Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან ტატუნაშვილის წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები


ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა დღეს პროკურატურაში საქმის დეტალების გასაცნობად კიდევ ერთხელ მივიდა. პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი იმ პირებს, რომელთაც არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში დააკავეს. გივი ტატუნაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად იცნობდა ერთ-ერთ ბრალდებულს, ახალგორის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ დავით გურწიევს, რომელმაც მისი შვილის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. გივი ტატუნაშვილი ამბობს, რომ კარგად იცნობდა გურწიევის მამას და დავითი, ფაქტობრივად, მის ხელში გაიზარდა.

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების ორ თანამშრომელს. დაუსწრებლად ბრალდებულები არიან ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი დავით გურწიევი და ე.წ. უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი. მათ ბრალად ედებათ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად კიდევ ორი მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაც.

პროკურატურის მიერ 14 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება“.
პროკურატურისავე ცნობით, 2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი ავტომანქანით შეიტანეს ხილ-ბოსტნეული. ეს „ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ“.


პროკურატურის განცხადებით, „მიზნის მისაღწევად, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან არჩილ ტატუნაშვილს, იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქუტაშვილს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის „КГБ“-ს განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილს დაადეს ხელბორკილი და წამების მიზნით გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც ის წაიყვანეს ცხინვალში“.

“ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, გამოძიების მიმდინარეობით ჯერჯერობით კმაყოფილია, თუმცა, მისი განცხადებით, დასადგენია ცხინვალში არჩილის წამებაში მონაწილე პირთა ვინაობა.

რადიო თავისუფლებას წყაროები ახალგორიდან ატყობინებენ, რომ დავით გურწიევი, უკვე ათი წელია, პროკურატურაში მუშაობს და ამჟამად დაბაში პროკურორის მოვალეობას ასრულებს. გურწიევის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, დავით ბაშარულისა, რომელიც ჯერ დაკავებული იყო, შემდეგ 6 თვით დაიკარგა და, ბოლოს, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგორელების თქმით, გურწიევი ბაშარულის საქმეში მკვლელობის კვალის წაშლით იყო დაკავებული. ის ფიგურირებს სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის საქმეშიც, რომლის წინააღმდეგაც მის მეზობლებს ჩვენების მიცემას აიძულებდა და ჩვენებებს თვითონვე აყალბებდა. ამჟამად მეარაყიშვილს ცხინვალში ცილისწამებისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით ედავებიან. რაც შეეხება ალიკ ტაბოევს, ახალგორელების თქმით, ის მხოლოდ ცხინვალიდან მიღებული დირექტივების შემსრულებელია და დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლია, ამიტომ, რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ტატუნაშვილის დაკავება თავიდანვე შეთანხმებული იქნებოდა დე ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

საქართველოს პროკურატურის განმარტებით, იმის გამო, რომ დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ) და 25-ე და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამებაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).


პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გურწიევისა და ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურისავე განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დასადგენად.

XS
SM
MD
LG