მევენახეები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციებით ბიუროკრატიაც რთულდება და მცირე მეწარმეებიც იჩაგრებიან.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ყოველწლიურად 500 ჰექტრამდე ახალი ვენახი იქმნება, თანხმობის მიღება კი წლიურად ასიოდე ადამიანს მოუწევს.
„ღვინის ხარისხის რეფორმა მიმართულია საქართველოს ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების განვითარებას. რეფორმის მიზანია ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება ხარისხიანი ყურძნისგან. ამის მისაღწევად კი საქართველოს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ვენახი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს“, - ასე დაუსაბუთა ჟურნალისტებს რეგულაციების აუცილებლობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ.
თუმცა მევენახეები ფიქრობენ, რომ ეს ცვლილებები სწორედ მცირე ბიზნესს დააზიანებს.
„წარმოებას გაუძვირებს მცირე მევენახეებს. ვაზის ნერგის მოძიებაც გართულდება, რადგან სახელმწიფო მოითხოვს, რომ მხოლოდ რეგისტრირებული სანერგეებისგან იყოს ნერგი. საოჯახო სანერგეები გაჩერდება. ვისაც თვითონ გამოჰყავდა ნერგი, მასაც შეეშლება ხელი“, - ამბობს ენოლოგი გიორგი სამანიშვილი. ის ფიქრობს, რომ ბევრი ამ ბიუროკრატიას უბრალოდ თავს აარიდებს და ვენახს არაოფიციალურად გააშენებს.
ასოციაცია „ღვინის ოსტატების“ დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კერძო მეწარმის საქმეში არ უნდა ერეოდეს.
„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვართ, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტოს, კერძო პირმა რა აკეთოს სახლში?!" - კითხულობს ანდრო ბარნოვი, – "საქართველო სხვანაირი ქვეყანაა, აქ ვენახები ინდუსტრიულად არ გაშენებულა. მართლაც მეღვინეობის ქვეყანაა, კორპუსების წინაც კი ვაზია ჩაყრილი. გვაქვს უამრავი საკუთარი ჯიში და უამრავი ტერუარი (მიკროკლიმატი, რომელიც ღვინის ხარისხსა და გემოზე მოქმედებს - რ.თ). ეს რეგულაციები კლავს ამ ყველაფერს“.
ბარნოვს მიაჩნია, რომ საქართველოში, როგორც ღვინის ქვეყანაში, სწორედ ტერუარები და განსაკუთრებული ჯიშები უნდა იყოს მრავლად. ამისთვის კი მცირე მევენახეები და მცირე მეღვინეებია საჭირო.
საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ღვინო სულ ათიოდე ჯიშისაგან ისხმებოდა. იშვიათი ჯიშების აღდგენა და გამოყვანა მევენახეებმა დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწყეს.
„და წარმოიდგინეთ, ამ მევენახეს ეუბნები, თუ არ შემითანხმე, ღვინოს ვერ გაყიდიო. თან ეს საბუთომანია, რომელიც ყველა გლეხისთვის კატასტროფაა - უნდა ჩავიდეს ქალაქში, დაბრუნდეს... მე შენ გეტყვი, ონლაინ აქვთ რამე. ეს არის ზედმეტი რაღაც, რაც არავის სჭირდება. თან ფულს გახარჯვინებენ, - ამბობს ანდრო ბარნოვი - კიდევ ერთი პრობლემა, გეუბნებიან, რომ ნერგი უნდა შეიძინო სერტიფიცირებულ სანერგეში. ეს ნიშნავს, რომ ვერ იშოვი იმ იშვიათ ჯიშს, რომელიც შენ გინდა დარგო. ისინი გავრცელებულ ჯიშებზე მუშაობენ. როდესაც რამე იშვიათი უნდა მევენახეს, მიდის მეზობელთან, ვისაც ის ნერგი აქვს ან თავად გამოჰყავს. საბჭოთა კავშირის დროს წარმოებაში სულ ცხრა ჯიში იყო, 525-დან მხოლოდ ცხრა. ახლა თითქმის ასამდეა ასული“.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №2-145 განსაზღვრავს, რომ სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად მევენახემ "ღვინის ეროვნულ სააგენტოში" განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
- მიწის ნაკვეთის საკუთრების/მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო რუკა;
- ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც დაადასტურებს, რომ მიწისქვეშ წყალი მაქსიმუმ 1 მეტრის სიღრმეშია. ასევე საჭიროა სხვა მონაცემებიც: ნიადაგის სიღრმე; ნიადაგის ხსნარის რეაქცია (pH); ორგანული ნივთიერებები; კალციუმის კარბონატი (CaCO3); მექანიკური შემადგენლობა; ხსნადი მარილების საერთო შემცველობა (EC); გაცვლითი კათიონები (Ca, Mg, Na); ჰიგროსკოპული წყალი.
- აგროტექნიკური კითხვარის შევსებული ფორმა;
- კვალიფიციური სანერგიდან ნერგების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- თუ სამეწარმეო ვენახის მხოლოდ განახლებაა საჭირო, თანხმობის მისაღებად ნიადაგის ანალიზი საჭირო აღარ არის, მაგრამ ნერგი ამ შემთხვევაშიც სერტიფიცირებული სანერგიდან უნდა იყოს;
- როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს, მას "ღვინის ეროვნული სააგენტოს" თანხმობა არ სჭირდება.
ფორუმი