Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აბარებენ მერები ანგარიშს, მოსახლეობას თუ საჯარო მოხელეებს


კახეთში მერები ძირითადად საჯარო მოხელეებს მოახსენებენ, რა გააკეთეს გასულ ერთ წელიწადში, თუმცა, წესით, მოსახლეობას უნდა აბარებდნენ ანგარიშს. მერები წარმატებებზე ლაპარაკობენ, მოსახლეობა კი მოუგვარებელ პრობლემებსა და გაჭირვებულ ცხოვრებაზე ჩივის. რა გააკეთეს პირდაპირი წესით არჩეულმა მერებმა და როგორ აფასებს მათ საქმიანობას ადგილობრივი ოპოზიცია?

პირდაპირი წესით არჩეული მერები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკუთარი მუშაობის ანგარიში ჩააბარონ. ასეთი ანგარიშის ჩაბარება კახეთის მერებმა უკვე დაიწყეს. ისინი ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა მოცულობის იყო ბიუჯეტი, რაში დაიხარჯა და კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდა. მაგალითად, გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს გურჯაანში დაწყებულ პარკის რეაბილიტაციას, რომელიც, მისივე სიტყვებით, „ყველას ილუზია ეგონა“, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მერის ინფორმაციით, გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტმა 27 მილიონს გადააჭარბა და ეს თანხა მთლიანად პრობლემების მოგვარებას მოხმარდა:

„გურჯაანის პარკის რეაბილიტაციის მშენებლობის დაწყება ჩვენ, ყველას ერთად, გვეგონა ილუზია, თუმცა ეს რეალობაა. ეს არის ყველას ერთად გამარჯვება. მინდა ხაზი გავუსვა ტექნოპარკის მშენებლობასაც. ეს არის განსაკუთრებით ახალგაზრდების თავშეყრის სივრცე. მე მაინც მინდა დავუბრუნდე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ვთქვა ის, რომ სადაც კომუნისტებსაც კი არ უფიქრიათ გზების დაგება, იქ ჩვენ მოვახერხეთ და გზები დავაგეთ. ეს არის ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი გამარჯვება“.

ლაგოდეხის მერი - ჯონდო მდივნიშვილი
ლაგოდეხის მერი - ჯონდო მდივნიშვილი

ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, კინოთეატრის შენობაში შეკრებილ ხალხს. მისი თქმით, 13 მილიონი ლარი დაიხარჯა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მოიცავს: გზების დაგებას, ამბულატორიების აშენებას, წყლის სისტემების მოწესრიგებას და სხვა სამუშაოებს. ჩვენი შეკითხვის პასუხად კი თქვა, რომ იყო პრობლემებიც, რაც გამოიხატება დაუსრულებელ სამუშაოებში. ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ ასეთი პრობლემები შექმნეს სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და მათ მერიამ ხელშეკრულება შეუჩერა:

„ძირითადად ინფრასტრუქტურული მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა სოციალური კუთხითაც არანაკლებ აქტიური მუშაობაა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა და გარკვეული ნაწილი კიდევ მიმდინარეობს. ამისთვის 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა . რაც შეეხება მოქალაქეების ჩართულობას, ჩემი სურვილიც იქნებოდა, რომ უფრო მეტად ჩაერთონ მოქალაქეები არა მხოლოდ ანგარიშის მოსმენაში, არამედ ბიუჯეტის დაგეგმვაში. რაც შეეხება დასწრებას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბევრი რიგითი მოქალაქე იყო წელს დარბაზში“.

ლაგოდეხის მერი ამობს, რომ წელს მის ანგარიშს გაცილებით მეტი ადგილობრივი მცხოვრები დაესწრო, ვიდრე სხვა წლებში. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ევა ლომთაძის, თქმით, მერმა ანგარიში ჩააბარა ძირითადად მერიის თანამშრომლებს, სკოლის პედაგოგებს, და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს - მათ, ვისაცა მისვლა დაავალეს. ევა ლომთაძე ამბობს, რომ „რიგითი ადამიანები კარგად ხედავენ ადგილობრივი ხელისუფლების მუშობას, აფასებენ საკუთარ დღევანდელ ყოფას და ამიტომ არ დადიან ისეთ შეხვედრებზე, სადაც მათ აზრს არ ითვალისწინებენ:

„მერების ანგარიშს მხოლოდ და მხოლოდ საჯარო მოხელეები ესწრებიან - ისინი, ვინც ძალით მიიყვანეს. იცით, რატომ ხდება ასე? ფაქტიურად, ხალხს არ აინტერესებს, ინდიფერენტულია მოსახლეობა, რადგან მათ არ აქვთ იმის იმედი, რომ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სწორად იქნება გამოტანილი და გადაჭრილი. კარგად იცის მოსახლეობამ, რომ ეს არის ფორმალიზმი. ხალხის ინტერესები რეალურად არსად არ არის გათვალისწინებული, რადგან ყველაფერი მაინც მოჩვენებითობის დონეზეა დასული“.

ევა ლომთაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ევა ლომთაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რატომ არ მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში? ჩვენ რიგით ადამიანებს ვკითხეთ, მაგალითად, იყვნენ თუ არა ინფორმირებული, როდის უნდა გამართულიყო ლაგოდეხის მერის ანგარიშის მოსმენა და, თუკი ექნებოდათ ეს ინფორმაცია, მივიდოდნენ თუ არა მოსასმენად და შეკითხვების დასასმელად. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ „მერის ანგარიშის შესახებ ინფორმაცი არ ჰქონია და რომც ჰქონოდა, იქ არ მივიდოდა, რადგან არ აინტერესებს ეს პროცესები“. გამოკითხული მოსახლეობის ნაწილმა კი განაცხადა, რომ „არ სმენიათ მერის ანგარიშის შესახებ და, თუკი ეს ინფორმაცია წინასწარ ექნებოდათ, აუცილებლად მივიდოდნენ“.

ამ დროისთვის კახეთში საკუთარი მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარდგენილი აქვთ გურჯაანისა და ლაგოდეხის მერებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ანგარიშების ჩაბარების პერიოდი დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას და მერებმა მოსახლეობას ასეთი ანგარიშები რამდენჯერმე სხვადასხვა სივრცეში ჩააბარეს. მაშინ მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს ანგარიშები რეალურად გათვლილი იყო წინასაარჩევნო კამპანიაზე, რადგან მერებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ აქვთ ასეთი ვალდებულება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG