Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაუდო მაგიდაზე პრეზიდენტს შეწყალების სია?


იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში შეცდომების რისკები შემცირებულიყო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობის მესამე თვეს, მარტის დასაწყისში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ უნდა გადასულიყო, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის პრეროგატივად დარჩებოდა.

პრეზიდენტი იმასაც ამბობდა, რომ შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.

თუმცა აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის თავზე, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა მსჯავრდებულთა იმგვარი შეწყალების ავტორი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ თავად აკრიტიკებდა და რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

აგვისტოს მიწურულს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მან, პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

17 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე, რომელიც 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს.

მეტიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება (შეწყალების დებულების თანახმად, ძებნილი პირის შეწყალება არ ხდება). თეა წულუკიანმა უკმაყოფილებაც გამოთქვა, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა:

„მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ აღდგომის და ახალი წლის შეწყალების მსგავსად, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა აზრს: ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს, მაგალითად, სახლში? ნამდვილად ავად არის? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია და გვითქვამს, რომ არა, არ იტყუება, ნამდვილად მცირეწლოვანი ბავშვები ელოდებიან ამ პატიმარ ქალს სახლში. ამ შემთხვევაში ამგვარი კონტაქტიც არ შემდგარა მარიამობის შეწყალებაზე. ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტისგან ხელმოწერილი აქტი“.

შეწყალების კომისია არ არსებობს - ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პრეზიდენტმა მსჯავრდებულები?

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული შეწყალების კომისია უკვე 9 თვეა სტრუქტურის რეორგანიზაციის მიზეზით აღარ მუშაობს. სწორედ ამიტომ ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია.

18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო: „ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, შეფასება იმ მოცემულობის და შეფასება კიდევ ერთხელ ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, მაგრამ ადამიანის მიერ და რაც არც გამორიცხავს შეცდომას, არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოებების“.

პრეზიდენტი ჟურნალისტებთან საუბრისას გაცილებით ხისტი და სიტყვაძუნწი იყო აგვისტოს ბოლოს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის შეწყალების განკარგულება სულ ახალი გამოცემული იყო. საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა 29 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა: "რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა და არაიურისტმა იცის ეს კარგად“.

საზოგადოების ნაწილის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე, 18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა: „მერე ვნახოთ, როგორ იქნება. წესები შემუშავდება და ან ჩემ დროს, ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორ იქნება შეწყალება“, - თქვა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.

შეწყალებაზე მორატორიუმი 2018 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გამოაცხადა. თუმცა ამ შემთხვევაში, მორატორიუმი ეხებოდა მხოლოდ ძალადობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს. ამ გადაწყვეტილებას მაშინ საფუძვლად დაედო თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალება, რომელიც ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი და მას პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი გაუნახევრდა.

ალეკო ელისაშვილი, რომელიც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარეა, გაუგებარს უწოდებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეწყალების უფლებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ და ამბობს, რომ ეს არის პრეზიდენტის მიერ გადადგმული კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი:

„მისი უფლებამოსილებისა და მოვალეობის ნაწილია მსჯავრდებულთა შეწყალება. ანუ, საკუთარი უფლებამოსილების მორატორიუმი გამოაცხადა? ეს არის იმ ადამიანების დაზარალება, რომლებიც მართლა იმსახურებენ შეწყალებას. არიან მსჯავრდებულები, რომლებიც მაგალითად, 80 წელს არიან გადაცილებულები, არიან მძიმე ავადმყოფები, რომლებიც მართლა უკანასკნელ დღეებს ითვლიან და ციხის ადმინისტრაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ მათ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარონ ოჯახის გარემოცვაში. მაგალითად, არც თუ ისე მძიმე დანაშაულზე სხედან მრავალშვილიანი დედები ან მამები, რომლებიც მართლაც იმსახურებენ ამ ჰუმანურ აქტს სახელმწიფოსგან და პრეზიდენტისგან. ამ ადამიანებს რას ეუბნება? და რის გამო? მისი დანაშაულებრივი ქმედების გამო?“

შეხვედრებზე მოსული პატიმრების ახლობლების 70% მზად იყო ხოლმე, რომ ჩვენთვის ფული გადაეხადა ...


ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ აგვისტოს მიწურულს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს, საფუძვლად უდევს კორუფციული გარიგება:

„34 მსჯავრდებულიდან, სამი მკვლელობაში იყო მსჯავრდებული და ერთიც ძებნილი. ჩვენ საქმე გვაქვს კორუფციასთან. ამდენი თვის განმავლობაში ვერ შეიქმნა შეწყალების კომისია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას, ან თავად პრეზიდენტს, არ სურდა, რომ მსჯავრდებულების საქმეებზე მსჯელობა წარმართულიყო კომისიის მიერ, დებულებისა და კრიტერიუმების საფუძველზე. რომ კომისია დაკომპლექტებულიყო წესიერი, პატიოსანი ხალხით. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ პატიმრებზე ფული ეკეთებინა. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მარტივ და ბანალურ ამბავთან გვაქვს საქმე, განახლდა ფულის კეთების პრაქტიკა შეწყალების კომისიაში. არადა, ამის აღმოფხვრას სისხლი ჩავაქციეთ, შევცვალეთ დებულება, კორუფციული ხვრელები ამოვავსეთ. მე ვიცი, როგორ მუშაობს შეწყალების კომისიაში კორუფციული მექანიზმი და ვიცი, როგორ ტრიალებს შეწყალებისა და პატიმრების გარშემო კორუფცია. შეხვედრებზე მოსული პატიმრების ახლობლების 70 % მზად იყო ხოლმე, რომ ჩვენთვის ფული გადაეხადა“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დახვდა სტრუქტურულად და შინაარსობრივად გამართული შეწყალების კომისია, დეტალურად გაწერილი შეწყალების კრიტერიუმები და პროცედურები, თუმცა იმის გამო, რომ დღეს შეწყალების კომისია აღარ არსებობს და უცნობია მისი აღდგენის თარიღიც, ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ შეწყალების მომლოდინე პატიმართა სიას პრეზიდენტს აწვდის გავლენიანი პირი ან გავლენიანი ჯგუფები.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო და დაიწყოს გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ 34 შეწყალებულ მსჯავრდებულში ისეთი პირები, რომელთა შეწყალებაც პროცედურების მიხედვით არ შეიძლებოდა.

ლია მუხაშავრია შეწყალების კომისიის წევრი იყო გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2013-2018 წლებში. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი შესაძლოა იქცეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზად. ლია მუხაშავრია, ალეკო ელისაშვილის მსგავსად, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პროცესში არსებობდეს კორუფციის ნიშნებიც:

„შეიძლება კორუფცია პირდაპირ პრეზიდენტთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ის მოხელე, ვისი წყალობითაც ეს ქაღალდები მოხვდა პრეზიდენტის მაგიდაზე, დიდი ალბათობით, სულაც არ მოქმედებდა უანგაროდ. შეწყალების კომისიაში ჩემი მუშაობისას, სამი ადვოკატის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება თაღლითობის მუხლით, რადგან ადვოკატები ატყუებდნენ კლიენტებს და ეუბნებოდნენ, რომ საქმეს ჩააწყობდნენ კომისიის წევრებთან და მიიღებდნენ შეწყალებას. პრეზიდენტს უნდა სცოდნოდა, რომ კორუფციის მცდელობები ამ მიმართულებით აუცილებლად იქნებოდა“.

იმ აპარატში, რომელიც ახდენდა პირველად გაფილტვრას, თანამშრომლებს თაბახის ფურცლების გორებში უწევდათ მუშაობა


შეწყალების კომისიის ყოფილი წევრის თქმითვე, სალომე ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, არასერიოზულად მოეკიდა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესს და ვერ გააცნობიერა ვითარების სირთულე:

„დღესდღეობით მოშლილია ყველა ის ფილტრი, რასაც შეწყალების განცხადებები გადის პრეზიდენტთან მისვლამდე, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული აპარატი, რომელიც განიხილავდა განცხადებებს და შემდეგ აწვდიდა კომისიას. ეს პროცესი შეწყდა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვიღაცას პრეზიდენტთან შეაქვს მასალები, ოღონდ ეს მასალები მასთან შედის უსისტემოდ და ასევე უსისტემოდ ხდება განცხადებების არჩევა. როდესაც ზურაბიშვილმა დაიწუნა მარგველაშვილის კომისიის მუშაობა და განაცხადა, რომ ახალი კონცეფციით უნდა წარმართულიყო შეწყალების პროცესი, ჩვენ ყველანი ველოდით, რომ კიდევ უფრო დახვეწილ პროცესს მივიღებდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ არათუ კონცეფცია, საერთოდ, კომისიაც კი აღარ შედგა. დიდი ალბათობით, მას არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა რაოდენობის შეწყალების თხოვნა შედის პრეზიდენტის აპარატში. იმ აპარატში, რომელიც ახდენდა პირველად გაფილტვრას, თანამშრომლებს თაბახის ფურცლების გორებში უწევდათ მუშაობა და მან ამ თანამშრომლების დიდი ნაწილი გაუშვა“.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება დაკავშირებულია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას სახელთან.

18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ მათ დაუკავშირდა საადვოკატო წრეებთან დაკავშირებული პირი, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. „ევროპული საქართველო“ წყაროს ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს.

„წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და უშუალოდ მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, ანუ გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ამ წყაროს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება შეუძლებელია. ამ ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ ვაპირებ. სწორედ ეს ინფორმაცია მივიღე გაუთქმელობის დაპირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ძალიან კარგად შეუძლია გაბუნიას საეჭვო კავშირების დადგენა”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

2004-2005 წლებში შეწყალების კომისიის წევრი იყო ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. ამბობს, რომ მსჯავრდებულთა საქმეებზე მუშაობა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა აღმოჩნდა. ლაშა ბაქრაძის თქმით, პროცესის სირთულიდან გამომდინარე, მხოლოდ ფურცლებზე გადატანილი დახასიათებებით არ უნდა ხდებოდეს მსჯავრდებულთა შეწყალება. სწორედ ამიტომ ითხოვდა ის, რომ კომისიის წევრებს საშუალება ჰქონოდათ მსჯავრდებულებს პირადადაც გასაუბრებოდნენ.

ლაშა ბაქრაძემ შეწყალების კომისია დროზე ადრე დატოვა. ამის მიზეზად მან ის გაუმჭვირვალე პროცესი დაასახელა, რომლითაც მისი თქმით, 2000-იან წლებში შეწყალების კომისია მუშაობდა: „იყო შემთხვევები, როდესაც შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა საქმეებიც კომისიის წევრებს არ განუხილავთ. მაშინ ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტს საპატრიარქო აწვდიდა ალტერნატიულ სიას, საიდანაც შემდეგ მსჯავრდებულები შეწყალებულთა სიაში ხვდებოდნენ“.

რა გზას გადის მსჯავრდებული შეწყალებისთვის?

რაც შეეხება მსჯავრდებულთა შეწყალების პროცედურასა და კრიტერიუმებს, ამ საკითხს აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც თავდაპირველად 2004 წელს გამოიცა და რომელშიც ცვლილებები 2014 წელს შევიდა.

დებულების მიხედვით, კომისია განიხილავს შეწყალების საქმეს:

  • იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;
  • იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს გარდა სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  • იმ სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რომელსაც არა აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.

შეწყალების კომისია არ განიხილავს საქმეს იმ პირების მიმართ:

  • რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუ მას თავისუფლების აღკვეთის სახით არა აქვს მოხდილი 15 წელი;
  • რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
  • რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
  • რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედი;
  • რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახ დანაშაული და არა აქვს მოხდილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
  • რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახ დანაშაული და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი...

რაც შეეხება იმ საფეხურებს, თუ როგორ მიდის პრეზიდენტი შეწყალების გადაწყვეტილებამდე, ასეთი სქემით წარიმართება:

  • შეწყალების თხოვნის განხილვისა და მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციის წარდგენის მიზნით იქმნება შეწყალების საკითხთა კომისია;
  • შეწყალების თხოვნას რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რის შემდეგაც შეწყალების თხოვნა გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს;
  • შეწყალების თხოვნის დარეგისტრირებიდან ერთ თვეში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო დოკუმენტების გამოთხოვას, რომელთა საფუძველზეც ადგენს შესაბამის საინფორმაციო ცნობას და ამზადებს შეწყალების საქმეს კომისიის სხდომაზე განსახილველად;
  • კომისიის სხდომა მოიწვევა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ან/და რეზოლუციით. კომისიის წევრებს დღის წესრიგი ეგზავნებათ კომისიის სხდომის მოწვევამდე, სულ ცოტა, 3 სამუშაო დღით ადრე;
  • კომისიის რეკომენდაციას შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას;
  • საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.
  • საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც ეს პირი იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე და საფუძველი. განკარგულებაში შესაძლებელია ასევე მითითებულ იქნეს შეწყალებული პირის სხვა მონაცემები და შეწყალების ღონისძიების გამოყენების მოტივი.
  • მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებს, ხოლო ცნობისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული 34 პირიდან, ერთს, პოლიციელის მკვლელობისათვის მსჯავრდებულ რამაზ დევაძეს, 2015 წლის სექტემბერში, 12 წლით მიესაჯა პატიმრობა. მან საპყრობილე, 4 წლისთავზე დატოვა.

კიდევ ერთ შეწყალებული, ასლან ბეჟანიძეს გამოძიება 2004 წელს ჩადენილ მკვლელობას ედავებოდა. ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ 2018 წელს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის საბოლოო ზომად მას თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით განესაზღვრა. საპატიმროში მან 3 წელი და 6 თვე გაატარა.

მესამე შეწყალებული, მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე, 1994 წლიდან იყო ძებნილი. ნადირაძე 2013 წლის 26 აპრილს, თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.

შეწყალების ინსტიტუტი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის, ექსკლუზიური კონსტიტუციური პრეროგატივაა.

პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტს საფუძვლად ჰუმანიზმის პრინციპები უდევს, რომელთა ერთობლიობაც სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG