლობაში იცავდა, შენობაში შეღწევა და ცეცხლის გაჩენა მათ მაინც შეძლეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგოს მამიდა ამბობს, რომ ერთ-ერთმა მოძალადემ, 36 წლის მამაკაცმა, დაახლოებით ერთი თვის წინ, დაზარალებული ბავშვის 12 წლის დის გაუპატიურებაც სცადა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ვარაუდობს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც კიდევ ერთ დაზარალებულზე, 9 წლის ბავშვზეა საუბარი, სხვა შემთხვევაა:

„პროკურატურის განცხადებაში წერია 9 წლის ბავშვი და ჩემი ძმისშვილი არის 12-ის. ეს 12 წლის ბავშვი ასეთ რამეს ამბობს, რომ იყო უბრალოდ მცდელობა... ეს ბავშვი ამბობს, რომ ფაქტი იყო მაისში. ასე იხსენებს, რომ მოძალადე ბიჭის დედამ "ელასტიკი" მაჩუქაო და როცა ოთახში ვიზომებდიო, ეს ბიჭი შემოვიდაო და ლოგინზე დამაგდოო, მაგრამ ამას ფეხი გავარტყი და გამოვიქეციო. სახლში მანამდე არც ამ ბავშვს მოუყოლია რამე“, - ჰყვება მოზარდის მამიდა.

მამიდის თქმით, 65 წლის მამაკაცის მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა 22 ივნისს შეიტყო - ბავშვმა დედას უთხრა, რომ მასზე წინა დღეს იძალადეს. დედამ და მამიდამ ბავშვისგან გაიგეს ისიც, რომ მეზობელი მამა-შვილი მასზე, სავარაუდოდ, 2 წლის განმავლობაში ძალადობდა. ოჯახმა მეორე დილითვე პოლიციას მიმართა.

8 წლის გოგოს სამედიცინო ექსპერტიზა პოლიციაში მისვლის დღესვე, 23 ივნისს ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნას ოჯახი არ გაცნობია. პოლიციამ ოჯახის ყველა წევრი დაჰკითხა. ბავშვის დაკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგიც.

„ფაქტი შევიტყვეთ მხოლოდ 22 ივნისს. ბავშვს ბანდა დედა და ჰქონდა ტკივილები, სტკიოდა სასქესო ორგანო. დედამ ჰკითხა რატომ სტკიოდა, ბავშვმა უპასუხა, მეშინია, თორემ რაღაცას გეტყოდიო. ჩაძიების შემდეგ დედას ყურში ჩასჩურჩულა, რომ ეს კაცი უზრდელობებს მიკეთებსო. ამის შემდეგ უკვე ჩავეკითხეთ და ბავშვმა დაიწყო მოყოლა. უკვე შემდეგ თქვა, რომ იმავეს უკეთებდა ამ კაცის 36 წლის შვილი. სისტემატურად, სხვადასხვა დროს 2 წლის განმავლობაში. ბავშვი ამბობს, რომ თავიდან, როცა ეს მოხდა, დადიოდა ბაღში...

ამბობს, რომ პირველად მოხდაო სახლში [მოძალადის სახლში], სადაც შეათრია შვილმა [36 წლის მამაკაცმა]. როგორც ბავშვი იხსენებს, ამ მოძალადის მამამ, რომელიც იწვა თავის ოთახში, ნახა ეს - შვილი რასაც აკეთებდა. დაელოდა, ამას იტყოდა თუ არა სახლში, ბავშვმა რომ არაფერი თქვა... რადგან შვილმა დააშინა დანით, თუ იტყვი, მოგკლავო... მამა დაელოდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ბავშვმა რომ არაფერი თქვა, შემდეგ მანაც დაიწყო ძალადობა. თავიდან შვილი იყო მოძალადე... ეს ხდებოდა ყველგან - ხან საძროხეში, ტუალეტში, ტყეში, ბუჩქებში, ოთახში, სადაც ბავშვს დაიჭერდნენ, ყველგან ძალადობდნენ“.

მამა-შვილი დაზარალებულის ოჯახის გვერდით სახლში ცხოვრობდნენ. 36 წლის მამაკაცს ცოლი და 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელთანაც ერთად 8 წლის გოგო ხშირად თამაშობდა:

„ეს ბავშვი [დაზარალებული] არის ძალიან თბილი. აფრქვევს სიყვარულს, ძაან მხიარულია, ძალიან მოსიყვარულე და ამ ხასიათით გადაჰქონდა ეს ყველაფერი, თორემ ბავშვი რომ დასტრესილი ყოფილიყო, იმ სახლში მეორე დღეს სათამაშოდ არაფრით არ მივიდოდა. სათამაშოდ მიდიოდა, რადგან ის დღე ავიწყდებოდა. იმ მოძალადე ბიჭის შვილი ამ გოგოს თანაკლასელი იყო, ერთ მერხთან ისხდნენ და მასთან თამაშობდა“.

მამიდა ჰყვება, რომ ბავშვს 2 წლის განმავლობაში რაიმე ცვლილებას ვერ ამჩნევდნენ - ის ჩვეულებრივ იქცეოდა. დედამ მხოლოდ მომხდარის შემდეგ გაიხსენა, რომ 8 წლის გოგოს რამდენჯერმე ჰქონდა ღამე შფოთვა.

„ბავშვთან ფსიქოლოგები ახლაც მუშაობენ, სახლში აკითხავენ. ბავშვი თავს კარგად გრძნობს იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებს რა მოხდა“.

ოჯახის წევრების დაკითხვის შემდეგ პოლიციამ 65 წლის მამაკაცი და მისი 36 წლის შვილი დააკავა და ბრალი წაუყენა.

ბრალდებულების ოჯახის წევრებმა - 65 წლის მამაკაცის ცოლმა და რძალმა, 4 შვილთან ერთად ადგილობრივების მოთხოვნით სოფელი დატოვეს. მათი სახლი კი დამწვარია. ცეცხლი შურისძიების მიზნით დღეს გააჩინეს თანასოფლელებმა. მიუხედავად იმისა, რომ სახლს პოლიცია 2 დღის განმავლობაში იცავდა, შენობაში შეღწევა და ცეცხლის გაჩენა მათ მაინც შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სახლის გადაწვის ფაქტზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.

65 წლის მამაკაცი რამდენიმე წლის წინ დაკავებული იყო რძლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, მაშინ ოჯახის რძალი ირწმუნებოდა, რომ მან სექსუალურადაც იძალადა, თუმცა ჩვენება მამაკაცის ნათესავების ჩარევის შემდეგ შეცვალა, - იხსენებს 8 წლის ბავშვის მამიდა.

XS
SM
MD
LG