Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექნება საქართველოს ციფრული ლარი?


შექმნის საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრულ ლარს?
შექმნის საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრულ ლარს?

ეროვნული ციფრული ვალუტა ჯერჯერობით მხოლოდ ისევ იდეაა, რომლის რეალურად შექმნასა და განვითარებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან უკვე მუშაობს.

ამ სტატიიდან გაიგებთ, ვინ ქმნის ციფრულ ლარს, როგორ იმუშავებს იგი, როდის და რაში შეიძლება ციფრული ლარი გამოიყენონ მოქალაქეებმა და სახელმწიფომ.

რა არის ციფრული ლარი და რით განსხვავდება ის სხვა კრიპტოვალუტისაგან?

ციფრული ლარი, როცა ის შეიქმნება, ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა გახდება. ის კრიპტოვალუტის მსგავსი იქნება, თუმცა მთავარი განსხვავება ისაა, რომ ციფრულ ლარს ექსკლუზიურად შექმნის და გააკონტროლებს ცენტრალური ბანკი, მაშინ როცა ბაზარს კრიპტოვალუტებს კერძო ბიზნესი აწვდის.

ანუ ეროვნული ბანკი ისევე „გამოუშვებს“ ციფრულ ლარს, როგორც ახლა ბანკნოტებსა და მონეტებს ბეჭდავს.

ეროვნულ ციფრულ ვალუტას (CBDC) საერთაშორისო სავალუტო ფონდი განმარტავს, როგორც სუვერენული ვალუტის ციფრულ ფორმას, რომელსაც ქვეყნების ცენტრალური ბანკები უშვებენ.

ციფრული ლარის განვითარებაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ამერიკული კომპანია Ripple-ი იმუშავებს. ეს კომპანია, საერთაშორისო გადარიცხვებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიით უზრუნველყოფს. ციფრული ლარიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დაეფუძნება.

ციფრული ლარი როცა შემოვა, ნაღდი ფული აღარ იარსებებს?

ოდესმე შესაძლებელია, მაგრამ არა ახლო მომავალში.

„ჩვენ ციფრულ ვალუტას ვქმნით როგორც ახალ საგადასახადო ინფრასტრუქტურას, არსებულ საგადახადო არხებთან თანაარსებობის პირობებში”, - ამბობს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით დუდაშვილი.

ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე გვეუბნება, რომ ციფრული ლარის მიზანი ფიზიკური ფულის ჩანაცვლება ვერ იქნება - ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. იმავეს ფიქრობენ ეროვნულ ბანკშიც და ციფრული ლარის არსებობა ნაღდ და ელექტრონულ ფულთან [მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხა] ერთად წარმოუდგენიათ.

მაინც რაში შევძლებ ციფრული ლარის გამოყენებას?

წესით, ბოლო ეტაპზე ყველა სახის გადარიცხვა უნდა შეძლოთ, ყოველ შემთხვევაში ასეთი მიზანი აქვს ეროვნულ ბანკს.

თუმცა, Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ფიქრობს, რომ ციფრული ლარის გამოშვების შემთხვევაში, მას პირველ რიგში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას გამოიყენებენ.

„მოველით, რომ ციფრული ლარი თავდაპირველად აქტუალური იქნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით, რომელიც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს მინიმუმამდე დაიყვანონ პოტენციური რისკები ტრანზაქციის პროცესში (ტრანზაქციები განხორციელდება, როგორც კი მხარეები ხელს მოაწერენ დოკუმენტებს)”, - ამბობს ის.

საბანკო ანგარიშზე არსებული ფულის მსგავსად, ციფრული ლარის ნაღდ ფულად ქცევაც შესაძლებელი იქნება. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ციფრულ ლარში გადარიცხვები მყისიერად მოხდება.

იქნება თუ არა ტრანზაქციები ციფრულ ლარში უფასო, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე სებ-ში ფიქრობენ, რომ მოსახლეობისთვის გადახდა უფასო უნდა იყოს.

“კითხვა [იქნება თუ არა ფასიანი გადახდა] ჩნდება სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში. რა იქნება მათთვის საკომისიო, ეგ დასადგენია, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ გადასახადი დღევანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყოს”, - ამბობს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მოქალაქეები ციფრული ლარით გადახდას თუ მათ ინტერნეტზე წვდომა არ ექნებათ; ან იყიდიან თუ არა ციფრული ლარით უცხოურ ვალუტას.

ციფრული ლარი ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს?

ჯერჯერობით, კონკრეტულად რა გავლენას იქონიებს ციფრული ლარი ეკონომიკაზე, ძნელი შესაფასებელია.

“ციფრული ლარი ცენტრალიზებული მართვის მქონე ვალუტა იქნება, რადგან ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილი აქვს, რომ მინიმუმ ფულის მასა აკონტროლოს, ხოლო მაქსიმუმ რა ზედამხედველობა ექნება, ეს ჯერ არ ვიცით. მეორე მხრივ, გვაქვს მდგომარეობა, რომ თუ ლარის ემისიის შემდეგ უამრავ კომპანიასთან, მათ შორის ბანკებთან, ურთიერთობაა საჭირო, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ის, რომ ერთ ცენტრალიზებულ პირთან მოგვიწიოს ურთიერთობა. ეს შესაძლოა ეროვნული ბანკი იყოს, თუმცა ამ ეტაპზე არ ვიცით ვინ იქნება”, - ამბობს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

მისივე თქმით, ციფრულ ლართან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი საკითხი უცნობია. მათ შორის - რა მიმართულებას გაამარტივებს და ჩაანაცვლებს ის ნაღდ ფულს, ან თუ ჩაანაცვლებს, რა სფეროში იქნება ყველაზე ეფექტიანი. ამის მიუხედავად, არსებობს მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა გადარიცხვებისა და ანგარიშების მართვის სისტემას გაამარტივებს.

“ჯერ უნდა აირჩეს, რა სისტემა დაინერგება, ასევე მართვის ნაწილი როგორ ექნება ეროვნულ ბანკს რეგულირებული და სახელმწიფოს მხრიდან რამდენად ცენტრალიზებულად მოხდება ციფრული ლარის მართვა. უამრავი კითხვაა. თავად ციფრული ლარი ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია და კარგია, რომ ამ მიმართულებით მზად ვიყოთ, მაგრამ როგორც იცით, ჯერ მუშაობის პროცეში ვართ”, - აცხადებს ძნელაძე.

ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ციფრული ლარის გამოყენება გაიზრდება, რადგან ამ სისტემის მთავარი უპირატესობა ტექნოლოგიური განვითარებაა.

“დიდი ალბათობით, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა იქნება და აღარ იარსებებს ბანკთაშორისი ხარჯები, რაც დღეს გვაქვს. ასევე გადარიცხვის პროცესიც გაცილებით სწრაფი გახდება”, - აცხადებს ის.

ეროვნულ ბანკს ასევე აქვს მოლოდინი, რომ ნაღდ ფულთან შედარებით ციფრული ლარის გამოშვება ნაკლებად ხარჯიანი იქნება.

“ნაღდი ფულის გამოშვება დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. დროს მოითხოვს მასალის შესყიდვის პროცესი, ხოლო ხარჯიანია მისი დამზადება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია. თუმცა ნაღდ ფულს საკუთარი რაციონალი აქვს და ციფრული ლარის მიზანი მისი ჩანაცვლება არ არის. ზოგადად, მიიჩნევა, რომ ციფრული ლარის ემისიის ხარჯები გაცილებით ნაკლებია, ეს მართლაც თუ ასეა, დავადგენთ საპილოტე რეჯიმის დროს”, - ამბობს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.

ცენტრალური ბანკის უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ამბობდა, რომ, მათი მოლოდინით, ნაღდ ფულთან შედარებით, ციფრულ ლარს მონეტარულ პოლიტიკაზე უკეთესი გადაცემის მექანიზმი უნდა ჰქონდეს. მონეტარული პოლიტიკის ცვლილების ასახვას, ანუ იმ საპროცენტო განაკვეთის, რომელსაც ცენტრალური ბანკი აწესებს კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე, გარკვეული დრო სჭირდება. როცა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ქვეყანაში სესხები ძვირდება, ეს იწვევს მასზე მოთხოვნის შემცირებას, რაც საბოლოოდ ერთობლივ მოთხოვნას ამცირებს. ეს უკვე იწვევს ინფლაციის შემცირებას, თუმცა ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო, რამდენიმე თვე სჭირდება.

“ციფრული ლარის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს პირდაპირ ფულის მასაზე ზემოქმედება შეეძლება, თუმცა რა მექანიზმით მოახერხებს ამას, ეს სებ-მა თავად უნდა განსაზღვროს. მნიშვნელოვანია ის, რომ კომერციული ბანკების გავლით აღარ იქნება ეს პროცესი, რადგან სებ-ს პირდაპირი კონტროლი შეეძლება ფულის მასაზე და ექნება საშუალება, ზემოქმედება იქონიოს ისე, რომ ეკონომიკაზე მყისიერად აისახოს. მყისიერად როცა ვამბობ, მასში 1-2 დღეს არ ვგულისხმობ, საუბარია მაგალითად 2 თვეზე”, - აცხადებს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაზე ციფრული ლარის გავლენას დამატებითი კვლევა სჭირდება.

არსებობს ციფრული დოლარი ან ციფრული ევრო?

ჯერ არა.

ამ ეტაპზე ციფრულ ვალუტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სტატუსი აქვთ: ზოგან განვითარების ფაზაშია, ზოგან კვლევის ეტაპზე ან საპილოტე რეჟიმში. ციფრული ფულის გამოშვება სულ რამდენიმე სახელმწიფომ, მაგალითად, კარიბის ქვეყნებმა და ნიგერიამ დაიწყეს.

ციფრული ვალუტის შექმნაზე ასზე მეტი ქვეყანა მუშაობს, მათ შორისაა ევროპის ცენტრალური ბანკიც. ციფრული ევრო ციფრული საფულის მსგავსი მოდელით ევროზონაში იმუშავებს. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის Atlantic Council-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ეკონომიკებში კი ციფრული დოლარის პროექტი განვითარების ფაზაზე, ხოლო ციფრული იუანის ტესტირება საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.

ბოლო-ბოლო, როდის გამოუშვებს ეროვნული ბანკი ციფრულ ლარს?

ეს ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე მისი შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.

“როცა საპილოტე პროექტი დასრულდება, მერე გადაწყდება, იქნება თუ არა ციფრული ლარი საერთოდ წარდგენილი. ექსპერიმენტი თუ გვაჩვენებს, რომ ლარის საპილოტე პროგრამა წარუმატებელი იყო, მერე შეიძლება არც გავაგრძელოთ ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობა”, - გვეუბნება ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მისი თქმით, საპილოტე რეჟიმი სულ მცირე ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG