Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემიზმში დადანაშაულებული რუსი სტუდენტი: "სახელმწიფოს თვალში დიდი ხანია აღარ ვართ ადამიანები"


ეგორ ჟუკოვი. კადრი ანდრეი ლოშაკის დოკუმენტური ფილმიდან "წმინდა ომი"
ეგორ ჟუკოვი. კადრი ანდრეი ლოშაკის დოკუმენტური ფილმიდან "წმინდა ომი"

მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტს, 21 წლის ვლოგერს, ეგორ ჟუკოვს, რუსეთის პროკურატურა ექსტრემიზმში ადანაშაულებს და მისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

პროკურორ მოროზოვის მთავარი მტკიცებულება, ისევე, როგორც ჟუკოვის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის საფუძველი, არის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც FSB-ს ოფიცრის, ალექსანდრ კორშიკოვის ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნით, შეიცავს „მოწოდებას ძალაუფლების ხელში ჩაგდების, თვითდაწვის, გადასახადებისგან თავის არიდების, აჯანყებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობის შეფერხებისკენ“.

მოსკოვში ხუთშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე, კიდევ ერთმა პროკურორმა, ისხაკოვმა, განაცხადა, რომ ვინაიდან ჟუკოვის ვიდეო საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, „ექსტრემიზმისკენ“ მოწოდებებიც საჯარო, შესაბამისად, დანაშაულებრივი გახლდათ.

ჟუკოვის ადვოკატებს მოსამართლე სვეტლანა უხნალევამ უარი უთხრა ალტერნატიული ლინგვისტური ექსპერტიზის ჩატარებაზე და გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. თუმცა მანამდე ეგორ ჟუკოვის საბოლოო სიტყვა მოისმინა:

„მსურს ვისაუბრო ჩემი საქმიანობის მოტივებზე“, - თქვა სტუდენტმა და დარბაზში დამსწრეებს გაახსენა, რომ რუსეთის სახელმწიფოს თავი პატრიოტული გრძნობების, ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის დამცველად მოაქვს. ამ ფასეულობებს შორისაა, პიროვნული პასუხისმგებლობისა და სიყვარულის იდეა, რომელიც, ჟუკოვის თქმით, „ნდობას, თანაგრძნობას, ჰუმანიზმს, ურთიერთდახმარებასა და ზრუნვას“ ეყრდნობა.

„აი, იმისთვის, ჩემი საქმიანობის მოტივი რომ გაიგოთ, საკმარისია დავაკვირდეთ დღევანდელ რუსულ სახელმწიფოს, რომელიც ამაყად წარმოაჩენს თავს ქრისტიანობის და, შესაბამისად, ამ ფასეულობების დამცველად და დავინახოთ, სინამდვილეში რას იცავს ის“ <...>

ქვეყანაში არსებული ვითარება ანგრევს ნებისმიერ შესაძლებლობას ადამიანის კეთილდღეობისთვის. ყველაზე უზრუნველყოფილი რუსების 10%-მა საკუთარ ხელში ჩაიგდო ქვეყნის სიმდიდრის 90%. მათ შორის, რა თქმა უნდა, საკმაოდ ღირსეული მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი მოპოვებულია არა ხალხისთვის სარგებლის მომტანი კეთილსინდისიერი შრომით, არამედ ბანალური კორუფციის შედეგად.

ჩვენი საზოგადოება ორ დონეზეა გაყოფილი ბარიერით, რომლის გადალახვა შეუძლებელია; მთელი ფული ზემოთ არის კონცენტრირებული და იქიდან არავინ დააბრუნებს. ქვემოთ კი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, მხოლოდ სასოწარკვეთაა დარჩენილი.

სრულად აქვთ რა გააზრებული, რომ საშველი არსაიდანაა, რაც უნდა ეცადონ, ვერ შეძლებენ, საკუთარ თავს ან ოჯახს ბედნიერება მოუტანონ, რუს კაცებს მთელი რისხვა ან ცოლზე გადააქვთ, ან ალკოჰოლში იხრჩობენ თავს... ან თავს იხრჩობენ“.

ჟუკოვის თქმით, სახელმწიფო შეგნებულად ყოფს, ანაწევრებს ხალხს: „სახელმწიფო პირდაპირ გვეუბნება: ბიჭებო, წადით, შეძვერით თქვენს სოროებში, ერთმანეთთან არაფერი გესაქმებათ; ორზე მეტი ქუჩაში შეიკრიბებით - დაგიჭერთ მიტინგის ჩატარების გამო; ერთად რომ იმუშაოთ სოციალურად სასარგებლო დღის წესრიგით, არ შეიძლება! უცხოეთის აგენტის სტატუსს მოგაკერებთ.

საიდან უნდა წარმოიშვას ასეთ გარემოში ნდობა ან სიყვარული? არა რომანტიკული, არამედ ადამიანებს შორის ჰუმანური სიყვარული?

ერთადერთი სოციალური პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო თანმიმდევრულად ატარებს, არის განცალკევების, გათითოკაცების პოლიტიკა. ასე სახელმწიფო ერთმანეთის თვალში ადამიანურობას გვაკარგვინებს, რადგან მის თვალში დიდი ხანია, აღარ ვართ ადამიანები.

სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნათ მისი მხრიდან ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულება ხალხის მიმართ?

დამოკიდებულება, რომელსაც ყოველდღე გვახსენებს ხელჯოხებით ცემით, კოლონიებში წამებით, აივ-ეპიდემიის უგულებელყოფით, სკოლებისა და საავადმყოფოების დახურვით და ა.შ...

„ერთადერთი ტრადიციული ინსტიტუტი, რომელსაც ნამდვილად პატივს სცემს და აძლიერებს ამჟამინდელი რუსეთის სახელმწიფო, არის „სამოდერჟავიე“ (ავტოკრატია), რომელიც ყველას დაუნგრევს ცხოვრებას, ვისაც გულწრფელად სურს სიკეთე საკუთარი სამშობლოსთვის, ვისაც შეუძლია სიყვარული და პასუხისმგებლობის აღება“.

ეგორ ჟუკოვი ამბობს, რომ მას არ შეეძლო და არც მოუწოდებია ძალადობისკენ:

„ალბათ, ახლა ჩემი მოტივები უკვე ნათელია. მე ნამდვილად მსურს, ჩემს მოქალაქეებში ეს ორი თვისება დავინახო: პასუხისმგებლობა და სიყვარული. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ახლობლებზე, მთელ ქვეყანაზე. სიყვარული სუსტისადმი, მეზობლისადმი“...

ჟუკოვმა ბოლო სიტყვა ასე დაასრულა:

„თუ დღეს სასამართლო გადაწყვეტს, რომ ამ სიტყვებს ახლა ნამდვილად წარმოთქვამს საშიში ბოროტმოქმედი, ჩემი ცხოვრების შემდეგი წლები სავსე იქნება შეზღუდვებითა და გაჭირვებით.

მაგრამ ვუყურებ იმ ბიჭებს, რომლებთანაც „მოსკოვის საქმემ“ დამაკავშირა - კოსტია კოტოვს, სამარიდინ რაჯაბოვს და მათ სახეებზე ღიმილს ვხედავ. წინასწარი დაკავების საკანში ჩვენი ხანმოკლე შეხვედრებისას ლიოშა მინიალოს და დანია კონონს ერთი წამითაც არ დაუჩივლიათ ცხოვრებაზე. მე ვეცდები, მათ მაგალითს მივყვე. შევეცდები, მიხაროდეს, რომ შესაძლებლობა მომეცა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ფასეულობების დაცვის გამო აღმოვჩენილიყავი განსაცდელში.

და ბოლოს, თქვენო აღმატებულებავ, რაც უფრო საშინელია ჩემი მომავალი, უფრო ფართოა ღიმილი, რომლითაც შევცქერი მას“, - ჟუკოვის ამ სიტყვებს დარბაზი ტაშით შეხვდა.

სასამართლომ განაჩენი პარასკევს დილით უნდა გამოაცხადოს.

  • 21 წლის სტუდენტი, იგორ ჟუკოვი, YouTube-ის ბლოგში, რის გამოც ექსტრემიზმისკენ მოწოდება ედება ბრალად, საუბრობს გასულ ზაფხულს მოსკოვში გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე. გამოძიების თანახმად, „რუსეთის ფედერაციაში არსებული კონსტიტუციური წყობის, სახელმწიფო ძალაუფლების სისტემისა და მისი წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკური სიძულვილითა და მტრული დამოკიდებულებით, მოქმედებდა რა პირადი სიძულვილის მოტივით და ესმოდა, რომ საზოგადოებრივ საფრთხეს წარმოადგენდა“, ჟუკოვმა​ ვიდეომიმართვით „გადაწყვიტა ხალხის შეუზღუდავი წრის ჩართვა ექსტრემისტულ საქმიანობაში“.
  • ჟუკოვის წინააღმდეგ ბრალდება ემყარება FSB-ს კრიმინალისტიკური ინსტიტუტის თანამშრომლის, ალექსანდრ კორშიკოვის ექსპერტიზას. კერძოდ, მან დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები ფრაზაში: „უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი სახის პროტესტი“ და „გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, და არ დაელოდოთ ვინმეს მოწოდებებს“. ექსპერტი ირწმუნება, რომ ამ ფრაზებში ძალადობისკენ მოწოდებაა.
  • იგორ ჟუკოვი დანაშაულს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით დევნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG