Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაშინგტონ პოსტის“ გამოძიება: ცხინვალი, როგორც კრემლის ოფშორი


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარჯვნივ) და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა მოსკოვში. 2017 წ. 14 ნოემბერი.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარჯვნივ) და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა მოსკოვში. 2017 წ. 14 ნოემბერი.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფინანსური მაქინაციების შესახებ, რისი მეშვეობითაც მოსკოვი თავს არიდებს დასავლეთის მკაცრ სანქციებს.

2018 წლის პირველ ნახევარში 150 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რასაც „ვაშინგტონ პოსტი“ ოკუპირებული ცხინვალის საგადასახადო სამსახურის მონაცემებით ადასტურებს.

„ვაშინგტონ პოსტის“ გამოძიებამ გამოააშკარავა იმპროვიზებული საბანკო სისტემა, რომელიც რუსეთმა ცხინვალში შექმნა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების დასაფინანსებლად. სისტემა იმ სანქციების გვერდის ასავლელად არის შექმნილი, რომლებიც ევროკავშირმა და აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა დაუწესეს რუსეთს სეპარატისტულ ტერიტორიებთან ბიზნესის პირდაპირი წარმოებისთვის. აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტები თანხას რიცხავენ ცხინვალის რეგიონში, საიდანაც ამ თანხის გადამისამართება ხდება რუსეთში, იქიდან კი პროდუქტები, საწვავი, სამშენებლო მასალები პირდაპირ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებს მიეწოდება. თანხა მოძრაობს მოსკოვიდან ცხინვალის გავლით აღმოსავლეთ უკრაინისკენაც.

ამ სქემის მეშვეობით მხოლოდ 2018 წლის პირველ ნახევარში 150 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვა მოხდა, რასაც „ვაშინგტონ პოსტი“ ოკუპირებული ცხინვალის საგადასახადო სამსახურის მონაცემებით ადასტურებს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ფინანსური ნაკადები აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მიემართება ცხინვალიდან, სტალინის ქუჩიდან. აქ არის განთავსებული 3 წლის წინ დაარსებული „საერთაშორისო გადარიცხვების ბანკის“ ოფისი, რომლის მეშვეობით ცხინვალში რეგისტრირებულმა 146-მა შპს-მ შეუწყო ხელი ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ ჯგუფებთან რუსეთის ვაჭრობას.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ფინანსური ნაკადები აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მიემართება ცხინვალიდან.

საფინანსო გადარიცხვების სქემა მოქმედებს 2015 წლიდან, როდესაც გაიხსნა თითქმის იმავე სახელწოდების ბანკი მოსკოვშიც, რომელსაც საბჭოთა სუკ-ის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) უმაღლესი სკოლის 1981 წლის კურსდამთავრებული ვიაჩესლავ მაზურინი ხელმძღვანელობს.

„ვაშინგტონ პოსტს“ დონეცკსა და ლუგანსკში ინტერვიუებზე უარი უთხრეს. ინტერვიუზე უარი განაცხადეს კრემლში სეპარატისტული ტერიტორიების კურატორის, ვლადისლავ სურკოვის ოფისშიც. „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტმა სურკოვზე შეკითხვა დაუსვა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს. კითხვის დასმისას ბიბილოვის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. ტელეფონს არ ჰქონდა ნომრის ასაკრეფი და როგორც აღმოჩნდა, პირდაპირი ხაზი იყო კრემლთან. ზარის ხმაზე ბიბილოვმა ინტერვიუ შუა წინადადებაზე შეწყვიტა და ყურმილი აიღო: სურკოვი რეკავს, უთხრა მან კორესპონდენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG