Accessibility links

ვინ იზრუნებს მიუსაფარ ძაღლებზე ბათუმში


ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ხის ფერადი სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის.

ბათუმში პირველი თოვლის მოსვლისა და ტემპერატურის მკვეთრად ვარდნის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ მიუსაფარი ძაღლები. ზამთრის ცივ დღეებში მათთვის საკვების მოპოვება რთულდება დაიმატებს დაავადებების გაჩენის რისკიც, ამ ვითარებაში კი ბათუმის მერიამ, თვეზე მეტია, ვერ გამოავლინა კომპანია, რომელიც ცხოველების მოვლა-პატრონობაზე, სამედიცინო დახმარებასა და პოპულაციის რეგულირებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ხის ფერადი სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის.
ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ხის ფერადი სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის.

გასულ წლებში სამუშაოებს მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 314 ათასი ლარით კომპანია „სევერი“ აწარმოებდა, რომელსაც ხელშეკრულების ვადა 2019 წლის ბოლოს გაუვიდა, ახალი ტენდერი კი, შემცირებული ბიუჯეტით, 252 ათასი ლარით, ბათუმის მერიამ ორჯერ გამოაცხადა: 2019 წლის 25 დეკემბერს, ხოლო შემდეგ, განმეორებით, 2020 წლის 17 იანვარს, მაგრამ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. როგორც ბათუმის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინე რუხაძე განმარტავს, მიუსაფარი ძაღლების მოვლაზე მიმართული თანხა წლევანდელ ბიუჯეტში იმ მიზეზით შემცირდა, რომ ამოიღეს ვაქცინაციაზე გათვლილი ხარჯი, რადგან იგი სხვა სახელმწიფო უწყებას უნდა ჩაეტარებინა.

„აცრები უნდა ჩაეტარებინა სურსათის უვნებლობის სააგენტოს, მაგრამ შემდეგ ცვლილებები შევიდა დადგენილებაში და ისევ თვითმმართველობას გადმოეცა. მაგრამ ამ პერიოდში უკვე შედგენილი იყო პროგრამები და შესყიდვების პროგრამაში იყო ჩასმული 252 ათასი ლარი, რომელშიც ვაქცინაციის თანხა არ იყო გათვალისწინებული. ტენდერი არ შედგა და ახლა უკვე ისევ 314 ათას ლარით გამოცხადდება ტენდერი. უკვე გაგზავნილი გვაქვს ცვლილებები საკრებულოში“, - ამბობს მარინე რუხაძე.

ბათუმის მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ 5 ათასამდე მიუსაფარი ცხოველის მოვლა- პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიას მესამედ გამოცხადებულ ტენდერში გამოავლენენ, რადგან მერიაში ფიქრობენ, რომ გასული წლების ტენდერების ერთადერთი მონაწილე კომპანია „სევერის“ გარდა ამჯერად სხვებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამას, დაახლოებით, კიდევ ერთი თვე დასჭირდება, მანამდე კი ზამთრის სიცივეში ქუჩაში დარჩენილ ათასობით ძაღლზე მოქალაქეები ზრუნავენ.

ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ხის ფერადი სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის. ინიციატივა 28 წლის ბათუმელ ლევან ჩხაიძეს ეკუთვნის, რომელმაც სიციალურ ქსელში გვერდი შექმნა და აქციას „კერა“ უწოდა. ამბობს, რომმას ასეულობით მოქალაქე უკავშირდება და მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის გაკეთებას სთავაზობს. ერთი ასეთი ზარი ლევანის ტელეფონში ინტერვიუს ჩაწერისას შევიდა:​

„აი, ის ადამიანი მირეკავდა, რომელსაც უნდა სახლი განათავსოს თავისი მაღაზიის წინ, იმიტომ რომ თავის მაღაზიაში იფარებს ქუჩის ძაღლს და როცა კეტავს მარკეტს, ძაღლი ქუჩაში რჩება. ამიტომ უნდა იქვე დადგას სახლი და ღამის გასათევი იქნება ამ ძაღლისთვის, მაგრამ იქვე სახლთან საჭმლის სათავსოებიცაა, რომელიც სხვა ძაღლებსაც გამოკვებავს“.

ლევანი ამბობს, სამსახურიდან წამოვედი, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვისათვის რომ დრო მქონოდაო. მისი თქმოთ, მთავარია „ადამიანებმა აიღონ პასუხისმგებლობა“ და არ გააგდონ ძაღლი სახლიდან, როცა ვეღარ უვლიან.ქუჩაში დარჩენილ ცხოველებზე კი ისევ ადამიანებმა უნდა იზრუნონო, ამბობს:

„მინდა, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ძაღლები ჩვენი მეგობრები არიან. არ უნდა ესროლო მას ქვა, არ უნდა მოსტეხო ფეხი. პირიქით, პრობლემა აქვთ მათ, ვერ აგვარებენ და ადამიანებმა უნდა მოუგვარინ ეს პრობლემა. არ ველოდები, კანონი როდის შემოვა ან მუნიციპალიტეტი როდის მოაგვარებს საქმეს და დავიწყე ჩემით. ვიცოდი, რომ ინიციატივას ბევრი მსურველი გამოეხმაურებოდა და ასეც მოხდა: 12 სახლი დავუდგით ქუჩის ძაღლებს, დღეს კი 7-ს ვათავსებთ. აქედან ორი ჩემი გაკეთებულია, ხუთი კი სხვადასხვა ადამიანის“.

ძაღლებისთვის სახლის დადგმის ინიციატივა 28 წლის ბათუმელ ლევან ჩხაიძეს ეკუთვნის, რომელმაც სიციალურ ქსელში გვერდი შექმნა და აქციას „კერა“ უწოდა.
ძაღლებისთვის სახლის დადგმის ინიციატივა 28 წლის ბათუმელ ლევან ჩხაიძეს ეკუთვნის, რომელმაც სიციალურ ქსელში გვერდი შექმნა და აქციას „კერა“ უწოდა.

ბათუმის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაზრდილიაო, ამბობენ მოქალაქეები. ამის მიზეზი კი, როგორც ქალაქის მერიაში გვითხრეს, ისაა, რომ ხშირად რაიონებიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც კი ცხოველები სწორედ ბათუმში ჩამოჰყავთ და ქუჩაში ტოვებენ. ქალაქის მერიაში ფიქრობენ, რომ გამოსავალი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის პროგრამების შემუშავებაა.

„მხოლოდ პროგრამები შედეგს ვერ იძლევა“, - გვეუბნება ბათუმელი ვეტერინარი, გიორგი კალანდაძე. მას იმ ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, სადაც პრობლემა კანონის გამკაცრებითაც მოგვარდა. სწორედ ამის გათვალისწინებით ფიქრობს, რომ უნდა გამკაცრდეს ცხოველების აყვანის წესი და დაწესდეს ჯარიმები იმ მოქალაქეებზე, რომლებიც შინაურ ცხოველებს ქუჩაში ტოვებენ.

„იმიტომ რომ, თუ ადამიანი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ შინაური ცხოველი, რომელიც მისი ერთგული მეგობარია, არ უნდა გააგდოს გარეთ, უნდა მოქმედებდეს ჯარიმა ან სხვა ღონისძიებაიმისთვის, რომ ადამიანებმა არ დაყარონ ცხოველები ქუჩაში. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს იძულებით ჩამოუყალიბდებათ და გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობა ცხოველთან ურთიერთობაში და ეს პრობლემა რაღაც ეტაპზე მოგვარდება“, - ამბობს ბათუმელი ვეტერინარი, გიორგი კალანდაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG