Accessibility links

ვინ და როდის გააკონტროლებს ქალაქში გამონაბოლქვს?


თუკი თქვენი ავტომობილი გადაადგილებისას შავ, შეფერილ კვამლს გამოყოფს, სულ მალე შეიძლება დაჯარიმდეთ.

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულოა, თუმცა ისევ ვხდებით ქალაქში გაუმართავ ავტომობილებს, რომლებიც აბინძურებენ გარემოს.

რა თქმა უნდა, ყველა ავტომობილის გაჩერება შეუძლებელია, მაგრამ, ვფიქრობ, კარგ შედეგს მივიღებთ, როდესაც მძღოლებს ექნებათ იმის განცდა, რომ გაუმართავი მანქანის შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტრო და შსს მათ შეამოწმებს და დააჯარიმებს...
ეკა ლალიაშვილი


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით კანონპროექტს ამზადებს.

სიახლე საპილოტე რეჟიმში ჯერ თბილისში დაინერგება, შემდეგ კი სხვა ქალაქებში.

როგორც რადიო თავისუფლებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნელი კორკოტაძემ უთხრა, კანონპროექტის შეტანას წლის ბოლომდე გეგმავენ, ჯარიმების რაოდენობა კი ჯერ განსაზღვრული არ არის.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საჭიროა ცვლილება, რომ დაწესდეს სანქცია და ჩვენ დავიწყოთ ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლი. მოვამზადებთ კანონპროექტს პარლამენტში შესატანად. ჯარიმა არ უნდა იყოს ძალიან დიდი ან მცირე, მას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი“.

  • დარღვევის იდენტიფიცირება ქალაქში პატრულირებისას ვიზუალურად მოხდება, თუ მანქანას აქვს მუქი შეფერილობის ბოლი, პორტატუილი მოწყობილობა გაზომავს გამონაბოლქვში მავნე აირების რაოდენობას და, თუ დაშვებულ ნორმას გადააჭარბებს, მძღოლი დაჯარიმდება. მიეცემა ვადა, რომ აღმოფხვრას სამართალდარღვევა, თუმცა დაჯარიმება პირველივე ჯერზე მოხდება.
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და შსს-ს თანამშრომელი ერთად შეამოწმებენ მანქანების მდგომარეობას.
  • საპილოტე რეჟიმში, სავარაუდოდ, 5 პორტატიული მოწყობილობა იფუნქციონირებს და შეამოწმებს თბილისში მანქანების გამონაბოლქვის რაოდენობას.

უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, სწორედ გამონაბოლქვით მიყენებული ზიანის გამო ჯარიმდება მძღოლი, ანუ უკვე არსებობს კანონიც და სანქციაც - 30 ლარის ოდენობით.

ამ კანონთან დაკავშირებით „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი ამბობს:

„ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაზაფხულზე რეგლამენტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, თუ თვალით ხილულია გამონაბოლქვი, დაჯარიმება შეიძლება შემოწმების გარეშეც. 2019 წლის მანძილზე ამ მუხლით ორი ადამიანია დაჯარიმებული. ესე იგი შეიძლება სხვების დაჯარიმებაც, მაგრამ გასაუმჯობესებელია აღსრულება. რა თქმა უნდა, ყველა ავტომობილის გაჩერება შეუძლებელია, მაგრამ, ვფიქრობ, კარგ შედეგს მივიღებთ, როდესაც მძღოლებს ექნებათ იმის განცდა, რომ გაუმართავი მანქანის შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტრო და შსს მათ შეამოწმებს და დააჯარიმებს“.

როგორც რადიო თავისუფლებას ნელი კორკოტაძემ დამატებით განუმარტა, არსებული კანონი ხარვეზიანია და სწორედ ცვლილებების შეტანაა საჭირო, რადგან ამ მომენტისთვის გარემოსდაცვის დეპარტამენტს არ აქვს ოქმის შედგენის უფლება და ჯარიმაც არ არის ადეკვატური.

ეკა ლალიაშვილი
ეკა ლალიაშვილი

ეკა ლალიაშვილი ხაზგასმით შენიშნავს, რომ კანონის მიღების პროცესი დასაჩქარებელია, რადგან თუკი მისი განხილვა წლის ბოლომდე მოხდება, საშემოდგომო სესიაზე, ცვლილებას 2020 წლამდე არ უნდა ველოდეთ.

„არ უნდა გადასცდეს 2020-ის პირველ იანვარს ადმინისტრირება. ხელისუფლებამ დროულად უნდა შეიტანოს საკანონმდებლო ინიციატივა, რათა პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზევე დაამტკიცოს ის. დღეს ტექინსპექტირებაგავლილი მანქანები შავ და მუქი ფერის გამონაბოლქვს უშვებენ, რაც ხალხს უჩენს განცდას, რომ ტექინსპექტირებამ არ იმუშავა. ისინი ტექინსპეტირების გავლამდე სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რომ აარიდონ თავი ხარვეზების გამოსწორებას, ასხამენ სხვა ტიპის საწვავს, რაღაც მინარევებს იყენებენ და შემდეგ ისევ გაუმართავი მანქანებით დადიან. ამიტომაა საჭირო კონტროლის ამოქმედება, რომ ასეთი ერთჯერადი მანიპულაციები განეიტრალდეს და აღმოიფხვრას“, - ამბობს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG