Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერეს ხეობაში მიწას განსაკუთრებული დაცვის ზონა მოუხსნეს - ვინ აშენებს და რას?


ასე გამოიყურება ტერიტორია, რომელიც მერიამ განსაკუთრებული დაცვის ზონიდან ამოიღო
ასე გამოიყურება ტერიტორია, რომელიც მერიამ განსაკუთრებული დაცვის ზონიდან ამოიღო

თბილისის საკრებულომ ვერეს ხეობაში 12 250 კვ.მ ფართობის ტერიტორია „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონიდან“ ამოიღო. მიწა სახელმწიფო საკუთრებაა, მისი შესყიდვა საინვესტიციო ვალდებულებით ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის კომპანიას შპს „კრწანისი როიალ რეზიდენსს” სურს.

რა გეგმა აქვს ბიზნესმენს და რაზე დაყრდნობით მიიღო საკრებულომ გადაწყვეტილება? - ვარკვევთ ამ სტატიაში

ტერიტორია, რომელზეც გიყვებით, ვაკეში ზურაბ ავალიშვილისა და ნინო რამიშვილის ქუჩების მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების უკანაა. ვერეს ხეობაში 12 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი მანქანების თვითნებურ ავტოსადგომად და სამშენებლო ნარჩენების „ნაგავსაყრელადაა” ქცეული, - მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების ბუმია.

ასე გამოიყურება ადგილი, რომელსაც განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს
ასე გამოიყურება ადგილი, რომელსაც განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს
ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებითაა დაბინძურებული
ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებითაა დაბინძურებული
მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსები შენდება
მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსები შენდება

მიწის ნაკვეთის სტატუსი

ტერიტორია ჯერჯერობით სახელწიფო საკუთრებაა, თუმცა ქონების მართვის სააგენტო საპრივატიზაციოდ ამზადებს. ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის სტატუსი აღმოჩნდა. ტერიტორია, პრეზიდენტის ბრძანებით, 2013 წლიდან განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონაშია მოქცეული. ასეთ ადგილებში მხოლოდ მწვანე განაშენიანებაა დასაშვები. მცენარეთა სახეობებსაც კი მთავრობა განსაზღვრავს. მიზანი თბილისში მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვაა.

განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა თბილისში
განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა თბილისში

23 ნოემბრისთვის ამ მიწის ნაკვეთზე არც გამწვანებაა და არც რაიმე სხვა ინფრასტრუქტურა. მოქალაქეებმა ადგილს ე.წ. პარკინგის ფუნქცია თავად მიანიჭეს.

მოქალაქეების მიერ მოწყობილი თვითნებური პარკინგი
მოქალაქეების მიერ მოწყობილი თვითნებური პარკინგი

მიწის ეს ნაკვეთი, სანამ სტატუსს შეუცვლიდნენ, სარეკრეაციო ზონა 2-ს ეკუთვნოდა. ამ სტატუსის მიწის ნაკვეთებზე მასშტაბური მშენებლობა აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ:

  • პარკი;
  • სპორტული მოედანი მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე;
  • მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონი, ფანჩატური, პერგოლა, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი და სხვა);
  • სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;
  • ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი;
  • საწყლოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);
  • საზოგადოებრივი ტუალეტი.

კერძო კომპანიის სამშენებლო გეგმები

კომპანია „კრწანისი როიალ რეზიდენტმა” ამ ადგილის ყიდვისა და მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელების სურვილი იქამდე გამოხატა, ვიდრე მიწის ნაკვეთს სამშენებლო შეზღუდვები მოეხსნებოდა. განცხადება ეკონომიკის სამინისტროში 2023 წლის 6 ნოემბერს შევიდა. მიმართვის ადრესატი სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება - ქონების მართვის სააგენტოა.

"კრწანისი როიალ რეზიდენსის" წერილი, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს გაუგზავნა
"კრწანისი როიალ რეზიდენსის" წერილი, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს გაუგზავნა

„კრწანისი როიალ რეზიდენსის” წარმომადგენელი ალექსანდრე ნამორაძე განცხადებაში წერს, რომ ადგილზე ჩოგბურთის კორტებს, პადელის მოედნებსა და შესაბამის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოაწყობს. ამისთვის კი 25 მილიონი ლარის ინვესტიციას გაიღებს. კომპანიას ტერიტორიის პირდაპირი წესით განკარგვა სურს.

რამდენიმე დღეში დაკმაყოფილებული მოთხოვნა

იმავე დღეს, ანუ 2023 წლის 6 ნოემბერს, ქონების მართვის სააგენტო თბილისის მერიაში წერილს აგზავნის და მოითხოვს მოეხსნას ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ამასთან, მერიას ეკითხება, შეძლებენ თუ არა მრავალფუქციური კომპლექსის მშენებლობას ადგილზე, რომელიც სარეკრეაციო ზონა 2-ში მდებარეობს.

ქონების მართვის სააგენტოს წერილი თბილისის მერიას
ქონების მართვის სააგენტოს წერილი თბილისის მერიას

თბილისის მერია ამ მიწის ნაკვეთს ვერეს ხეობაში მდებარე განსაკუთრებული რეგულირების ზონიდან იღებს და შეცვლილ პროექტს გარემოს დაცვის სააგენტოს დასამტკიცებლად, მეორე დღესვე, 2023 წლის 7 ნოემბერს უგზავნის.

გარემოს დაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, მერიას 2 დღეში - 9 ნოემბერს პასუხობს. მისი დასკვნა დადებითია. 17 ნოემბერს მერია გამოსცემს განკარგულებას და დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს უგზავნის. დედაქალაქის საკრებულომ 1,2 ჰექტარი ტერიტორიის განსაკუთრებული რეგულირებს ზონიდან ამოღებაზე 20-21 ნოემბერს იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი, რომელშიც მხარს უჭერს ვერეს ხეობაში განსაკუთრებული რეგულირების ზონის ცვლილებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი, რომელშიც მხარს უჭერს ვერეს ხეობაში განსაკუთრებული რეგულირების ზონის ცვლილებას

რა ვიცით “კრაწისი როიალ რეზიდენსსა” და მის დირექტორზე?

შპს „კრწანისი როიალ რეზიდენსი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც პრემიუმ კლასის ვილებსა და აპარტამენტებს აშენებს. კომპანიის დირექტორი ნოშრევან ნამორაძეა. „ქართული ოცნების” შემწირველი ბიზნესმენი. 2011 და 2022 წლებში მან ჯამში „ქართულ ოცნებას” 80 000 ლარი შესწირა. მისი სახელი 2014 წელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირის, დავით კოდუას ცემასა და მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. დანაშაულის ჩადენა მან თავად აღიარა, არაერთ მედიასაშუალებასთან; ამის შემდეგ ის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ნოშრევან ნამორაძე დეველოპერულ ბიზნესში 2010 წლიდან არის. მის სახელს თბილისში რამდენიმე სადავო მშენებლობება უკავშირდება. მათ შორისაა ჭავჭავაძის 49 ნომერში სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, 47-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი. ეს შენობა ჭავჭავაძეზე ყველაზე მაღალი იქნება. ამ შემთხვევაში მშენებლობას ნოშრევან ნამორაძის კიდევ ერთი კომპანია, შპს „ვი არ ვაკე თაუერსი” აწარმოებს.

დეველოპერს თბილისში მდებარე თაბორის მთის განაშენიანებაც სურს. ნამორაძის დაწერილი ამ შინაარსის ოფიციალური წერილი ეკონომიკის სამინისტროდან „ღია საზოგადოების ფონდმა” საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო. ორი მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია, რომელიც მერიამ ეკონომიკის სამინისტროს გასული წლის თებერვალში გადასცა, სატყეო ზონის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ლანდშაფტური ზონის სტატუსსაც ატარებს.

რა არ მოსწონს ოპოზიციას

საკრებულოს ოპოზიციაში სპორტული კომპლექსის განაშენიანებას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ეჭვობენ, რომ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს, სინამდვილეში, დეველოპერული ინტერესი ამოძრავებს.

„ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება ითაღლითო ისე, რომ ჩოგბურთის მოედანს ამოფარებულმა სამშენებლო ნებართვა მიიღო. იმის ნაცვლად, რომ ზონის მოთხოვნის შესაბამისად ვერეს ხეობას ვამწვანებდეთ, ამ ტერიტორიას განსაკუთრებული დაცვის ზონას შეგნებულად ვუხსნით და ვამარტივებთ კორპუსების მშენებლობამდე მისასვლელ გზას, რომლის ეზოშიც ნოშრევან ნამორაძე ჩოგბურთს ითამაშებს”, - თქვა საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა.

ტერიტორია, რომელზეც ნოშრევან ნამორაძეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სურს, ჩოგბურთის კორტების უკანაა
ტერიტორია, რომელზეც ნოშრევან ნამორაძეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სურს, ჩოგბურთის კორტების უკანაა

ანა დოლიძის პარტიის წევრმა ნინო წულაძემ იკითხა, „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნა ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაკანონებად ხომ არ უნდა გავიგოთო”.

ამ კითხვაზე პასუხად საკითხის წარმდგენი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ზონის მოხსნის გადაწყვეტილება სამართლებრივად და იურიდიულად გამართულია.

„წინააღმდეგი არ ვარო, რომ წერს გარემოს დაცვის სამინისტრო, მეტი რა უნდა ქნას? დედაზე ხომ არ დაიფიცებს? ნახეთ ადგილი, იქ არანაირი სარეკრეაციო ზონა არ არის, მოწესრიგდება და მოეწყობა ჩოგბურთის და პადელის მოედნები”, - ამბობს ლევან ჟორჟოლიანი.

წყალბურთის კლუბის “დინამო თბილისის" წერილი ქონების მართვის სააგენტოს (2022 წელი)
წყალბურთის კლუბის “დინამო თბილისის" წერილი ქონების მართვის სააგენტოს (2022 წელი)

ოპოზიციის ეჭვებს გასულ წელს იმავე ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ მიღებული საპირისპირო გადაწყვეტილება ამყარებს. 2022 წლის ოქტომბერში ვერეს ხეობაში მდებარე ამ მიწის ნაკვეთზე წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისს” ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი კომპლექსის მშენებლობა სურდა. განცხადებაში ეწერა, რომ კლუბი არასტანდარტული ზომის საცურაო აუზზე ვარჯიშობს. „დინამო თბილისის“ ინვესტიცია 5 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. საკრებულომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხომ არ გეგმავს კომპანია, მოითხოვოს სარეკრეაციო ზონის ცვლილებაც და ხომ არ აქვს ტერიტორიაზე დეველოპერული ინტერესი? - ამ კითხვაზე პასუხის მიღება ალექსანდრე ნამორაძისგან ვცადეთ, რომელიც „კრწანისი როიალ რეზიდენსს” წარმოადგენს. სწორედ მან მისწერა წერილი ქონების მართვის სააგენტოს. ალექსანდრე ნამორაძემ გვითხრა, რომ „ჩვენს კითხვებს არ უპასუხებს”. პოზიციის შეცვლისთანავე მისი პასუხი სტატიაში აისახება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG