ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის დროსაც ჩეჩნეთის ლიდერის მესამე ვაჟი, ადამ კადიროვი დაშავდა, საგზაო პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებენ. Telegram-არხ ВЧК-ОГПУ-სა და გამოცემა Rucriminal-ის ცნობით, პოლიციელმა კადიროვის ესკორტის მოძრაობისას ვერ უზრუნველყო მოძრაობის სრულად ჩაკეტვა.
16 იანვრის საღამოს, ჩეჩნეთის ოპოზიციურმა Telegram არხმა Niyso-მ და რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის საიტმა Kavkaz.Realii-მ, თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის ვაჟი, ადამი და მისი თანმხლები პირები, გროზნოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.
Kavikaz.Realii-ს წყაროს ცნობით, მწვანე Mercedes-Benz G-Class, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის 18 წლის ვაჟი მართავდა, მაღალი სიჩქარით შეეჯახა სხვა ავტომობილს, რის შემდეგაც ერთმანეთს მიყოლებით შეასკდნენ ესკორტში მყოფი ასევე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები.
ავარიის შედეგად დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სავარაუდოდ, დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი (მათ შორის ადამ კადიროვი) მძიმედ დაშავდა.
„დაახლოებით 20 ადამიანი ასევე გროზნოს საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადეს გროზნოს მცხოვრებლებმა Kavkaz.Realii-ს.
სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძიმედ დაშავდა UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი. თუმცა გამოცემა „ჩეჩნია სეგოდნია“ იტყობინება, რომ ჩიმაევს არაფერი მოსვლია და, რომ ის დუბაიში იმყოფება. მალევე თვითონ ჩიმაევმაც Instagram-ზე გამოაქვეყნა მისი და ადამ კადიროვის ფოტო, რომელსაც ჩეჩნურად დააწერა: "სანამ რწმენა გვექნება, ცუდი არაფერი დაგვემართება".
ჩიმაევის ავტოკატასტროფაში დაშავების ინფორმაცია უარყო ერთ-ერთმა ჩეჩნურმა ფეისბუკ-გვერდმა, რომლის მიხედვითაც, კადიროვთან ერთად ავტომობილში მართლა იმყოფებოდა ხამზატი, ოღონდ არა ჩიმაევი, არამედ კადიროვი - რამზან კადიროვის ძმის შვილი.
“საუბარია ხამზატ კადიროვზე, რამზანის ძმისშვილზე, რომლის დაბადების დღესაც აღნიშნავდნენ. და ვინც საქმის კურსშია, კარგად იცის: ხამზატი დიდი ხანია მოიხმარს აკრძალულ ნივთიერებებს. და შესაძლოა, იმ ღამეს სხვაც ბევრი იყო ასეთ მდგომარეობაში...
...აი, საიდან სიჩქარე; საიდან გზის, ადამიანების, წესების უგულებელყოფა; საიდან ავტოკატასტროფა. ყველა, ვინც კორტეჟში იყო, გადარჩა, მაგრამ ყველა არ არის „კარგად“. ადამ კადიროვს ელენთის გახეთქვისა და ნეკნების მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. და რა დაემართათ მათ, ვისაც შეეჯახნენ, უცნობია. ამას ახლა ფრთხილად მალავენ. მაგრამ საქმე სახელები და ჭორები არ არის. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ხმაურიანი წვეულება ბოლოს მთავრდება. როდესაც გგონია, რომ „ყველაფერი შეგიძლია“, რომ შენთვის „ყველაფერი ნებადართულია“ და, რომ პასუხი არაფერზე მოგეთხოვება. ალაჰი ყველაფერს ხედავს. ის მუდმივად არ დაუშვებს ამას არცერთი ადამიანისთვის, არცერთი გვარისთვის”.
არაერთი ჩეჩნური წყარო ადასტურებს, რომ 16 იანვარს ადამ კადიროვი და მისი გარემოცვა აღნიშნავდნენ ჩეჩნეთის ლიდერის ძმისშვილის, ხამზატ კადიროვის 29-ე დაბადების დღეს. ადამ კადიროვის მიერ მართული ავტომობილი, რომლის სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევდა, შეეჯახა გზაჯვარედინზე, მწვანე შუქნიშანზე მიმავალ ავტომობილს.
ავარიის სავარაუდო ადგილი და მიმდებარე ქუჩები ალყაში იყო მოქცეული, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად აისახა Google Maps-სა და Yandex.Maps-შიც. ასევე გადაკეტილი იყო მოძრაობა გროზნოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, როგორც ჩეჩნეთის ოპოზიციური Telegram არხი Niyso იტყობინება, ავარიის შედეგად დაშავებულები გადაიყვანეს.
გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ ცნობით, 17 იანვარს გამთენიისას გროზნოდან გაფრინდა Ан-148-100ЕМ ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იყენებს „მფრინავი ჰოსპიტლის“ სახით. Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავი დაახლოებით 01:10 საათზე დაეშვა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში. გამოცემა „აგენტსტვოს“ცნობით, ნახევარი საათის შემდეგ იქვე დაეშვა რამზან კადიროვის Airbus ACJ319, ბორტის ნომრით RA-73417.
Kavakza.Realii-ს წყარო იტყობინება, რომ ადამ კადიროვი მოსკოვში ჩაფრენამდე მოვიდა გონს. სხვა წყაროს ცნობით, კადიროვთან ერთად მოსკოვში გადაიყვანეს სხვა დაშავებულებიც. Kavkaz.Realii-ს წყარომ არ დააკონკრეტა დაშავებულთა რაოდენობა ან მათი დაზიანებების სიმძიმე. Niyso-ს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ადამ კადიროვის მცველები, რომლებსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ.
უმცროსი კადიროვის ავტოავარიასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა არც გროზნოში და არც მოსკოვში. ჩეჩნურმა მედიამ საერთოდ არ გააშუქა ინციდენტი, მხოლოდ „ჩეჩნია სეგოდნიამ“ უარყო UFC-ის მებრძოლის ხამზატ ჩიმაევის ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობა. „აგენტსტვოს“ ცნობით, გროზნოში მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა არც რუსეთის ფედერალური მედიით და არც მსგავს სიახლეებზე სპეციალიზებული ისეთი რუსული Telegram არხებით, როგორებიცაა Baza, 112, და Mash-ი.
თუმცა 17 იანვარს მოსკოვის დროით დაახლოებით 16:00 საათზე, რამზან კადიროვის ტელეგრამ-არხზე გამოჩნდა ვიდეოპოსტი რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი უწყებების მეთაურებთან შეხვედრის შესახებ, რომელსაც ადამ კადიროვი ხელმძღვანელობდა. პოსტში არ იყო მითითებული, თუ ზუსტად როდის შედგა შეხვედრა. ვიდეოზე ჩანს ჯანმრთელი ადამ კადიროვი, რომელიც შეხვედრას მართავს რეგიონული სამართალდამცავი ორგანოების მეთაურებთან; დისკუსია ფოკუსირებულია ჩეჩნეთში არჩევნების მომზადებაზე, ექსტრემიზმის პრევენციასა და უშიშროების საბჭოს მიმდინარე საკითხებზე. ამ შეხვედრაზევე ადამ კადიროვს გადაეცა ახალი მედალი „ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების გაუმჯობესებაში შეტანილი დამსახურებისთვის“ (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის).
თუმცა ქსენია სობჩაკის მედიაჰოლდინგის საკუთრებაში არსებულმა არხმა „ოსტოროჟნო ნოვოსტიმ“ მალევე განაცხადა, რომ გამოქვეყნებული ვიდეოს მეტამონაცემები აჩვენებდა, რომ ის 15 იანვრის საღამოს შეიქმნა - ერთი დღით ადრე, სანამ უმცროსი კადიროვის ავტოკოლონა ავარიაში მოხვდებოდა. შესაბამისად, ამან გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეგნებულად გავრცელდა „კონსერვი” - წინასწარ მომზადებული მასალა, რათა დაფარულიყო რეალური ვითარება.
Kavkaz.Realii-ს ცნობითაც, ჩანაწერი გაკეთებულია 15 იანვარს, საღამოს 6:04 საათზე - ავარიამდე ერთი დღით ადრე.
ავტოკატასტროფა თუ დივერსია
რუსული პროპაგანდისტული ტელევიზია „ცარგრადი“ (tsargrad.tv) 16 იანვარს გროზნოს ცენტრში მომხდარს „უცნაურ ავარიას“ უწოდებს და გამოთქვამს ვარაუდს უკრაინული სპეცსამსახურების კვალის თაობაზე. სტატიის მიხედვით, ეჭვებს კიდევ უფრო მეტად აღვივებს ოფიციალური სტრუქტურების დუმილი:
“ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის 18 წლის შვილი, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალების უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორი და სხვა ტიტულებისა და ჯილდოების მფლობელი, გროზნოს ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. თუმცა ამის შესახებ არცერთი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, მხოლოდ „ინსაიდერებისგან“ მიღებული ცნობებია. სახელმწიფო მედია საშუალებები დუმან, მხოლოდ უცხოელი აგენტები და ღიად მტრულად განწყობილი რესურსები განიხილავენ საკითხს ყველა კუთხიდან”.
Царьгра́д ТВ - რუსული საინფორმაციო ინტერნეტ სატელევიზიო არხი, რომელიც დაარსდა 2015 წელს რუსი ბიზნესმენის კონსტანტინ მალოფეევის მიერ და, რომელიც ეწევა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური იდეოლოგიის პროპაგანდას. არხი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. კონსტანტინ მალოფეევი - რუსი მეწარმე, მილიარდერი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კომპანია „როსტელეკომის“ აქციების მფლობელი, მსოფლიოს რუსული სახალხო ტაძრის თავმჯდომარის (სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქის) მოადგილე, „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი დამფინანსებელი. მალოფეევი 2014 წლიდან იმყოფება ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ, ხოლო 2017 წლიდან საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.
ანალიტიკური სტატიის ავტორი იხსენებს 2026 წლის 9 იანვარს, როცა რამზან კადიროვის ვაჟმა, ადამმა (რომელიც აღარ არის უბრალოდ „ჩეჩნეთის მეთაურის შვილი“, არამედ შეიხ მანსურის ბატალიონის ოფიციალური კურატორი და ჩეჩნეთის უსაფრთხოების იერარქიის მნიშვნელოვანი ფიგურაა) პირდაპირ მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის:
“ყველგან გიპოვით და ეს მხოლოდ დროის საკითხია. აქ, გროზნოში, ჩამოგიყვანთ. არა როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც სამხედრო დამნაშავეს. და შენი იდგები არა სცენაზე, არამედ იმ მიწაზე, რომლის შეურაცხყოფასაც ცდილობდი. ტირილით, ყმუილითა და ჩექმების კოცნით შეგვეხვეწები პატიებას”.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს იყო ადამ კადიროვის, როგორც СВО-ს ველზე (СВО - სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) დამოუკიდებელი მოთამაშის, პირველი განცხადება. უმცროსმა კადიროვმა ოფიციალურ ესროლა ხელთათმანი კიევს.
“ამ განცხადებამ კვალი დაამჩნია ყველა შემდგომ მოვლენას, რამაც იდეალური ნიადაგი შექმნა „სიმეტრიული რეაგირების“ თეორიისთვის", - ვკითხულობთ სტატიაში, - "ადამ კადიროვის ხმამაღალი განცხადებიდან ერთი კვირის თავზე, 16 იანვარს, საინფორმაციო ველი წალეკა ავტოკატასტროფის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა, ადამ კადიროვის ავტოკოლონა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა (ციმციმების თანხლებით), როდესაც მოულოდნელად გზაზე რაღაც „დაბრკოლება“ გამოჩნდა, რამაც მისი შეჯახება, მკვეთრი დამუხრუჭება და უკნიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილების ერთმანეთზე შესკდომა გამოიწვია. ქრონოლოგიური კავშირი 9 იანვრის მუქარასა და 16 იანვრის კატასტროფას შორის იმდენად თვალში საცემია, რომ მისი იგნორირება შეუძლებელია. შეთქმულების თეორეტიკოსებმა მაშინვე შექმნეს თეორია უკრაინის დაზვერვის „გრძელი ხელის“ შესახებ. შეიძლება ეს დივერსია ყოფილიყო? რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენება მძღოლის დასაბრმავებლად თუ ტექნიკური ჩარევა ავტომობილის მართვის სისტემაში? ამ პარადიგმაში, ავარია წარმოდგენილია, როგორც კიევის დახვეწილი შურისძიება: დარტყმა ყველაზე ძვირფასზე - ოჯახზე. თუ ადამ კადიროვი СВО-ში ჩეჩნეთის სახე გახდა, მაშინ, ზელენსკისათვის შეთვლილი მუქარის პასუხად, მისი მწყობრიდან გამოყვანა, გამოიყურება ძლიერ ფსიქოლოგიურ დარტყმად, რომლის მიზანი რესპუბლიკის ელიტის დემორალიზებაა”.
თუმცა ექსპერტთა ნაწილს მეტად სავარაუდოდ მიაჩნიათ უმცროსი კადიროვის თავგასულობა და აქედან გამომდინარე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევა: როგორც ჩანს ადამ კადიროვი მართლა მოჰყვა მძიმე საგზაო შემთხვევაში, ყოველგვარი დივერსიის გარეშე. თუმცა ინფორმაციის დამალვამ და ა.წ. “კონსერვების გახსნამ” (ძველი ვიდეოკადრების გასაღება ახალ ჩანაწერებად) ნოყიერი საფუძველი მისცა დივერსიასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.
ადამ კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვილია. რამზანს და მის ოფიციალურ მეუღლეს, მედნის, სულ მცირე 12 შვილი ჰყავთ. უფროსი შვილები ჩეჩნეთის სამთავრობო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. 2023 წლის სექტემბერში, რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ სცემს 15 წლის ადამ კადიროვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ ნიკიტა ჟურაველს, რომელსაც ყურანის დაწვაში ადანაშაულებდნენ. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამაყობს თავისი შვილით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ადამ კადიროვმა სხვადასხვა ჯილდოს მიღება და ჩეჩნეთში მაღალი თანამდებობების დაკავება, მათ შორის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსისა. 2025 წლის აპრილში ადამ კადიროვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული განყოფილების კურატორად დაინიშნა, შემდეგ კი მან ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიც დაიკავა.
ფორუმი