Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიზიტი ათი წლის შემდეგ


ანგელა მერკელი თბილისში
ანგელა მერკელი თბილისში

ანგელა მერკელი, როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსი, და სამი სახელმწიფო, სადაც ის აგვისტოს ბოლოს მოგზაურობს, ერთსა და იმავე დროს შეიქმნაო, შენიშნა გერმანელმა ჟურნალმისტმა ნიკო ფრიდმა და „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“ მკითხველს იქვე განუმარტა: კანცლერმა ჰელმუტ კოლმა 1991 წელს დანიშნა აღმოსავლეთ გერმანელი ფიზიკოსი ქალთა საკითხების მინისტრად და იმავე წელს გამოცხადდა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა: აპრილში - საქართველოში, სექტემბერში - სომხეთში და ოქტომბერში - აზერბაიჯანშიო. მაშინ გერმანიის პრესა წერდა, რომ მერკელი თავისი მოქმედების არეალს გააფართოებდა და საგარეო პოლიტიკაში ეს იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთა მიმართ მას, მომავალი კანცლერის აზრით, მეტი „თანაგრძნობა“ ექნებოდა. 27 წელი გავიდა მას მერე. მერკელი საქართველოს სტუმრობდა ათი წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი წელს პირველ ვიზიტებს გამართავს. არსებობს გერმანიის საგარეო პოლიტიკა კავკასიაში რუსეთის გარეშე?

ბერლინის პოზიცია მტკიცეა ერთ საკითხში, რომ ის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნას კრიტიკულად უყურებს. მერკელს არ სურს, რომ საქართველოს გაყინული კონფლიქტების ბედი გაიზიაროს უკრაინამ.

დაუზარელმა გერმანელმა ჟურნალისტმა ისიც დათვალა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, 15-ჯერ შეხვდა, მასთან ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკება გამართა, 54-ჯერ კი ტელეფონით ესაუბრა. და მათ შორის უთანხმოების მიუხედავად, მერკელი და პუტინი განუყოფელი არიან. სულ ახლახან მათ იბაასეს საერთაშორისო პოლიტიკაზე, ორმხრივ ურთიერთობაზე, უკრაინაზე, სირიაზე, უსაფრთხოებაზე რეგიონში. იგივე ნიკო ფრიდი გონებამახვილურად წერს, მერკელისთვის პუტინი საგარეო პოლიტიკაში არის ის, რაც ჰორსტ ზეეჰოფერი (ახლა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, უწინ ბავარიის პრემიერ-მინისტრი) - საშინაოშიო. კანცლერი მას ეკამათება, მაგრამ დავიწყება და უგულებელყოფა არ შეუძლია. ასეა 2005 წლის შემდეგ, რაც მერკელი კანცლერი გახდა: ეს ორი კაცი მისი მუდმივი თანმხლებია, რუსი - საერთაშორისო არენაზე, ბავარიელი - გერმანიის პოლიტიკაში. და ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. მერკელი ახლა მოგზაურობს აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც სიმშვიდე არ დამყარებულა.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მოჰყვა საქართველოს მოქალაქეთა მიერ გერმანიაში თავშესაფრის მოპოვების მცდელობა და მათი რაოდენობის ფონზე დიდი რიცხვი დანაშაულის სტატისტიკაში.

საქართველოში გერმანიის კანცლერის ჩასვლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მმართველი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ვიზიტისას ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნებოდა „უსაფრთხოების პრობლემები და ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ“. ბერლინის პოზიცია მტკიცეა ერთ საკითხში, რომ ის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნას კრიტიკულად უყურებს. მერკელს არ სურს, რომ საქართველოს გაყინული კონფლიქტების ბედი გაიზიაროს უკრაინამ და, სხვათა შორის, ხშირია ამ თემაზე მისი ბაასი პუტინთან. ამასწინანდელი შეხვედრის შემდეგ პუტინმა ღიად თქვა, პრობლემის მოგვარების საკითხში, სამწუხაროდ, წინ ვერ მივდივართო.

თბილისში კანცლერის ჩაფრენისას, აეროპორტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის დიდ დამსახურებაზე ილაპარაკა დასავლურ სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების საკითხებში. „2008 წელს სწორედ გერმანიის მხარდაჭერით იყო მიღებული ის განცხადება, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა ზალკალიანმა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელსაც ჩასვლისთანავე ესტუმრა მერკელი, მოელის, რომ მერკელის სტუმრობა ნატოში გაწევრიანების საქმეს ოდნავ მაინც წასწევს წინ. თუმცა ყველას ახსოვს ალიანსის ბოლო სამიტი და იქ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ საქართველოს აქვს შანსი გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ არა ახლა, და მალევე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის, მუქარა, რომ „ნატოში საქართველოს გაწევრიანებას საშინელი კონფლიქტი მოჰყვება“.

გერმანიის პრესა კანცლერის საქართველოში ჩასვლის დღეს აღნიშნავს, - და ესეც არის მერკელის თბილისში ჩასვლის ერთ-ერთი თემა, - რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მოჰყვა საქართველოს მოქალაქეთა მიერ გერმანიაში თავშესაფრის მოპოვების მცდელობა და მათი რაოდენობის ფონზე მაღალი მაჩვენებელი დანაშაულის სტატისტიკაში. მერკელი ორი დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და, როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, „მოლაპარაკების თემები იქნება ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე მრავალმხრივი ფორმატები, როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვიზიტისას ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები და ის ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის პოლიტიკა საქართველო სმიმართ და, ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ბუნებრივია, განხილული იქნება აგრეთვე საკითხები, რამაც უნდა აამაღლოს და უფრო ინტენსიური გახადოს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები. აქ საუბარი ეხება როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ კავშირებს“. ანგელა მერკელი ყვავილების გვირგვინს მიიტანს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან და, ამავე დროს, ეწვევა ადმინისტრაციულ საზღვარს, სადაც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაში გერმანიის წარმომადგენლები არიან ჩართული.

საქართველოდან მერკელი გაფრინდება ერევანში, სადაც ახალ პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს, შეხვდება. სომხეთიც ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის წევრია და, ამასთან, დაინტერესებულია რუსეთთან ეკონომიკური კავშირებით. სომხეთის მთავარ პრობლემად რჩება მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანის რეგიონი, რომელიც სომხურ ძალებს უჭირავთ.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა აშკარა გახდა, როცა ბერლინი კავკასიაში კანცლერის მოგზაურობას ამზადებდა. ბაქომ ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ გასცა გერმანიის პარლამენტის წევრზე, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრ ალბერტ ვაილერზე, რომელიც კანცლერს უნდა ხლებოდა მოგზაურობისას. მიზეზი კი გერმანელი კანონმდებლის ორჯერ სტუმრობაა მთიან ყარაბაღში. ეს აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის მიუღებელია და ამიტომაც მოხვდა ვაილერი შავ სიაში. ამ ინციდენტის გამო მერკელს აზერბაიჯანში ვიზიტის ჩაშლა არ უფიქრია. გერმანიას ავტორიტარული რეჟიმის მიმართ ეკონომიკური ინტერესები აქვს. გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს იმ მილსადენის მშენებლობას, რომელმაც აზერბაიჯანის გაზი საქართველოს, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიისკენ უნდა გადაქაჩოს. ეს მილები სამჯერ უფრო ნაკლები ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას შეძლებს, ვიდრე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, მაგრამ ბერლინი თვლის, რომ გერმანიისთვის სამხრეთის დერეფანი“ რუსეთზე მის დამოკიდებულებას შეამცირებს. ვლადიმირ პუტინმა, სხვათა შორის, არ გამორიცხა, რომ უკრაინაზე გაიაროს ბალტიის ზღვის მილსადენმა, „ჩრდილოეთის ნაკადმა 2-მა“. ამ პროექტის მიმართ საერთაშორისო კრიტიკის შერბილების მიზნით, გერმანია მოითხოვს, რომ უკრაინამ ამგვარი ტრანზიტისგან იხეიროს. პუტინმა იცის კანცლერის ეს პოზიცია და ამბობს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წმინდა ეკონომიკური პროექტია“.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG