Accessibility links

ვინ გადამალავს გვამს?


ვისაც დეტექტივების კითხვა უყვარს, არ ესწავლება: ერთი ამბავია მკვლელობა და მეორე, უფრო რთული და მნიშვნელოვანი ამბავია გვამის გადამალვა, თავიდან მოშორება!

მკვლელობა მოხდა, ახლა ჯერი გვამის მოშორებაზეა!

„რუსთავი 2“ რომ ძველ რეჟიმში მაუწყებლობს - ძველი სახეებით, თემებითა და ინტონაციით, არაფერს ნიშნავს. ჯერ გვამი არ გაცივებულა და ის ამიტომაც ძალიან ჰგავს ცოცხალს, თუმცა, ცხადია, ახალი მკვდარიც მკვდარია და გარშემომყოფთა ემოცია არსებითად ვერაფერს ცვლის. თან მკვლელსაც ხელს აძლევს გვამის ცოცხლად გასაღება გარკვეული დროის განმავლობაში, ვიდრე გადამალვის საუკეთესო გზას იპოვის. აკი, აჩვევენ კიდეც ყურს ტელეკომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ლაპარაკს, რაც არსებითად სხვა არაფერია, თუ არა: „ჯერ ცოცხალია, მაგრამ ხვალ შეიძლება...“

„რუსთავი 2“- ის ახალი მფლობელის საუბარიც „მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელი მედიამენეჯერის შერჩევაზე“ ამ სტრატეგიის ნაწილია. „დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას", - ამბობს ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში, მაგრამ სინამდვილეში იგულისხმება, რომ საერთო და ერთადერთი ენა იქნება ის, რომელსაც „მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელი მედიამენეჯერი“ შეარჩევს.

ენას, რა თქმა უნდა, შეურჩევენ, მაგრამ ეს უკვე აღარ იქნება „რუსთავი 2“. „რუსთავი 2“-ს ამასობაში დაანაწევრებენ, ხევში მოისვრიან, ტყეში დაფლავენ და ა.შ. - ერთი სიტყვით, თავიდან მოიშორებენ - საკითხავია მხოლოდ, როდის და რამდენად ოსტატურად. მკვლელის ჭეშმარიტი ბუნებაც სწორედ ამ დროს იჩენს თავს.

ცხადია, „რუსთავი 2“ არ იყო მხოლოდ მედიაორგანიზაცია. „რუსთავი 2“, როგორც კომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმაც შენიშნა, პოლიტიკური ბრძოლის იარაღიც იყო. „რუსთავი 2“ დაუნდობლად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხშირ შემთხვევაში ეთიკის ნორმების დარღვევითაც. შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის „გასაღებაც“ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა. „მკვლელობა“ რომ არ ყოფილიყო მიზანი, „რუსთავი 2“-ის დაბრუნებაში ხელისუფლება ხელს შეუწყობდა კომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს და არა ქიბარ ხალვაშს, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს „მკვლელის თანამზრახველს“.

როგორიც უნდა ყოფილიყო „რუსთავი 2“, პლურალიზმის, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ხელისუფლების კონტროლის თვალსაზრისით, აშკარაა, რომ ცოცხალი „რუსთავი 2“ სჯობდა მკვდარ „რუსთავი 2“-ს.

რატომ?

იმდენად ცხადია ეს უპირატესობა ცოცხალისა მკვდარზე, რომ არც კი ღირს ამაზე ლაპარაკი და, საერთოდაც, თუ შეგნებულად არ დავხუჭავთ თვალს, შეუძლებელია ამის ვერდანახვა, თუმცა, ალბათ, თქვენც შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს საქართველოში ბევრს შეექმნა მხედველობის პრობლემა. როგორც ჩანს, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის ნასროლმა ტყვიებმა მენტალურად უფრო მეტი ადამიანი დააბრმავა, ვიდრე ფიზიკურად. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ პოლიციას, რომელმაც ათობით ჟურნალისტი და ახალგაზრდა დაასახიჩრა, 20 ივნისს მეტი ძალის გამოყენება შეეძლო.

ყველაფერი გამოიყენეს, თან გამოიყენეს გაუფრთხილებლად, არ გამოუყენებიათ მხოლოდ ნამდვილი - ლეტალური, საბრძოლო ტყვიები... სხვა რაღა მეტი?

სწორედ ეს ხალხი, ვინც შინაგან საქმეთა მინისტრს ოცი ივნისის ღამეს უწონებს და ოპოზიციაზე (განსაკუთრებით „ნაცებზე“) გამარჯვებას ზეიმობს, ახლა „რუსთავი 2“-ის მკვლელობის გამო ხარობს.

მერე რა, რომ მედიაგარემო გაღარიბდება?!

მერე რა, რომ ხელისუფლების კრიტიკა მოიკლებს?!

მერე რა, რომ საეჭვოდ გამდიდრებული ჩინოვნიკები უფრო მშვიდად და უფრო დიდ სახლებს აიშენებენ?!

თუმცა, როგორც უნდა იყოს, „რუსთავი 2“ (რაც მისგან დარჩება), ალბათ, ვეღარაფერს შეცვლის. ძველ, ნამდვილ „რუსთავი 2“-ს მიწის ზემოთ არ დატოვებენ. კვლავ ლიტერატურის სამყაროს რომ დავესესხოთ, ხელისუფლების მოსაწონი ოპოზიციური მედია მკვდარი მედიაა, რადგან მკვდრები არ იკბინებიან... მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სიკვდილი მხოლოდ ორგანული სხეულის დაშლა არაა. სიკვდილის მერე რჩება სული - სიცოცხლის პრინციპი, რომლისგანაც შეიძლება სხვა, ახალი მედია ამოიზარდოს, თუმცა, ცხადია, ეს არ იქნება „რუსთავი 2“. ალბათ, არც უნდა სცადონ. სხვა თუ არაფერი, ერთ მდინარეში შესვლის შეუძლებლობის გამო მაინც.

XS
SM
MD
LG