Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის დმიტრი უტკინი, რომელიც მოსკოვისკენ მიმავალ „ვაგნერელთა“ კოლონებს წინ მიუძღოდა?


დმიტრი უტკინი, რომლისგანაც იღებს სახელწოდებას კსკ „ვაგნერი“, არასოდეს ჩნდება ეკრანზე და საჯარო სივრცეშიც მისი სულ რამდენიმე ფოტო მოიპოვება.
დმიტრი უტკინი, რომლისგანაც იღებს სახელწოდებას კსკ „ვაგნერი“, არასოდეს ჩნდება ეკრანზე და საჯარო სივრცეშიც მისი სულ რამდენიმე ფოტო მოიპოვება.

ერთდღიანი "საპროტესტო მარში" თუ "სამხედრო ამბოხი" რუსეთში, რომელიც 24 ივნისს მოსკოვიდან 120 კილომეტრის დაშორებით შეწყდა, კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, "უსამართლობის გამო" მოეწყო. 

ევგენი პრიგოჟინმა ბოლო აუდიოჩანაწერი 26 ივნისს გაავრცელა. მისი ადგილსამყოფელი, მას შემდეგ, რაც ამბოხი შეწყდა, კვლავ უცნობია. მასთან ერთად გაუჩინარებულია ასევე „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელიც „როიტერსის“ წყაროების ცნობით, წინ მიუძღოდა მოსკოვისკენ მიმავალ სამხედრო დაჯგუფების კოლონებს.

ჩეჩნეთიდან დაწყებული ეპოპეა

პროგოჟინისგან განსხვავებით, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, დმიტრი უტკინი, რომლის კოდური მეტსახელისგან იღებს სახელწოდებას კსკ „ვაგნერი“, არასოდეს ჩნდება ეკრანზე. საჯარო სივრცეში მისი სულ რამდენიმე ფოტო მოიპოვება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც „ვაგნერის“ დამფუძნებელი ლოიალური „პუტინის მზარეულიდან“ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტად იქცა, - უტკინმა საჯაროდ თავის მოსაზრება მხოლოდ ერთხელ გამოხატა. მან კადიროვის გარემოცვასა და „ვაგნერის“ დამფუძნებელს შორის ცოტა ხნის წინ წამოჭრილ კონფლიქტში პრიგოჟინის მხარე დაიკავა და განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლები მზად არიან "კაცური ლაპარაკისთვის", რადგან კადიროვის გარემოცვას "ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებიდან" იცნობენ.

ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულმა ამ სტატუსმა გააჩინა ვარაუდი, რომ ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ დმიტრი უტკინი და ჩეჩნეთის ომის ვეტერანი "ვაგნერელები" მაშინ იბრძოდნენ ადამ დელიმხანოვის და მაგომედ დაუდოვის, პრიგოჟინისადმი გაკეთებული მიმართვის თანაავტორების, წინააღმდეგ, როცა ეს უკანასკნელები ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს წარმოადგენდნენ.

სწორედ ჩეჩნეთის საომარი კამპანიის დროს, გასული საუკუნის ბოლოს იღებს სათავეს დმიტრი უტკინის საბრძოლო გამოცდილება, რასაც მოგვიანებით სირიისა და უკრაინის ომების დაემატა.

1999 წლის აგვისტოში კაპიტანი დმიტრი უტკინი პირველად მოხვდა პრესის ფურცლებზე. ამ დროს უტკინი მეთაურობდა რუსეთის არმიის 584-ე ასეულს, რომელმაც დაღესტანზე ჩეჩენი ვაჰაბიტების შეტევა მოიგერია. საგაზეთო სტატიის ფრაგმენტის ასლი უტკინის ფოტოთი 2021 წლის იანვარში ტელეგრამის ერთ-ერთმა არხმა გამოაქვეყნა, მაგრამ გაზეთის სახელწოდება მასში მოყვანილი არ არის.

ჩეჩნეთის პირველი და მეორე საომარი კამპანიების დროს დმიტრი უტკინი რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმში იბრძოდა.

2002 წლიდან რუსეთის საჯარო მოხელეების სახელმწიფო რეესტრის თანახმად, დმიტრი უტკინი მოხსენიებულია, როგორც პეჩორში დისლოცირებული მე-700 ცალკეული სპეცდანიშნულების ნაწილის მეთაური. როგორც ჩანს, ეს იყო უტკინის სამსახურის ბოლო ადგილი.

1970 წელს დაბადებული დმიტრი უტკინი 40 წლის ასაკში, ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით პენსიაში გავიდა. მის ბიოგრაფიაში არ არის ნახსენები არც ერთი სამხედრო აკადემია, რასაც რუსეთში ხშირად ამთავრებენ საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრები.

2012 წელს თადარიგში გასვლის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკმა დმიტრი უტკინმა გადაწყვიტა, რომ არსობის პური ეშოვა იმით, რაც მან კარგად იცოდა. მიღებული გამოცდილების გამო მას არ გასჭირვებია მოწყობილიყო კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) Moran Security Group-ში. იმ დროისთვის რუსეთში უკვე არსებობდნენ კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლისა და იმ ქვეყნების კანონმდებლობის ფარგლებში, სადაც სამსახურს გადიოდნენ. ასეთი კსკ-ები არ არღვევდნენ რუსეთის კანონმდებლობას, რადგან მთელი მათი იარაღი იყო საზღვარგარეთ და გამოიყენებოდა ადგილობრივი წესებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

როგორც Moran Security-ს ყოფილი თანამშრომლები ამტკიცებენ, დმიტრი უტკინი სამხედრო კომპანიის სარეკლამო კლიპშიც კი გადაუღიათ, მაგრამ ამ კადრების მოპოვება ცენტრმა „დოსიემ“, რომელსაც შეგროვებული აქვს უტკინზე ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია, ვერ შეძლო.

როგორც იქცა „ვაგნერი“ რუსეთის ეროვნულ გმირად

ამ პერიოდშივე ჩნდება უტკინის გატაცება ნაციონალ-სოციალიზმით და „ვაგნერით“.

რადიო თავისუფლების წყარო ამტკიცებს, რომ „ვაგნერის“ შექმნა სწორედ უტკინის სახელს უკავშირდება, რომელსაც ამ დროს თანამებრძოლები იცნობენ როგორც „ვაგნერს“.

მაგრამ ეს მოხდა ცოტა მოგვიანებით. მანამდე 2013 წელს, რუსეთის ორმა მოქალაქემ, კსკ Moran Security Group-ის მეთაურებმა, ვადიმ გუსევმა და ევგენი სიდოროვმა, ჰონკონგში დაარეგისტრირეს კსკ „სლავიანსკი კორპუსი“. მაშინ 267 კაცი ჩავიდა სირიაში თითქოსდა ნავთობსადენებისა და საბადოების დასაცავად, სინამდვილეში კი ჯგუფი სამოქალაქო ომში ჩაება პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარეზე.

წყაროს ცნობით, მაშინ რაზმმა დიდი დანაკლისი განიცადა - პირადი შემადგენლობის დანაკარგი შეადგენდა 90%-ს. მოსკოვში დაბრუნებული რაზმის წევრები 2013 წლის ოქტომბერში ფედერალური უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა დაკითხეს, ხოლო მათ მეთაურებს, გუსევსა და სიდოროვს, სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მაგრამ, როგორც გაირკვა, რუსეთის ხელისუფლებას ასეთი კომპანიის არსებობის იდეა მოეწონა, მით უფრო, რომ დაქირავებულებზე მოთხოვნა მალე გაჩნდა დონბასში, სადაც რუსეთი სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს.

სირიაში მებრძოლ პირველ ნაკადში ირიცხებოდა თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი უტკინი. და იმ დროს, როდესაც გუსევი და სიდოროვი „ლეფორტოვოს“ ციხეში იმყოფებოდნენ, უტკინმა და სხვა მეთაურებმა დაიწყეს ახალი ბრიგადის ფორმირება უკრაინაში საომრად. იჯარით აიღეს ბაზა, დაიქირავეს სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გამოცდილი ოფიცრები. ერთ-ერთი პირველი საბრძოლო რაზმი, რომელიც დონბასში შევიდა, სწორედ დმიტრი უტკინის რაზმი იყო.

უკვე 2014 წლის ზაფხულში დაიწყო აღმოცენება იმ კომპანიამ, რასაც დღეს კსკ „ვაგნერი“ ეწოდება. ევგენი პროგოჟინმა დაიწყო საკუთარი შეიარაღებული რაზმის ორგანიზება, რომელსაც თავდაპირველად რუსული აბრევიატურით ეწოდა РТГ (იშიფრება როგორც ასეული ტაქტიკური ჯგუფი - რედ.). ამ სამხედრო ქვედანაყოფში, რომელიც მოგვიანებით ბატალიონად გარდაიქმნა, შედიოდა დაახლოებით 150-200 მებრძოლი.

ამ რაზმს, მისი მეთაურის, დმიტრი უტკინის, ე.წ. მოხმობის ნიშნის, კოდური სახელის გავლენით, უწოდეს სწორედ „ვაგნერი“. კრემლში ევგენი პრიგოჟინის გავლენების შედეგად, 2022 წლისათვის „ვაგნერის“ საორგანიზაციო სტრუქტურა ბრიგადის დონემდე ავიდა, საშტატო რაოდენობა კი 7000 ჯარისკაცამდე განისაზღვრა.

პარალელურად იწყება თადარიგის პოლკოვნიკ დმიტრი უტკინის კარიერული აღმასვლა. თუ ევგენი პროგოჟინთან შეხვედრამდე, „დოსიეს“ თანახმად, უტკინს მაქსიმუმ ერთი ჯილდო - „მამაცობისთვის ორდენი“ ჰქონდა მიღებული. 2016 წლის ბოლოს კსკ „ვაგნერის“ მეთაურის მკერდს ამშვენებს „მამაცობისთვის“ 4 მედალი, ხოლო მალე „ვაგნერი“ უტკინი ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის გმირის“ წოდებით დააჯილდოვა.

ცენტრმა „დოსიემ“ სოციალურ ქსელში მიაგნო უტკინისა და სხვა დაქირავებული მეთაურების 2017 წელს გადაღებულ ფოტოს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გვერდით დგანან რუსეთის გმირები ანდრეი ბოგატოვი და ანდრეი ტროშევი, „მამაცობისათვის“ ორდენების ოთხგზის კავალრები - „ვაგნერელები“ ალექსანდრ კუზნეცოვი და დმიტრი უტკინი.

„ვაგნერით" გატაცება და ფაშისტური ემბლემატიკა

იმას, რომ დმიტრი უტკინი რუსეთის არმიიდან დათხოვნის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა მესამე რაიხის ისტორიით, „დოსიეს“ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაახლოებული პირები უდასტურებენ. მან ფსევდონიმიც სწორედ ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორის, ვაგნერის გავლენით აირჩია და, როგორც ანონიმი თვითმხილველები ამბობენ, გატაცებით მსჯელობდა „ჭეშმარიტი არიელის“ გზაზე.

მაგრამ ეს მხოლოდ სხვების მონაყოლია. ცნობილ საჯარო აუდიოჩანაწერში, რომელიც უკრაინის დაზვერვამ ჯერ კიდევ 2015 წელს გადაიტაცა, უტკინი არ ახსენებს იდეოლოგიას და საბრძოლო კონკრეტიკითაა დაკავებული.

დმიტრი უტკინი, იგივე „ვაგნერი“ და იგივე „მეცხრე“, არა მხოლოდ ადამიანი-ბრენდია. მისი მეტსახელით მოქმედ ბრიგადაში უტკინი იღებს მნიშვნელოვან საკადრო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“, ისევე როგორც ნებისმიერ სამხედრო ორგანიზაციაში, ნებისმიერ გადაწყვეტილებას წერილობით იღებენ. ბრიგადის მეთაურის, ანუ უტკინის ხელმოწერა უბრალო და ლაკონიურია - ეს არის შეწყვილებული ელვის გამოსახულება, იგივე ემბლემა „ზიგ“, რაც გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერთა დამცავი „სს“-ის დივიზიის ნიშანს წარმოადგენდა.

მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, „ეს-ეს“-ის შეწყვილებული ემბლემა „ზიგ“-ის გამოყენება სამეცნიერო ან საგანმანათლებლო კონტექსტის გარეშე, კანონით ისჯება.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად უკრაინაში, როგორც კრემლი ამტკიცებს, ნაციზმის გამოვლინებას ებრძვის, თავად იყენებს ნაცისტურ ემბლემებს.

„სულ ფეხებზე მკიდია, ვის რისი სწამს. კომპანიაში ყველა სამუშაოდ და ფულის საშოვნელად არის მოსული“, - წერია დაჯგუფების ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხელს დმიტრი უტკინი აწერს.

  • კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უკრაინაში გასული წლის 16 მარტიდან იბრძვის. მის შემადგენლობაში არიან შეწყალების სანაცვლოდ გადაბირებული პატიმრები. „ვაგნერის“ მებრძოლებს უკრაინა ბრალს სდებს მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, რასაც არ აღიარებს ევგენი პრიგოჟინი.
  • 23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
  • პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.
  • ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.
  • პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დანის დარტყმა“ უწოდა.
  • რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისი სამხედროების მოსკოვისკენ მსვლელობის მიზანი იყო ჯგუფის გადარჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.
  • ეს პრიგოჟინის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან 200-მდე კილომეტრის მოშორებით მან და მისმა ძალებმა მსვლელობა შეწყვიტეს. პრიგოჟინი არ აკონკრეტებს, სად იმყოფება ამჟამად, ან რა გეგმები აქვს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG