Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში მცხოვრები ქართველები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას აკრიტიკებენ


ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის ერთი ნაწილი უკმაყოფილებას ვერ მალავს ვენაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან შეხვედრის გამო. სოციალურ ქსელში შეხვედრის რამდენიმე მონაწილე დეტალებს ასაჯაროებს და წერს, რომ მათ „თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს“.

შეხვედრა ავსტრიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან
შეხვედრა ავსტრიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან

ერთ-ერთი, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, არის ავსტრიაში მცხოვრები ნანა ცქვიტარია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას „უცნაური“ უწოდებს: ის წერს, თავიდან კობახიძე საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა, თუმცა, შეხვედრის ატმოსფერო მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოსამართლეების - მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის საკითხზე საუბარი დაიწყო.

„ერთ-ერთი ემიგრანტის კითხვაზე, რატომ არ ჰკითხა ხელისუფლებამ აზრი მოსახლეობას, როცა პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა გააუქმა, ბატონმა კობახიძემ პირდაპირ უპასუხა, რომ „ხალხს ელემენტარული განათლება არა აქვს და მისი (ხალხის) აზრით მანიპულირება ძალიან იოლია“. და მაგალითად მოიყვანა სოციოლოგიური გამოკითხვა (სავარაუდოდ, ბიგვავას გაკეთებული), სადაც გამოკითხულთა 75%-მა სპეციალურად დასმულ შეკითხვას აბსურდული პასუხი გასცა. ანუ, ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო. ზუსტად ასე გვითხრა“, - წერს ნანა ცქვიტარია.

პოსტის ავტორი ავსტრიაში საქართველოს საელჩოს და ელჩს დავით დონდუასაც მიმართავს და ამბობს, რომ შეხვედრის დროს მათ არაერთხელ დააყვედრეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დატვირთული დღის შემდეგ მათთან შეხვედრაზე მივიდა და რომ შეკითხვებით არ უნდა შეეწუხებინათ:

„თქვენი ამ შენიშვნების გამო მეც და იმ მყოფმა ბევრმა ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით, - წერს ნანა ცხვიტარია - ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, დიახაც, უნდა შემხვდეს და უპასუხოს ჩემს შეკითხვებს, 7 წელიწადში ერთხელ კი არა, უფრო ხშირად და ინტენსიურად. მე ის ავირჩიე, მე ვარ ხალხის ნაწილი, მე მისი ხელისუფლებაში ყოფნის წყარო ვარ და იგი ანგარიშვალდებულია ჩემს წინაშე. წერტილი“.

საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრით უკმაყოფილოა შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ანდრე ლარსონი. ისიც წერს, რომ შეხვედრაზე მისული აუდიტორიის 90% ამ შეხვედრაზე სამსახურებიდან მივიდა და ისინიც არანაკლებ დაღლილები იყვნენ, ვიდრე დელეგაციის წევრები. ლარსონი ირაკლი კობახიძეს ასევე აკრიტიკებს მოსამართლეების მიმართ დამოკიდებულებისა და რეფერენდუმის საკითხზე მისი პოზიციის გამო:

„ამჟამინდელი მოსამართლეები შეადარა ფაშისტური გერმანიის მარცხის შემდეგ ქვეყანაში დარჩენილ ფაშისტებს. მოგვიყვა ისტორია , ფაშისტური რეჟიმი რომ შეიცვალა, ფაშისტები როგორი კარგები გახდნენ... რეფერენდუმზე საუბრისას ბრძანა, ეგ ფრიად სახიფათო რამეა, ხალხს არ აქვს საკმარისი ცოდნა და მარტივად ტყუვდებიან, ამიტომ რეფერენდუმი ქართველების საქმე არააო“, - წერს ლარსონი.

თავად ირაკლი კობახიძის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე ვკითხულობთ: „ავსტრიაში ვიზიტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დავასრულეთ, რომლებთანაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ“.

რადიო თავისუფლებამ ამ შეხვედრის დეტალებზე რამდენიმე შეკითხვა დაუსვა დელეგაციის წევრს, რატი იონათამიშვილს, რომელიც ესწრებოდა ვენაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრას.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე იაქტიურა დაახლოებით ხუთმა ადამიანმა, რომლებმაც მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის კითხვები დასვეს. დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს კი მხოლოდ ერთი კითხვა დაეთმო. ამიტომ უშუალოდ დიასპორის პრობლემებზე საუბარი შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაგრძელდაო.

რაც შეეხება რეფერენდუმის საკითხს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე, რატი იონათამიშვილმა გვიპასუხა, რომ „მსგავსი საკითხები არ გამოდის რეფერენდუმზე, მით უმეტეს თუ საპარლამენტო სახელმწიფოს ვაშენებთ“.“

„მაგალითისთვის ირაკლიმ მოიყვანა ერთ-ერთი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 80 %-მა თქვა რომ პრემიერიც ხალხმა უნდა აირჩიოსო, რაც საკონსტიტუციო სამართალს ეწინააღმდეგებაო. ამას დაეთანხმა ოპოზიციის დეპუტატიც, რომელმაც „ბრექსიტი“ მოიშველია, სადაც მოსახლეობის ზეგავლენაზე უფრო პოპულარული არგუმენტები ჭარბობდა, ვიდრე კომპეტენტური და დღეს ბრიტანელების განწყობა მკვეთრად შეცვლილია... ჩვენთვის ეს არ იყო არც პოლიტიკური, არც პარტიული და არც საარჩევნო შეხვედრა, მაგრამ როცა ხდებოდა ერთი და ჰყვები მეორეს, უბრალოდ საწყენია და რასაც ემსახურება, იმ მიზნისთვის არ ღირს ეს ყველაფერი“, - გვითხრა რატი იონათამიშვილმა.

25-26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მეთაურობით სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდა, სადაც ის ავსტრიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG