Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისგან არის დაცული საზღვარი - როგორ გავიგოთ ვის არ უშვებენ საქართველოში? - შსს-ის განმარტებები


ფოტოილუსტრაცია: ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარი
ფოტოილუსტრაცია: ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარი

"თუკი რაიმე ტიპის წუხილები აქვს იმ პირს, ვის მიმართაც მოხდა ამ გადაწყვეტილების [საზღვრის გადმოკვეთაზე უარი - რ.თ.] მიღება, ბუნებრივია, შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. იქ ჩვენ მივაწვდით არგუმენტირებულ ინფორმაციას, თუ რატომ შეეზღუდა ქვეყანაში შემოსვლა. ესაა სტანდარტული პროცედურა", - უპასუხა რადიო თავისუფლებას შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

რადიო თავისუფლება ცდილობდა გაერკვია, რას ეყრდნობა სახელმწიფო, როდესაც, ზოგიერთ შემთხვევაში, პუტინის რეჟიმს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს უარს ეუბნება ქვეყანაში შემოსვლაზე. სულ უფრო მეტი რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მოქალაქე ჰყვება, რომ პრობლემები ექმნება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას: საათობით დაყოვნება, საბუთების დეტალური შემოწმება, და ბოლო დროს უკვე საკმაოდ ხშირად, “მიზეზის აუხსნელად” უარი ქვეყანაში შესვლაზე.

“როცა თბილისში ერევნიდან ჩავფრინდი, სასაზღვრო ჯიხურში მჯდომ ქალს ფურცელზე ეწერა ჩემი სახელი და რეისის ნომერი. მითხრა, ჩემთან არა, იქით წადითო. მივედი ფანჯარასთან, სადაც პოლიციელები სხედან. მივეცი ჩემი პასპორტი, რის შემდეგაც ჩემთან მოვიდა გარკვეული თანამშრომელი. სახელი მითხრა, მაგრამ თანამდებობა - არა. გამომკითხა - სად ვცხოვრობ, სად ვმუშაობ, რატომ მოვდივარ საქართველოში. პირადი მონაცემები ჩაინიშნა - ტელეფონის ნომერი, მისამართი. ამის შემდეგ ჩამსვეს თვითმფრინავში და გამიშვეს უკან - ერევანში. ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე”, - ეუბნება რუსი ჟურნალისტი დმიტრი ალეშკოვსკი რადიო თავისუფლებას. ის ქვეყანაში 7 სექტემბერს აღარ შემოუშვეს.

ალეშკოვსკი არის საქველმოქმედო ფონდის («Нужна помощь») თანადამფუძნებელი. მან ასევე დააფუძნა მედიაპორტალი («Такие дела»), რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ივლისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დმიტრი ალეშკოვსკი „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა.

ალეშკოვსკი ჰყვება, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში, რაც თბილისში ცხოვრობდა, თითქმის 60-ჯერ გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ შეექმნა, რაც რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიანიჭეს.

"არანაირი პოლიტიკური შეხედულებით არ ხდება პირების საზღვარზე შემოშვება, მათი შემოშვება და აკრძალვა ხდება იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც კანონშია გაწერილი და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გააჩნია სახელმწიფო უწყებებს”, - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებებით, სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა "სამართლებრივი და სხვა მექანიზმით" ფილტრავს.

“თითოეული საზღვრის კვეთის დროს, [მესაზღვრე] ამოწმებს შემოსული პირის მონაცემებს, ხდება მისი გადამოწმება იმ არსებულ ბაზებში, რომელიც გააჩნია შსს-ს. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვადასხვა ტიპის როგორც ღია, ასევე დახურული ინფორმაცია და სწორედ ამაზე დაყრდნობით, ოფიცერი იღებს გადაწყვეტილებას, დართოს ამ პირს ქვეყანაში შემოსვლის ნება თუ არა. თუკი უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი არგუმენტაციით გამყარებული”, - თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, უარის თქმის რა მიზეზები შეიძლება არსებობდეს? მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სასაზღვრო პოლიცია ხელმძღვანელობს “ღია და დახურული ბაზებით …”მათ შორის, რა თქმა უნდა”, უსაფრთხოების სამსახურიდან, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლებელია, ეყრდნობოდეს უცხო ქვეყნების სამსახურებიდან მიღებულ ინფორმაციას.

“არიან პირები, რომლებმაც სახელი, გვარი შეიცვალეს, ცდილობენ, ახალი დოკუმენტაციით ქვეყანაში შესვლას, აქვს გარკვეული აკრძალვა ქვეყანაში შესვლაზე, აქვს გარკვეული ტიპის დარღვევები, ვადა აქვს გადაშორებული ან შესაძლებელია, სხვა ტიპის ინფორმაცია არსებობდეს. ესაა ძალიან მასშტაბური და კომპლექსური თემა და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ხდება ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გააჩნია სახელმწიფოს”, - განმარტა მან.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლში გაწერილია საზღვრის კვეთასა და ვიზაზე უარის თქმის საფუძვლები.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე იმ დეპუტატებს შორის იყო, რომლებიც 9 სექტემბერს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დახურულ მოსმენას პარლამენტში ბოლომდე დაესწრო. ეს სხდომა ოპოზიციის ნაწილმა დატოვა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მანჯგალაძე იხსენებს, რომ სხდომაზე დარჩენილმა ოპოზიციონერებმა რუსეთის ზოგიერთი მოქალაქის საქართველოში არშემოშვების საკითხზეც მოითხოვეს პასუხი:

“აქტივისტებთან დაკავშირებით მან [გრიგოლ ლილუაშვილმა] თქვა, რომ მხოლოდ ისეთ ადამიანებს აბრკოლებენ ან აყოვნებენ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს უსაფრთხოებას… [თუმცა] არ დაგვავიწყდეს, რომ კადიროვის მარჯვენა ხელი და მრჩეველი იყო შემოსული და დასეირნობდა საქართველოში. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ რუსი მზვერავი, რომელიც ალბანეთში დააკავეს, პოზირებდა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმავე მიზნით იყო საქართველოში ჩამოსული, რა მიზნითაც - ალბანეთში, უბრალოდ ალბანურმა სპეცსამსახურმა დააკავა, საქართველოს სპეცსამსახურმა შეუქმნა სასათბურე პირობები", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

აგვისტოს ბოლოს ალბანეთში, ქალაქ გრამშის მახლობლად, სამხედრო ქარხანაში შესვლის მცდელობისას ჯაშუშობის ბრალდებით ორი რუსი და უკრაინელი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი სვეტლანა ტიმოფეევაა. იგი იღებს მიტოვებული ობიექტებს რუსეთსა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამხედრო ნაწილებსა და აკრძალულ ტერიტორიებს. დაკავებამდე ტიმოფეევა ინსტაგრამზე აქვეყნებდა ფოტოებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.

„ეფესბეს“ აგენტები საქართველოში

რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოკოლოვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ეფესბემ“ საქართველოში ჯაშუშური მისიით გაუშვა.

სოკოლოვი ამბობს, რომ გაგზავნეს საქართველოში, სადაც რუსეთში რეპრესიებს გაქცეული ემიგრანტების რიცხვი იზრდებოდა.

2021 წლის შემოდგომაზე, როცა [რუსეთში] მასობრივი რეპრესიები დაიწყო ნავალნის თანამშრომლების წინააღმდეგ, დავთანხმდი საქართველოში გადასვლას. დეკემბერში ბილეთები მიყიდეს, ჯიბის ფული მომცეს 30 000 რუბლამდე და გამიშვეს საქართველოში. …არ მგონია, ქართულ სპეცსამსახურებს სცოდნოდათ, რომ აგენტი ვარ”, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას. სოკოლოვი ახლა ნიდერლანდში, ქალაქ ჰუსშია და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ("ეფესბეს") აგენტობა აღიარა საქართველოში მყოფმა 20 წლის ​ვსევლოდ ოსიპოვმაც. სუსმა იგი რადიო თავისუფლებასთან მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ორჯერ გამოჰკითხა. უწყებაში მაშინ თქვეს, რომ მიმდინარეობდა საკითხის მოკვლევა და პროცედურებს მიჰყვებოდნენ.

ვინ და რატომ არ შემოუშვეს?

რუსეთის მოქალაქეები, 2 დაღესტნელი და ერთ ჩეჩენი, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველოდან გასვლის შემდეგ, როდესაც კვლავ ცდილობდნენ ქვეყანაში შემოსვლას, “მიზეზის აუხსნელად” უკან გააბრუნეს. სამივე აღნიშნავს, რომ წარსულში საქართველოში ხანგრძლივად ცხოვრობდნენ და ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა არასდროს შეჰქმნიათ.

მანამდე იყო რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, რომელიც საქმიანი მოგზაურობის შემდეგ თბილისში ვეღარ დაბრუნდა. არადა, ის თითქმის ერთი წელი საქართველოში ცხოვრობდა. კრესტიანინოვი ჰყვება, რომ თბილისში რუსეთიდან 2021 წლის ნოემბერში გამოიქცა, რუსეთის "ეფესბე-ს" მუქარებისა და თვალთვალის შემდეგ.

კრესტიანინოვს საზღვრის კვეთაზე უარი, ყოველგვარი განმარტებების გარეშე, ორჯერ უთხრეს - პირველად - 23 აგვისტოს, მეორედ - 3 სექტემბერს.

ივლისში სომხეთიდან საქართველოში მომავალი რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი გააბრუნეს სადახლოს გამშვები პუნქტიდან.

როგორც ის ამბობს, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილების დოკუმენტი 6-საათიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს. საბუთში, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიზეზი არ იყო მითითებული, თუმცა ბლოგერი საქართველოში არშემოშვებას უკავშირებს 2021 წლის შემოდგომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციების შესახებ მის მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს.

მარტში არ შემოუშვეს "მედიაზონის" პეტერბურგელი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი დავიდ ფრენკელი. საზღვარზე გატარებულ საათებს თვითონ ფრენკელი ასე იხსენებს:

"მომწონს საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ყველა გადაწყვეტილებას ადგილზე მესაზღვრეები იღებენ. ისინი 14 საათის განმავლობაში სადღაც რეკავდნენ, ხელებს იქნევდნენ და ხანდახან ბოდიშსაც იხდიდნენ, რომ თვითონაც არ იციან, რა ქნან და ელოდებიან პასუხს სადღაც ზემოდან. საბოლოოდ უარი. არ გვაჭამეს, მაგრამ სიბრალულისგან დივანთან მიგვიშვეს“.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვით, ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელსაც კრემლი "ფეიკად" მიიჩნევს, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მსხვილი ჯარიმით ან მრავალწლიანი პატიმრობით. შედეგად არაერთმა დამოუკიდებელმა მედიამ შეწყვიტა მუშაობა. მათ შორის მუშაობა იძულებით შეაჩერა ტელეკომპანია “დოჟდმაც”. მათი ჟურნალისტების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა. 5 მარტს საზღვრიდან გააბრუნეს "დოჟდის" ერთ-ერთი წამყვანი მიხაილ ფიშმანი.

მისი თქმით, საქართველოში არაერთხელ უმოგზაურია და აქამდე პრობლემა არასდროს შეჰქმნია.

12 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, მხოლოდ აგვისტოში საქართველოში შემოსულთა რაოდენობით, პირველ ადგილს რუსეთის მოქალაქეები [260 810] იკავებენ.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG