Accessibility links

ვენეციის კინოფესტივალი სტალინის დაკრძალვით დასრულდა


ჟურნალისტების წინასწარმეტყველება არ გამართლდა. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, გაითვალისწინა პროფესიონალი კინოკრიტიკოსების შეფასებები და შაბათ საღამოს ვენეციის „მოსტრას“ გამარჯვებულებად დაასახელა სწორედ ის ფილმები, რომლებსაც კრიტიკოსები საუკეთესოებად მიიჩნევდნენ. დიდ ფესტივალებზე შეგვაჩვიეს უკვე: კინოკრიტიკოსების ნაქები ფილმები ჟიურის, როგორც წესი, ნაკლებად მოსწონს. მერე ფესტივალები სრულდება და იწყება ჟიურის წევრებზე ქილიკი, იმის მტკიცება, რომ „ა“ კლასის კინოფესტივალებზე - ბერლინში, კანსა და ვენეციაში - ჟიურის გადაწყვეტილებას პოლიტიკური და „საბაზრო“ კონიუნქტურა განსაზღვრავს.

იმის შესაძლებლობა, რომ ლუკრეცია მარტელი მხარს დაუჭერდა არა ფილმებს, რომლებსაც კინოკრიტიკოსები „მოსტრას“ ფავორიტებად ასახელებდნენ, არამედ, მაგალითად, საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ სუსტ ან, უბრალოდ, ცუდ კინოს, გადაღებულს ლათინურ ამერიკაში, ასევე ევროპულ „არტჰაუზს“, ძალიან მაღალი იყო. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა: „ოქროს ლომით“ აღინიშნა კომიქსის ახალი კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია, ტოდ ფილიპსის ფილმი „ჯოკერი“ - ამერიკული „ოსკარის“ რეალური კანდიდატი, თანაც, „წლის საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაზე („ჯოკერმა“ რომ „ოსკარი“ მოიპოვოს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე ოფიციალურად გადაიქცევა „ოსკარის რეპეტიციად“. გაგახსენებთ, რომ წინა წლებში ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმებად მიიჩნია სწორედ ვენეციის კინოფორუმის გამარჯვებულები - „წყლის ფორმა“ და „რომა“). „ჯოკერი“, თავისი ემოციური, უფრო მეტიც, აგრესიული „კინოატრაქციონებით“ ძალადობის დაბადებისა და გავრცელების თემაზე, პრინციპულად განსხვავდება იმ კინოსგან, რომელსაც ლუკრეცია მარტელი ქმნის. მაგრამ ვენეციის ფესტივალის ჟიურის, როგორც ჩანს, გაუჭირდა წინააღმდეგობა გაეწია პროფესიონალებისა და უბრალო მაყურებლისთვის, რომელმაც 10-წუთიანი ოვაციები მოუწყო „ჯოკერის“ ავტორებს სეანსის დასრულების შემდეგ (კანისგან განსხვავებით, ვენეციაში ყველას შეუძლია იყიდოს ბილეთი და დაესწროს საკონკურსო პროგრამაში ჩართული ფილმების პრემიერებს). ასევე მოულოდნელი იყო „ვერცხლის ლომით“ რომან პოლანსკის ახალი ფილმის აღნიშვნა. ლუკრეცია მარტელმა, ფაქტობრივად, ფილმის ნახვამდე გამოხატა თავისი პოზიცია პოლანსკის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ გადააბიჯა კრიტიკოსთა შეფასებას - რომან პოლანსკის ფილმი „მე ბრალს ვდებ“ იმდენად კარგია, რომ სურათის იგნორირების შემთხვევაში ჟიურის აუცილებლად მოუწევდა ახსნა, რა მიზეზით დაიწუნა ერთ-ერთი საუკეთესო (ჩემი აზრით კი, უბრალოდ, საუკეთესო) ფილმი. ასევე ნამდვილად სასიხარულოა „ლომი“ იტალიელი მსახიობის, ლუკა მარინელისთვის (იტალიურ საკონკურსო ფილმში „მარტინ იდენი“ მან მთავარი როლი შეასრულა). მესმის, რომ ხოაკინ ფენიქსი მართლაც ძალიან ეფექტურად ძერწავს თავისი სუპერგმირის სახეს „ჯოკერში“, მაგრამ ის თვითირონია, ის ნიუანსებზე თამაში, რომლითაც ვენეციაში ყველა მოხიბლა ლუკა მარინელიმ, ნამდვილად აკლია. იგივე შეიძლება ითქვას შვედ როი ანდერსონზე, რომელიც მარტელის ჟიურიმ საუკეთესო რეჟისორად ცნო. თუკი ნიუანსების შეგრძნებასა და განსხვავებულ ფორმას ვაფასებთ, ანდერსონს ბადალი არ ჰყავდა ვენეციის საკონკურსო პროგრამაში. მისი ფილმი „უსასრულობის შესახებ“ დიდი ხელოვნებაა, ერთგვარი დაბრუნება ძმები ლიუმიერების ეპოქაში, როცა კინოს ენა მხოლოდ და მხოლოდ იბადებოდა, როცა ახალ ხელოვნებას ჯერ კიდევ არ ზღუდავდა წესები და კანონები.

წარსულში დაბრუნებაზე უნდა ითქვას ერთი-ორი სიტყვა. ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ძალიან ცოტა იყო ფილმი, რომლის მოქმედება ჩვენს დღეებში ხდება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კინემატოგრაფისტებს ეშინიათ თანამედროვეობის, არ იციან როგორ განაზოგადონ ყოველდღიურობა. ნიშანდობლივია, ამ მხრივ, ფესტივალის პროგრამა „ჰორიზონტებში“ წარმოდგენილი ქართული ფილმის, „ბოროტმოქმედისა“, და უკრაინულ ფილმ „ატლანტიდის“ ესთეტიკა („ატლანტიდამ“ გაიმარჯვა „ჰორიზონტების“ კონკურსში). ორივე სურათის ავტორი ცდილობს „გაგვიყვანოს“ რეალობის მიღმა სამყაროში, თუმცა სანამ გავალთ, ეს რეალობა ხომ უნდა დავინახოთ? ორივე სურათს, ჩემი აზრით, სწორედ კონკრეტულობა, ხელშესახებობა აკლია (ტელევიზორის ჩართვა და საინფორმაციო პროგრამის „მოშველიება“ რეალურობის ილუზიის შესაქმნელად, ვფიქრობ, არაა უკვე საკმარისი). „მეტაფიზიკური ფაქტურა“ თუ „არქაიკა“ კინოში ზემოქმედებას ვერ ახდენს - ნაძალადევად და ნაწვალებად აღიქმება, როცა კონკრეტული არ გიზიდავს, არ გიჩენს დაკვირვების, ჩაღრმავების სურვილს, თუნდაც ისე, როგორც ეს ვენეციის კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის, კონკურსგარეშე წარმოდგენილი „სახელმწიფო დასაფლავების“, აღქმის პროცესში ხდება.

სერგეი ლოზნიცამ ნამდვილად შედევრი გადაიღო. უფრო სწორად, სხვისი გადაღებული მასალა „აკინძა“ და ასე გამოიკვლია სენი, რომელსაც რაოდენ გამაღიზიანებელიც უნდა იყოს ეს ფრაზა, რატომაც არა... „უმრავლესობის ავადმყოფობა“ შეგვიძლია ვუწოდოთ. დიახ, ის, რაც 1953 წლის მარტში მოხდა საბჭოთა კავშირში, როცა სტალინთან გამოსამშვიდობებლად (სტალინის ცხედრის სანახავად) მილიონობით ადამიანი ჩავიდა მოსკოვში, ხოლო ის, ვინც ვერ ჩავიდა, სამგლოვიარო რიტუალის მონაწილე გახდა სტალინის ძეგლებთან საბჭოთა კავშირის დიდ და პატარა ქალაქებში, დღეს აღიქმება როგორც ნეკროფილია, როგორც მომავლის შიში, როგორც ცხოვრების საყრდენის დაკარგვა, როგორც მილიონობით მოტყუებული ადამიანის ობლად დატოვება. მაგრამ მთავარი აქ ის გადამდები განწყობაა, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ სიმრავლეს. რაც გინდა ის უწოდეთ - თუ გნებავთ ”ხალხი”, თუ გნებავთ ”ბრბო”, არა აქვს მნიშვნელობა. ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ ადამიანებს, რომლებსაც ბელადი მართლა უკვდავი ეგონათ, რომლებიც დასტირიან არა მხოლოდ ”ყველა მშრომელის მამას”, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ მომავალს. მათ მოკლეს ღმერთი და შეიქმნეს კერპი, რომელიც მოუკვდათ. როგორღა უნდა იცხოვრონ ახლა უმამოდ? უკერპოდ? უიდეალოდ?

სერგეი ლოზნიცას კონკრეტულის, ხელით შესახების გამოხატვის პრობლემა არ ჰქონია: ”სახელმწიფო დასაფლავება” მთლიანად იმ კადრებითაა აწყობილი, რომლებიც საბჭოთა ოპერატორებმა გადაიღეს ფილმისთვის ”დიადი დამშვიდობება” (ერთი ვერსიით, ფილმის ავტორი მიხეილ ჭიაურელია). მაგრამ ამდენი მასალა იმ ფილმში არ შევიდა, ხოლო მაყურებელმა ისიც ვერ ნახა, რაც შევიდა - ფილმი ეკრანებზე არ გამოსულა (საბჭოთა კავშირში სიტუაცია შეიცვალა. მაგალითად, დახვრიტეს ბერია, რომელიც ხშირად ჩანს სტალინის დაკრძალვის კადრებში). 80-იანი წლების მიწურულს ”დიადი დამშვიდობება” რუსეთის რომელიღაც ტელეარხზე უჩვენეს. აღმოჩნდა, რომ ფილმის ავტორებმა არა მარტო გადაღებული მასალა შეამოკლეს, არამედ შეამცირეს თავად კადრების ხანგრძლივობაც, დააქუცმაცეს გამოსახულება და ააწყვეს - არც მეტი, არც ნაკლები - ჩაიკოვსკის მეექვსე (”პათეტიკური”) სიმფონიის რიტმის მიხედვით. ლოზნიცამ ამ მასალას ხანგრძლივობა დაუბრუნა. უფრო მეტიც, მან არ თქვა უარი ჩაერთო ფილმში სხვადასხვა ოპერატორის მიერ გადაღებული ერთი და იგივე მიზანსცენა (როგორც ჩანს, დაკრძალვის ცერემონიალს ოპერატორები ხშირად ერთი წერტილიდან იღებდნენ), როგორც შავ-თეთრი, ასევე ფერადი კადრები. ცხადია, ასეთი ფილმის აღქმა ადვილი არ არის. თუკი კინოს მარტო იმიტომ უყურებთ, რომ ამბავი გაინტერესებთ ან პერსონაჟები, ”სახელმწიფო დასაფლავებაზე” მოგწყინდებათ, მაგრამ თუკი ფილმის მსვლელობის დროს ეკრანის ”დათვალიერება” გიყვართ, კონკრეტულ (!) სახეში ჩაღრმავება, ჩაცქერება, ეკრანს ვერ მოსწყდებით. მე პირადად დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, მაგალითად, როგორი ფეხსაცმელი ეცვა ლავრენტი ბერიას, როგორ ათვალიერებდა ახალგაზრდა ჩაუშესკუ სამგლოვიარო რიტუალში მონაწილეებს, როგორ ცდილობდა თაიგულის შეკვრას სუსლოვი, როგორ აქტიურობდა სტალინის კუბოსთან ნიკიტა ხრუშჩოვი... ცხადია, მგლოვიარე ხალხის სახეებსაც ვაკვირდებოდი. ვინ იყო ეს ხალხი? როგორ ცხოვრობდა? რას ეტყოდა ოჯახის წევრებს, დასაფლავებიდან შინ როცა დაბრუნდებოდა? რას ჭამდა? როგორ ერთობოდა? სექსი როგორი ჰქონდა? ყველაფერი მაინტერესებდა.

მაგრამ ”სახელმწიფო დასაფლავება” საინტერესო ქრონიკად, კარგად აღდგენილ დოკუმენტად, ”კინოარქეოლოგიად” დარჩებოდა, რომ არა სერგეი ლოზნიცას, როგორც დრამატურგის, ნიჭი. მიუხედავად იმისა, რომ დაკრძალვის რიტუალი ძალიან გრძელია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მეორდება ერთი და იგივე რაკურსი და სცენა, რეჟისორი ახერხებს და აზოგადებს ამ ძალიან კონკრეტულ და ძალიან ”ნამდვილ” ისტორიას. სტალინის ცხედარი შეაქვთ მავზოლეუმში. კადრს გარეთ დიქტორი ჰყვება, რა ხდება იმ სივრცეში, სადაც უკვე ასვენია ვლადიმირ ლენინი. ისმის ”სამგლოვიარო საყვირის” ხმა. ისმის მთელ საბჭოთა კავშირში - კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე. აქამდე ლოზნიცა ჩაიკოვსკის, შოპენის, მოცარტის მუსიკასა და კომპარტიის ლიდერების, უბრალო მშრომელების გამოსამშვიდობებელ სიტყვებს გვასმენინებდა. ახლა გაისმა საყვირის ხმა და ეკრანი სიჩუმემ მოიცვა - რაღაცნაირმა, ავისმომასწავებელმა სიჩუმემ, რომელიც მიჰყვება ახლა უკვე შედარებით მოკლე კადრებს, გადაღებულს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. სწორედ ამ სიჩუმეში იბადება ფინალური მუსიკალური მოტივი, სიმღერა - მატვეი ბლანტერის ”იავნანა”, რომელსაც აქ მამაკაცი მღერის. მამა უმღერის გოლიათს (”ბოგატირს”), რომელიც ახლახან დაიბადა და რომელსაც მომავლის გზა სტალინმა უნდა უჩვენოს, იმ სტალინმა, რომელიც მოკვდა. ახლახან მოკვდა. ისევე როგორც ახლახან დაიბადა ღონიერი რუსი ჭაბუკი, რომელმაც რუსეთი სტალინის გზით უნდა წაიყვანოს.

ასეთი მხატვრული სახით დასრულდა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი. დაკრძალული სტალინით, ახლად დაბადებული რუსი გოლიათით და საშინელი ამინდით, ქარიშხლით, რომელმაც, ცოტა არ იყოს, შეგვაშინა კიდეც. არაა სასიამოვნო კუნძულზე ყოფნა ქარიშხალში. მით უმეტეს, როცა ცოტა ხნის წინ შენი ქვეყნის, შენი ხალხის ბნელით მოცული წარსული გაგახსენეს.

XS
SM
MD
LG