Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასაძის 10 „კომბალი“, რომელიც „თავში მოგვხვდა“


ვერის პარკში შეკრებილმა „ნამდვილმა მამაკაცებმა“, რომლებიც 18-23 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდს აპროტესტებენ, ბიზნესმენ ლევან ვასაძისგან, რომელიც პარკში თეთრი ტრადიციული სამოსითა და ხის ჯვრით გამოცხადდა, რამდენიმე ძირითადი გზავნილი მოისმინეს.

მოისმინეს, ტაში დაუკრეს, შეძახილები მიაყოლეს - „ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე“ და მერე, უკვე შებინდებულზე, იმ რაზმეულებში გაწევრიანება დაიწყეს, რომლებმაც ლევან ვასაძის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში თბილისში ლგბტქი ადამიანები და მათი მხარდამჭერები უნდა აღმოაჩინონ და ქამრებით გაკოჭილები „მიაბრძანონ“ იმ ადგილებიდან, სადაც ისინი შეკრებას გადაწყვეტენ. ოღონდ „მშვიდობიანად, ძალადობის გარეშეო“, - ესეც დააყოლა ლევან ვასაძემ, რომელსაც მისი იდეების გამზიარებელნი რაინდად მოიხსენიებენ.

არ მოერიდა ლევან ვასაძე არც დიპლომატიური კორპუსის აუგად მოხსენიებას და ქამრებით გაკოჭვის მუქარას. „კომბლების რევოლუციით“ დაემუქრა ის სამართალდამცავებსაც.

1. „რაც ჩვენ თავისუფლება გვეგონა, ის არ ყოფილა“ - რას მისტირის ვასაძე?

„ჩვენ ვებრძოდით საძულველ მარქსისტულ გალიას და გვინდოდა თავისუფლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის, რაც ჩვენ თავისუფლება გვეგონა, ყოფილა ისეთივე მავნებელი, ან შეიძლება კიდევ უფრო მავნებელიც, ვიდრე ის, რასაც ჩენ ვებრძოდით მაშინ. ჩვენი ოჯახები ინგრევა. ყოველ წელს, საქართველოში ჩვენი ქალები საკუთარ საშოში დანით კლავენ 40-დან 80 ათასამდე ბავშვს აბორტის სახით. ამ წლების განმავლობაში ყოველი მესამე მამაკაცი გახდა ნარკომანი. ის, რისი ჩატარებაც უნდათ აქ, არის გვირგვინი, არის ფინალი, ბოლო ლურსმანი ეროვნული სულის და სხეულის კუბოში... არავითარი კავშირი თავისუფლებასა და ამ უზნეობის დაძალებას შორის, არ არსებობს. ჩვენ კი არა ვართ მოძალადეები, ჩვენ ვართ ძალადობის მსხვერპლი და ახლა ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რომელსაც ისინი არ ელოდებოდნენ“.

2. როგორი დასავლეთი უყვარს და როგორი არ უყვარს ლევან ვასაძეს?

„ჩვენ არ გვინდა დასავლეთთან დაპირისპირება, ჩვენ გვინდა მათთან მეგობრობა და ძმაკაცობა. მე მიყვარს ამერიკელი ხალხი, მე ვსწავლობდი იქ, პატივს ვცემ მათ კულტურას და მიყვარს ევროპა, მაგრამ როგორი? ისეთი, რომელიც არ მოდის და არ მაძალებს მე აქ იმას, რაც არ არის ჩვენთვის მისაღები“.

3„მე მინდა რუსეთთან ძმაკაცობაც“ - ოკუპირებულ ტერიტორიებს ამოფარებული ზრახვები

„მე მაბრალებენ, რომ ჩვენ ვართ თურმე კრემლის აგენტები, ამაზე მეტი ცინიზმი, მე ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს. მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც, იმ პირობით, რომ ისინი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებენ“.

4. „ტუტუცი ელჩი“ - თავდასხმა დიპლომატიურ კორპუსზე

„რაც შეეხება უცხოელების მონაწილეობას ამ ყველაფერში. ხმები ვრცელდება, რომ თვითმფრინავებით ჩამოჰყავთ მამათმავლები და არის ვაი-უშველებელი... ჩვენ მახვილით არავის დავხვდებით, მაგრამ ის უცხოელი, ის ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა და რომელიც გამოდის ქუჩაში და გვასწავლის ჭკუას და ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას და უშრობს სისხლს, ის აღარ არის ელჩი. ის არის უზრდელი, პროვოკატორი, რომელიც ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა, შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ საელჩოში ისე, რომ თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს თავიდან“.

5. „ძვირფასო პრეზიდენტო, ტრამპ...დაგვეხმარეთ ამერიკის საელჩოდან ამერიკული ჭაობის ნაწილის გატანაში“...

„ძვირფასო პრეზიდენტო, დონალდ ტრამპ. ჩვენ მოგმართავთ საქართველოს გულიდან, მისი დედაქალაქიდან, თბილისიდან, მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი ქრისტიანული ქვეყნიდან. აქ შევიკრიბეთ მოქალაქეები, რათა გავაპროტესტოთ და შევეწინააღმდეგოთ მიუღებელ ფსევდომორალურ ღირებულებებს. არავინ კლავს, არავინ ახდენს ზეწოლას, არავინ სცემს ხალხს მისი სექსუალური დეზორიენტაციის გამო. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სათნოებისა და ცოდვის ძლიერი აღქმა... როდესაც თქვენ პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდით, ამერიკის მოსახლეობას დაჰპირდით, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამერიკის დიდების დაბრუნება და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგან თავშეკავება იქნებოდა. თქვენი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დანაპირები ძალაში რჩება... დაგვეხმარეთ თბილისში ამერიკის საელჩოდან ამერიკული ჭაობის ნაწილის გატანაში, ბატონო ტრამპ. დაგვეხმარეთ, დავაბათ აშშ-ის საელჩოში თქვენი წინამორბედების დროს ჩაბუდებული გლობალისტები“...

6. ქამრებით „ნადირობა“ - უკანონო ფორმირებები ლგბტქი ადამიანების დასასჯელად

„ჩვენ მოვახდენთ სახალხო რაზმების თვითორგანიზებას. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული. ჩვენ გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ასეულები ასისთავებით და ათასეული და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი. ყველას ვისაც უნდა, რომ იგინოს, იფურთხოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან. მისი ადგილი აქ არ არის. შექმნილი რაზმები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად წყნარად. არავითარი იარაღი სხვა რამ, ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ქამრები. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. დიდი დიდი, ძალიან თუ გაგაბრაზებენ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ ეგ. დღეს და ხვალ ჩვენ დავიწყებთ ჩაწერას მოხალისეებში, მე ჩავეწერები რიგითად, რადგან არ მაქვს ის გამოცდილება, რაც აქვთ აქ შეკრებილ სამხედროებს. მივაბრძანოთ ეს ადამიანები იმ ადგილებიდან, სადაც ისინი შეეცდებიან, რომ შეიკრიბონ და დროშები გამოფინონ და დემონსტრაციები მოაწყონ. შენობაში იქნებიან? საკონფერენციო დარბაზში? ჩვენ ამას ყველაფერს შევიტყობთ“.

7. „არაფერი შეგეშალოთ“ - მუქარა პოლიციელებს

„მინდა მივმართო ჩვენს პოლიციელებს. ის, რაც თქვენ ქენით კანცელარიასთან, 14 ივნისს, აღარ გამოგივათ. არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ. სტაცებთ ხელს, ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება. არ ეყოფა ასეული? ათასეული გამოესარჩლება. თუ რაღაც სასწაული მოხდა და ამ ჩვენს ლომივით მეომრებს, მორაგბეებს, მოჭიდავეებს მაინც გამოსტაცეთ ხელიდან ერთი ჩვენიანი, თქვენ თავს დააბრალეთ. სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც წაიყვანთ, იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს. მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები. არაფერი შეგეშალოთ, ძმებო და კორდონის გარღვევისას, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენიანებს, ამ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პასუხს. თუკი პოლიციელები დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას, ჩვენ თან გვექნება კომბლები“.

8. მორაგბეებსა და მოჭიდავეებს ამოფარებული ძალადობა

„აქ დამსწრე საზოგადოებაში არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი ჩვენი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. ეს ის მორაგბეები და მოჭიდავეები არიან, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ვერავინ ვერ აჩერებს, როცა მათ უნდათ რაიმე კორდონის გარღვევა“.

9. მკვდარი „იქითა მხარეს“ - ვასაძის ალიბი

„ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ, რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქითა მხარეს. ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და დაგვაბრალონ ეს ჩვენ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის ჩვენი მტერი, საქართველოს მტერი და მასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“.

10. „მორჩით ღალატს“ - მიმართვა ჟურნალისტებს

ახლა მე ვიცი, რომ ჩამქოლავენ ჟურნალისტები, მაგინებენ, გამაგიჟებენ, რაც არ უნდა ვუთხრა, მაინც ვერ გაიგებენ. ის ტყუილი, რომელშიც ზოგიერთი თქვენთაგანი ცხოვრობს, ჩვენ ძალიან გულს გვტკენს. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ გავალებენ ამას, ხელფასები გაქვთ, კრედიტები გაქვთ აღებული, მაგრამ იცოდეთ, რომ ძალიან გგულშემატკივრობთ ამ მდგომარეობაში ჩავარდნილებს და ღმერთს ვთხოვთ, რომ გამოგიყვანონ ამ საშინელი სამუშაოდან და ძალიან მინდა, რომ მორჩეთ იმ საქმეს და იმ ღალატს, რომელსაც ქართული ჟურნალისტიკა და განსაკუთრებით ქართული ტელე-ჟურნალისტიკა ჰქვია და რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები. ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის.

შსს-ს პასუხი ვასაძის კომბლებითა და ქამრებით „ნადირობას“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, გაწევრიანებას, მონაწილეობას, ან უკანონო ფორმირების სასარგებლოდ საქმიანობას.

უკანონო ფორმირების შექმნა, ან ხელმძღვანელობა ისჯება 6-დან 12 წლამდე, ხოლო გაწევრიანება, ან მონაწილეობა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ მისი ფუნქციაა და შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

შსს-ს განცხადებითვე, ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG