Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის შეგნებული პროტესტი ცხინვალის ციხის პატიმრებისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად


ვაჟა გაფრინდაშვილი, შოთა ბიძინაშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი, შოთა ბიძინაშვილი

„მოვიკითხე ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი. მას ორი თვე უკვე შეუფარდეს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის. მან თქვა, რომ წინასწარ განზრახვით გააკეთა ეს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. მან სწორედ ეს დაწერა განმარტებაში. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა, მას არავინ ეხება. როგორც გავარკვიეთ, კარგი და ცნობილი ექიმია, მაგრამ არ გვესმის, რას მიძვრებოდა პოლიტიკაში. მას, ალბათ, 2-3 კვირაში გამოუშვებენ, უფრო ადრე არ მგონია“, - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცხინვალში ბიბილოვის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპეტენტურმა წყარომ მიაწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის შეგნებული პროტესტი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:44 0:00
გადმოწერა

ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ გაფრინდაშვილმა ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად შეგნებულად გადადგა და სურვილი აქვს, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში პატიმრებისადმი მოპყრობა შეცვალოს.

ბიძინაშვილმა ცხინვალის იზოლატორში 9 დღე გაატარა. იგი ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შელაპარაკებისა და ჩხუბის შემდეგ დააკავეს. ბიძინაშვილი მათ უმტკიცებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ თავში კონდახი მოხვდა. ცხინვალის იზოლატორში ის თავის არეში დაზიანებებით მიიყვანეს. მისთვის არც ექიმი მიუყვანიათ და არც წამალი მიუციათ. 9 ნოემბერს მასთან საკანში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიყვანეს, რომელმაც ბიძინაშვილს თავზე სველი ნაჭრები დაადო და ბადრაგს ეუბნებოდა, რომ 21-ე საუკუნეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაუშვებელია.

ბიძინაშვილი საკანში თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამით აციებდა და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მას საკუთარ ქურთუკს აფარებდა. თანასაკნელი პაციენტისთვის ცხელ ჩაის ითხოვდა, მაგრამ ამასაც არ აწვდიდნენ. ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს - წიწიბურა და მცირეოდენი პური. სხვა ექიმი თვალით არ უნახავთ. ბიძინაშვილის გადმოცემით, ვაჟა ექიმი სულ ამბობდა, რომ საპატიმროში „წითელი ჯვარი“ მუდმივად უნდა შედიოდეს და იზოლატორში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. პატიმრების საკანი ნესტიან სარდაფში იყო. ბიძინიშვილი დარწმუნებულია, რომ ექიმს მალე გაათავისუფლებენ.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება. ამის შესახებ 17 ნოემბერს განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდება რამდენიმე დღეში. ახლა ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს თავის ოჯახს - ქალბატონ თამილას, თავის ქალიშვილებს, რომლებიც მე გუშინ მოვინახულე. იგი დაუბრუნდება თავის პროფესიულ საქმიანობას, რომელსაც ასრულებს ყოველთვის მაღალკვალიფიციურად. მკურნალობდა როგორც ოს, ისე აფხაზ პაციენტებს. მას აქვს ჰიპოკრატეს ფიცი დადებული. დარწმუნებული ვარ ადამიანური ღირსებისა და მოქალაქეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, რომ ძალიან მალე შეძლებს ამ საქმიანობის გაგრძელებას“.

ციხელაშვილის ინფორმაციით, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს ცხინვალის ციხესა და იზოლატორში შესვლისას პრობლემები ექმნებათ.

ხვალ, 19 ნოემბერს, ცხინვალში ჩადიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ექიმის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, გორში აქცია გამართეს კლინიკა „გორმედის“ თანამშრომლებმა. კლინიკის ტრავმატოლოგის, დავით ღვინიაშვილის თქმით, დღეს სამედიცინო საზოგადოება ერთიანია და კოლეგის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„სამედიცინო საზოგადოება მისი დაკავების დღიდანვე იყო სოლიდარული. ეს იყო დიდი აღშფოთება და პროტესტი. ექიმი ყოველთვის ექიმია. არ არსებობს ომის და მშვიდობის პერიოდი. საოკუპაციო რეჟიმის მიმართ ვაჟა გაფრინდაშვილის ჟესტი არის ქართველობის და გაუტეხლობის სიმბოლო და მას დიდი მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა სოლიდარობის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტრავმატოლოგმა დავით ღვინიაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ისინი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. 9-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილთან საკანში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მხოლოდ დღეს შეუშვეს. მას გადასცემენ მედიკამენტებს, პირველადი მოხმარების საგნებს და მეუღლის მიერ დაწერილ წერილს. ვაჟა გაფრინდაშვილი ციხიდან თავადაც გამოგზავნის წერილს - ეს ინფორმაცია 18 ნოემბრის საღამოს ცხინვალელმა წყარომ მიაწოდა რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG