Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეჯინელი ოპოზიციონერი „მოლოტოვის კოქტეილით“ შეტევას არჩევნებს უკავშირებს


დაზიანებული ავტომობილი სპეციალური მოწყობილობით გადაიტანეს პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში.
დაზიანებული ავტომობილი სპეციალური მოწყობილობით გადაიტანეს პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ელმირა ბეციაშვილი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი და სოფლის ექიმია, ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჯერჯერობით უცნობმა პირებმა სამი ალმოდებული ბოთლი, „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს. გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა ავტომობილი. ბეციაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან არჩევნების პირველ ტურში სოფელ ვეჯინში სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძესთან დამარცხდა.

ელმირა ბეციაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჰყავს სავარაუდო ეჭვმიტანილები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და ეს ინფორმაცია უკვე მიაწოდა ადგილობრივ პოლიციას. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის ეჭვს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში.“ პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კოტე ბერიძიშვილმა გვითხრა, რომ ზოგადად, ელმირა ბეციაშვილის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, მომხდარი კი შესაძლოა, მის საექიმო საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ელმირა ბეციაშვილი მეუღლესთან, ვალერი ბეციაშვილთან ერთად.
ელმირა ბეციაშვილი მეუღლესთან, ვალერი ბეციაშვილთან ერთად.

სოფელ ვეჯინში, ელმირა ბეციაშვილის ეზოში დაზიანებული ავტომობილი სამართალდამცავებმა სპეციალური მოწყობილობით გადაიტანეს პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში. იქ უკვე გამოკითხეს ბეციაშვილი და მისი ქმარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

ელმირა ბეციაშვილის სახელი ფიგურირებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტშიც. საქმე ეხება 70 წლის გულნაზ ცანკაშვილის განცხადებას, რომ არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის გამო შვილი და რძალი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ელმირა ბეციაშვილისგან 40 ლარს ელოდებოდნენ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის სანაცვლოდ. თავად ბეციაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს. ადგილობრივ პოლიციაში გამოძიება ძალადობის შესახებ ცანკაშვილის განცხადების გამოც მიმდინარეობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG