Accessibility links

ვინ და რამდენს დახარჯავს შენელებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის


ქუჩის არტისტი. მეხიკო

კორონავირუსის პანდემიის სწრაფი გავრცელება მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს აიძულებს შინ დარჩენას; გაჩერებულია უამრავი ფირმა, მაღაზია, სერვისი და კომპანია; შემცირებულია პროდუქციის წარმოება და მიწოდება, რის გამოც თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკა აღმოჩნდა კრიზისის წინაშე.

ამ ვითარებაში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს შეამციროს თავისი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე კორონავირუსის პანდემიის დამანგრეველი გავლენა. ერთი ნაწილი ფიქრობს, ე.წ. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტებით დაეხმაროს თავის რჩენაში ადამიანებს და, ამასთანავე, კომპანიებისა და ბიზნესის მძლავრი ფინანსური დახმარების გზით გააძლიეროს ეკონომიკური სექტორი.

მრავალი ქვეყნის ეროვნული ბანკები მონეტარული პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტს მიმართავენ, რათა მომზადებული დაუხვდნენ მოსალოდნელ გრძელვადიან ეკონომიკურ ვარდნასა და გლობალურ რეცესიას.

არის იმედი, რომ როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი საფრთხე დაიკლებს, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ფინანსური დახმარების პროგრამებით შეძლებენ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და სწრაფად მოუმატებენ სიჩქარეს. მაგრამ ყველა ქვეყანაზე ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება.

ნაღდი ფულით დახმარების ამერიკული ვარიანტი

მარტის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად აშშ-ის კონგრესმა და თეთრმა სახლმა დაამტკიცეს $2 ტრილიონის მოცულობის „სტიმულირების პაკეტი“, რომლის ფარგლებშიც მილიონობით ამერიკელი მიიღებს ე.წ. coronavirus cash-ს - $1200-ის მოცულობის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.

კორონავირუსის კრიზისით დაზარალებული მრეწველობის სფეროსა და მცირე ბიზნესისათვის საჭირო სესხების გასაცემად, „სტიმულირების პაკეტი“ ითვალისწინებს ასევე $500 მილიარდის მოცულობის ფონდის შექმნას.

მრავალი მაღაზია დაიხურა ან თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა.
მრავალი მაღაზია დაიხურა ან თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა.

ამასთანავე, რამდენიმე კვირის განმავლობაში საფონდო ბირჟებზე აქციათა მკვეთრი ვარდნისა და სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრიდან მოსული საგანგაშო სიგნალების გამო, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაცხადა, რომ მზად არის აამოქმედოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების მთელი სპექტრი.

ფაქტია, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უკვე დაიწყო ამერიკის ეკონომიკაში ძალიან დიდი თანხმების გადასროლა. ეს ხდება როგორც ე.წ. გამოსყიდვის ინსტრუმენტით, ასევე „რაოდენობრივი შემცირების“ (Quantitative easing) სხვადასხვა ფორმით, რაც იწვევს ბაზრების გაჯერებას ნაღდი ფულით.

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ნულამდე შეამცირა საპროცენტო განაკვეთი, შექმნა საკრედიტო ხაზი და მინიმუმამდე დაიყვანა კაპიტალზე ფინანსური რეგულირების მოთხოვნები, რათა ბანკებს შესაძლებლობა მიეცეთ იოლად გასცენ კრედიტები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებზე.

„კორონაობლიგაციები“ თუ „ფინანსური დახმარება“?

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკის დაზარალების გამო, 750 მილიარდი ევროს ($812 მილიარდი) გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამ თანხით ევროპის ცენტრალური ბანკი აპირებს ევროზონის ფარგლებში სახელმწიფო და კომპანიების ვალების გამოსყიდვას.

მაგრამ ECB-ის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ბრიუსელი ამას არ უნდა დასჯერდეს, რადგან ევროკავშირს 2020 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 1,5 ტრილიონი ევრო ($1.6 ტრილიონი) დასჭირდება ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად.

მაგრამ ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნები ვერ თანხმდებიან კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოკავშირეების ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე.

„16-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ახლოს ვართ მასთან“, - აღნიშნა 8 აპრილს ევროჯგუფის პრეზიდენტმა, მარიო სენტენომ.

ევროპელი მინისტრები, კერძოდ, მსჯელობდნენ ე.წ. უსაფრთხოების ბადეზე, რომლის მოცულობა ნახევარი ტრილიონი ევროა.

აზრთა ყველაზე დიდ სხვადასხვაობას იწვევს „კორონაობლიგაციები“, რაც ევროკავშირის მოსახლეობიდან სესხის აღებას გულისხმობს.

ამ იდეას მხარს უჭერენ სამხრეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, იტალია და ესპანეთი, დიდწილად ასევე - საფრანგეთიც, მაგრამ „კორონაობილიგაციების“ იდეას უარყოფენ გერმანია, ნიდერლანდი, ავსტრია და ფინეთი, რომლებიც შიშობენ, რომ, საბოლოოდ, ეს ინდივიდუალური სახელმწიფოების ვალების განაწილებას გამოიწვევს.

გერმანია ემხრობა ევროპის სტაბილურობის მექანიზმის (ESM) დახმარების პროგრამის ამოქმედებას, რომელიც 2012 წელს შეიქმნა ევროზონის ცალკეულ ქვეყნებში ვალებთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად.

მაგრამ ESM დახმარების პროგრამის წინააღმდეგი არიან იტალია და ესპანეთი, რომლებიც შიშობენ, რომ ისინი აღმოჩნდებიან სასტიკი საბიუჯეტო მოთხოვნების წინაშე.

ბრიტანეთის უპრეცედენტო „ინტერვენცია“

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი, აცხადებს, რომ მთავრობა მზად არის „უპრეცედენტო“ ინტერვენციისათვის ეკონომიკის მხარდასაჭერად.

მთლიანობაში, ბრიტანეთის ეკონომიკის მხარდაჭერის ზომები სახელმწიფოს ნახევარი ტრილიონი დოლარი, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა ბიუჯეტის, დაახლოებით, 15%, დაუჯდება.

ბრიტანეთის ხაზინამ პირობა დადო, რომ სამსახურებიდან ადამიანების მასობრივი დათხოვნის თავიდან აცილების მიზნით მშრომელებს რამდენიმე თვის განმავლობაში გადაუხდის ანაზღაურების 80 %-ს.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე გარანტად დაუდგება კრედიტორებს, გაახანგრძლივებს გადასახადების გადახდის ვადებს და გაზრდის უმუშევრობისათვის განკუთვნილი შემწეობის მოცულობას, ხოლო ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა (Bank of England) რეკორდულად ბოლო ნიშნულამდე, 0,5%-მდე, შეამცირა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი.

ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა ნება დართო ასევე კერძო ბანკებს, რომ ხელუხლებლად დაიტოვონ მხოლოდ უმნიშვნელო კაპიტალი, რათა უფრო გაუიოლდეთ კომპანიებსა და კერძო პირებზე კრედიტების გაცემა.

ცაკეული ევროპული ქვეყნების ინიციატივები

გერმანიის პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, 750 მილიარდი ევრო ($800 მილიარდზე მეტი) გამოყონ ევროპის ეკონომიკურად ყველაზე უფრო ძლიერი ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესის ეკონომიკური სტიმულირებისთვის.

დახმარების პროგრამაში 100 მილიარდი ევრო გათვალისწინებულია ეკონომიკურ კრიზისში მყოფი კომპანიების პირდაპირი დაფინანსებისთვის, 400 მილიარდ ევროს კი სახელმწიფო თავისი გარანტიით კრედიტის სახით გასცემს მსხვილ კორპორაციებზე, რომლებიც ვალების გადაუხდელობის გამო დეფოლტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

კრიზისის შედეგად ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარი კომპანიების დასახმარებლად საფრანგეთი 45 მილიარდ ევროს ($50 მილიარდი) გამოყოფს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერის, თქმით, ამ ფონდის დიდი ნაწილი საგადასახადო დავალიანების, ხელფასებიდან დასაქვითი თანხისა და გაკოტრების რისკის ქვეშ მყოფი ფირმების საშემოსავლო გადასახადების გადასავადებლად დაიხარჯება.

საფრანგეთის მთავრობა კომერციული ბანკებიდან 300 მილიარდი ევროს კორპორაციული კრედიტის ასაღებად გარანტად დაუდგება კომპანიებს.

მთავრობები მობილიზებულნი არიან პანდემიისგან ეკონომიკური დარტყმების შესამსუბუქებლად.

იტალიის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობის დეკრეტი, რომლითაც შეჩერდა კომპანიებისა და ინდივიდუალური პირებისათვის იპოთეკური და სამომხმარებლო კრედიტის დაფარვა.

იტალიამ გაზარდა ფინანსური დახმარება იმ ფირმებში მომუშავე პირების კომპენსაციისათვის, რომლებიც საყოველთაო კარანტინის გამო უმუშევრები დარჩნენ.

ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა 100 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური სტიმულირების პროგრამა ყველაზე უფრო დაზარალებული ადამიანების სესხების გადავადებისა და პირდაპირი ფინანსური დახმარებისათვის, მეორე 100 მილიარდი ევრო კი ეკონომიკურ კრიზისში ჩავრდნილ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს აიღონ კრედიტები სახელმწიფო გარანტიით.

იაპონიის მთავრობამ ბიზნესისა და სამუშაო ადგილების დასაცავად უპრეცედენტო მასშტაბის - 1 ტრილიონი დოლარის - ეკონომიკური დახმარების პროგრამა მიიღო. ფაქტობრივად, იაპონიის მთავრობა აპირებს, მშპ-ს ერთი მეხუთედი დახარჯოს მოქალაქეთა ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე, საგადასახადო დავალიანების დაფარვასა და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი კომპანიების გარანტირებულ კრედიტებზე.

იაპონიაში 7 აპრილს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მძიმე დარტყმას აყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს, რისთვისაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი დამატებით 4,1 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს.

როგორც სხვა განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში, იაპონიის ეროვნულმა ბანკმაც ერთი წლის განმავლობაში გაანულა საპროცენტო განაკვეთი, შეარბილა ფულადსაკრედიტო პოლიტიკა და დაიწყო საბირჟო ფონდებისა და სხვა სარისკო აქტივების, მათ შორის, კორპორაციული ობლიგაციების, შეძენა

რუსეთისა და ირანის ხელმომჭირნე დახმარება

ნავთობით მდიდარ ქვეყნებს, რუსეთსა და ირანს, კორონავირუსის პანდემიის დროს ძალიან უჭირთ ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

საერთაშორისო სანქციების გარდა, ამ ქვეყნების ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ მსოფლიოს ბაზრებზე ენერგომატარებლებზე მოთხოვნის შემცირების გამო.

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა მოუწოდეს დასავლეთის ქვეყნებს და მათ პარტნიორებს, ასეთ ვითარებაში უარი თქვან ეკონომიკური სანქციების პოლიტიკაზე, რაც თეირანსა და მოსკოვს შესაძლებლობას მისცემდა უკეთ გამკლავებოდნენ ეკონომიკურ გამოწვევებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 30 აპრილამდე გააგრძელა „არასამუშაო რეჟიმი“, რომლის დროსაც ყველა სახელმწიფო თუ კერძო კომპანია ვალდებული იქნება თანამშრომლებს ჩვეულებრივად გადაუხადოს ხელფასი.

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს ბიზნესის მხარდასაჭერი უფრო მასშტაბური ეკონომიკური დახმარების პროგრამის მიღება, რადგან, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ალექსეი კუდრინმა, უთხრა ვლადიმირ პუტინს, კორონავირუსის კრიზისის გამო რუსეთის ეკონომიკა წელს 3-5 %-ით შემცირდება.

ეკონომისტები აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ ასეთი სტიმულირების გარეშე კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდება საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული მილიონობით ადამიანი, მცირე და საშუალო ბიზნესი.

საერთაშორისო სანქციების გამო საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან გარიყული ირანი ქვეყნის შიდა რესურსებით ცდილობს ეკონომიკის დასახმარებლად თანხების მოზიდვას, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ისედაც სულს ღაფავს მაღალი უმუშევრობის, სწრაფი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო.

თანაც, ირანის ხელისუფლების მიერ ქვეყნის დასუსტებული ეკონომიკური სექტორის გასაძლიერებლად დაპირებული თანხა, ექსპერტების ვარაუდით, ვერანაირად ვერ იქნება ქვეყნის მშპ-ს 0,2%-ზე მეტი, რაც განუზომლად მცირეა დასავლეთის ქვეყნების მიერ ეკონომიკის სტიმულირებისათვის გამიზნულ ვეებერთელა ფინანსურ პროგრამებთან შედარებით.

„სხვა ზომებსაც თუ გავითვალისწინებთ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ირანის ხელისუფლებამ შეძლოს რაიმე სერიოზული დახმარების შეთავაზება“, - ამბობს „Oxford Economics“-ის ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკის სპეციალისტი, სკოტ ლივერმორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG