Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეღარ ჩამოვალთ საქართველოში?! როგორ ველოდებოდით!


პირველი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. კორონავირუსმა თავისი მორიგი სიურპრიზით გეგმა ჩაშალა და გააწბილა ბევრი - ისრაელშიც და საქართველოშიც. მსოფლიოს მსგავსად, ტურიზმის გამოცოცხლებას ცდილობს საქართველოც - მაგრამ დიდი შიშის თანხლებით ეს ჯერჯერობით არ გამოსდის.

რამდენად საიმედოა მწვანე დერეფანი? რა შანსები აქვს ტურიზმს მსოფლიოში? რა შანსი აქვს ტურიზმს საქართველოში?

არც დაწყებულა და უკვე შეჩერდა

„რა სამწუხაროა, ზაფხულში ვეღარ ჩამოვალთ საქართველოში?! როგორ ველოდებოდით!“, - ძალიან შეწუხდა თამარ მარუთიანი, რომელსაც რადიო თავისუფლება ისრაელის ქალაქ აშკელონში დაუკავშირდა. იქ ის უკვე 15 წელია ცხოვრობს და მშობლიურ საქართველოში, ოჯახთან ერთად, წელიწადში 3-ჯერ მაინც ჩამოდის.

ტურისტული გეგმის გაურკვეველი დროით შეჩერების ამბავი თამარმა ჩვენგან შეიტყო - "ჯერ არ მინახავს აქაურ მედიაში. ბევრს ეწყინება ეს ამბავი".

1 ივლისიდან, როცა საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის, ერთ-ერთ პირველ ნაკადს სწორედ ისრაელიდან ელოდებოდა. ამასობაში ისრაელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა - 1 ივნისის შემდეგ, კორონავირუსის 1200-მდე შემთხვევა აღირიცხა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რისკზე წასვლა არ ღირს და დროებით ისევ წითელი შუქი აანთო.

„200 ინფიცირებული გამოვლინდა ერთ დღეში...საშინელებაა... ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ - არ ვიცით, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და როდის შევძლებთ ნორმალურად ცხოვრებას“, - გვეუბნება თამარ მარუთიანი და იქვე აზუსტებს, რომ ისრაელის მოქალაქეებისთვის სწორედ მოგზაურობა წარმოადგენს ნორმალური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. საქართველო კი ერთ-ერთი ფავორიტი მიმართულებაა მათთვის.

„მხოლოდ საქართველოს ებრაელებზე არ ვამბობ. ძირძველი აქაურებიც ამას ამბობენ. საქართველო ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა.

მარტში იყო ჩვენი მეგობრების ოჯახი თბილისში, ზუსტად პანდემიის დასაწყისამდე და ახლახან რომ შევხვდი, მითხრეს - გვიხარია, მწვანე დერეფანში რომ მოხვდა საქართველო, ზაფხულში ბათუმში ჩასვლას ვგეგმავთო...

ბევრი გამოხატავს ჩემს გარშემო ასეთ სურვილს. მე ჩემს შვილთან და შვილიშვილითან ერთად წელს ზაფხულში კახეთისა და ბორჯომის მონახულებასაც ვგეგმავდი“.

  • ვიზიტორთა შარშანდელი სტატისტიკით, საქართველოში ისრაელიდან 228 ათასამდე ადამიანი შემოვიდა (31%-იანი ზრდა 2018 წელთან შედარებით) და მზარდი იყო ყოველთვიური მაჩვენებლებიც;
  • ქვეყნების პირველი ექვსეული შარშან ასე გამოიყურებოდა: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი , უკრაინა, ისრაელი.

ვის ეპატიჟება საქართველო

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მწვავე დერეფანის (უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მქონე) ქვეყნებთანაც. ამ მხრივ, ისრაელის გარდა, დასახელებული იყო, მაგალითად: ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ნამდვილად ჩამომსვლელთა შესახებ ჯერ კონკრეტული არაფერი ვიცით.

მაგალითად, ჩეხეთი ევროპის მასშტაბით მოგზაურობის დაშვებას 15 ივნისიდან გეგმავს. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე მწვანე და ყვითელი ფერით არიან დატანილი ის ქვეყნები, რომლებში მოგზაურობაც ჩეხებს შემდგომ პრობლემებად არ დაუჯდებათ. საქართველოს ჯერჯერობით ვერ ვხვდებით ამ რუკაზე.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკა
ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჯერ კიდევ მაისში აცხადებდა, რომ 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა საქართველოსთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიები ბილეთებს ამჟამადაც ყიდიან, მაგრამ არავინ იცის მოხერხდება თუ არა რეგულარული ავიარეისების აღდგენა სხვადასხვა ქვეყნის მიერ დასახელებული სხვადასხვა თარიღიდან - მაგალითად 15 ივნისიდან, 1 ივლისიდან, 15 ივლისიდან თუ 1 აგვისტოდან.

რუსეთს საქართველოში ფრენა დასჭირდა

რუსეთის ხელისუფლებას წინ დახვდა პრეზიდენტ პუტინის შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ სადამსჯელო სანქციად მოჰყვა საქართველოდან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გაძევებას.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოყვანილია ექსპერტთა მოსაზრებები. ტექსტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ავიაკომპანიების ეკონომიკური გადარჩენის ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზად განიხილება შემოდგომაზე ფრენების აღდგენა საქართველოსთან და ეგვიპტესთან:

„ესენია მთელწლიანი ორი მიმართულება, რომლებზეც მოთხოვნა უზარმაზარია და ავიაკომპანიებისთვის ისინი მგზავრთა გარანტირებულ ნაკადებს უზრუნველყოფენ“.

დადგება თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში, ჯერ არავინ იცის და რუსეთში ამჟამად არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, არც ის არის იოლად საპროგნოზო - როდის იქნება უსაფრთხო საქართველოსთვის რუსი ტურისტების მიღება.

დაკარგული მილიარდები

2021 წლის გაზაფხულამდე ტურიზმის პერსპექტივებს ძალიან პესიმისტურად უყურებს ტურიზმის ექსპერტი, კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი - ვატო ასათაშვილი. მისი კომპანიაც მარტის შემდეგ გაჩერებულია, სხვა უამრავის მსგავსად.

სხვადასხვა წყაროს შეფასებით, უცხოელი ტურისტების დაკარგვით ტურიზმის უზარმაზარმა ინდუსტრიამ 2020 წელს დაახლოებით 12 მილიარდი ლარი დაკარგა

როგორც ვატო ასათაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ორგანიზებული ჯგუფები საქართველოში სავარაუდოდ კიდევ ძალიან დიდხანს არ ჩამოვლენ, რადგან:

  • „მართალია, ცალკე აღებულ საქართველოში მდგომარეობა მართლაც სტაბილურია, მაგრამ ტუროპერატორები აუცილებლად გაითვალისწინებენ, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლოში - სომხეთში, რუსეთში, თურქეთში თუ აზერბაიჯანში. თანაც, სახმელეთო ტრანზიტი მაინც გახსნილია ამ ქვეყნებთან“;
  • „რადგან საზღვრები ახლა იხსნება და არავინ იცის, რა გართულებებს მოიტანს ეს, შორი მოგზაურობის დაშვებას ჯერჯერობით ერიდებიან დიდი ქვეყნები და მაგალითად, ევროპული ქვეყნები ჯერჯერობით სამეზობლოს უხსნიან მხოლოდ კარს - რათა გართულებების შემთხვევაში, მოგზაურები სწრაფად და დაუბრკოლებლად დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს“.

გადავდივართ შიდა ტურიზმზე?

მთავრობის წინასწარი განცხადებებით, ადგილობრივი ტურისტებისთვის მწვანე შუქი 15 ივნისიდან აინთება.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს რამდენჯერმე გაუმეორა, რომ - ახლა საქართველოს უკეთ გაცნობისა და შიდა ტურიზმის დროა.

გახარიამ განაცხადა, რომ:

  • საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში დასვენება უნდა ისწავლონ - ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ... ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო“.
  • სირცხვილია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბევრი რამ არ უნახავთ, უნდა ნახონ და „შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად, და კარგად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“.

ვატო ასათაშვილი კი, პესიმისტურად უყურებს მთავრობის მოწოდებებს შიდა ტურიზმის აღორძინების შესახებ, რადგან საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის გამო ისედაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შემოსავალი; ხოლო ვისაც მეტ-ნაკლები საშუალება აქვს, ბევრი ფულის დახარჯვას მაინც მოერიდება.

ექსპერტი მომჭირნეობის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს: მეორე ტალღის მოლოდინს და ასევე, მოახლოებულ არჩევნებს, "რადგან არჩევნებს არასტაბილურობის მოლოდინი ახლავს".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG