Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეშინია მედიის?!


ალბათ, გახსოვთ ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი“, ბანქოს გულის მეფე და დედოფალი რომ ასამართლებენ ჯაჭვებით დაბმულ ვალეტს.

„ჯერ სიკვდილით დასჯა, განაჩენი მერეც მოესწრება!“ - ამბობს დედოფალი, რომელსაც ელისი უწევს წინააღმდეგობას:

„რა სისულელეა! სად გაგონილა სასჯელი მსჯავრის გამოტანამდე?!“

სწორედ რაღაც მსგავსი (დასჯა მსჯავრის გამოტანამდე) მოხდა 5 ივლისს თბილისში, როცა თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, როცა ერთმანეთისგან არ განირჩეოდნენ ქალი და კაცი, ახალგაზრდა და ხანდაზმული, როცა მოუთოკავი აგრესიის სამიზნეში ძირითადად მიკროფონიანი და კამერიანი ადამიანები აღმოჩნდნენ - ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს იყო არა უკონტროლო ძალადობა, არამედ მედიის „სიკვდილით დასჯის“ მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არავინ ელოდა არა იმის გამო, რომ მოძალადე ჯგუფები ვერ გაიმეტებდნენ, არამედ იმის გამო, რომ სასჯელის აღსრულებას წინ არ უძღოდა ვერდიქტი, განაჩენი, რომელსაც ახლაღა ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის სტანდარტული ტექსტებიდან:

„ბოიკოტს გიცხადებთ!“ „არ გელაპარაკებით!“ „თქვენ ხართ მხარე!“ „თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი!“ და ა.შ.

„სიკვდილით დასჯა“, ცხადია, შემთხვევით არ გვიხსენებია, შეგვეძლო გვეთქვა „მკვლელობა“, მოძალადეებს დამოუკიდებლად რომ ემოქმედათ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს - პოლიციის, პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის მონაწილეობა სასჯელის აღსრულების პროცესებში: წაქეზება, დანაშაულებრივი გულგრილობა და ბოლოს, მოკლულის გვამის გატაცება და ნაჩქარევი (ე.წ. შუალედური) დასკვნის შეკოწიწება ჯალათებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით.

რატომ მოგვევლინა სახელმწიფო მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატად?

ვის ეყოფა ფანტაზია, წარმოიდგინოს, როგორ იტაცებენ შს სამინისტროს თანამშრომლები გიგი უგულავას მიერ „ნაცემ“ მოჭიდავეს, როგორ უტარებენ 24 საათში ექსპერტიზას და ასკვნიან, რომ სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან? რით არ არის ეს ლუის კეროლის მასშტაბის აბსურდი?

„ჯერ დასჯა, განაჩენი მერეც მოესწრება“, - როგორც ჩანს, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს „5 ივლისს“, როცა ჩვენ ყველანი საშინელი სიჩქარით გადავიჩეხეთ ქვის ხანაში, სადაც მხოლოდ ძლიერის, უმრავლესობის სამართალი მოქმედებს, სადაც იქვე იღვრება სისხლი, სადაც მსხვერპლს წაასწრებენ და, სადაც კრიმინალური ცნობიერების პოლიტიკოსები თუ სასულიერო პირები ჟურნალისტებს აღიქვამენ არა მედიატორებად, არამედ დანაშაულის მოწმეებად, რომლებმაც დიდხანს არ უნდა იცოცხლონ.

„თუ სისტემის დედაბოძი სიცრუეში ცხოვრებაა, მაშინ გასაკვირი არაა, რომ მთავარ საფრთხეს სიმართლე წარმოადგენს“, - ვაცლავ ჰაველის ამ სიტყვებს ძალა 40 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს.

გასაგებია, რომ დამოუკიდებელ ქართულ მედიას, რომელიც სულ რაღაც 30 წლისაა, უამრავი პრობლემა აქვს; გასაგებია, რომ მედია ყოველთვის მეტ-ნაკლები წარმატებით ვერ ლავირებს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ინტერესებს შორის, მაგრამ, ამასთან ერთად, ისიც უნდა ითქვას, რომ მედია ყოველთვის - შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ივანიშვილის მმართველობის პერიოდებში - ახერხებდა დახმარებოდა გაჭირვებულებს, სისტემისგან დევნილებს და დაპირისპირებოდა იმათ, ვინც მაძღრად იყვნენ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

ამ 30 წლის განმავლობაში არც ერთ ინსტიტუტს არ უმუშავია ისე კარგად, როგორც იმუშავა მედიამ, როგორც იმუშავეს ჟურნალისტებმა, რომლებიც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ყველა დროში ამხელდნენ მოძალადეებს, კორუფციაში გაბმულ ჩინოვნიკებს და ა.შ. და ამგვარი ეფექტიანობის მიზეზი, ცალკეულ ჟურნალისტთა და მედიამენეჯერთა პროფესიულ თავდადებასთან ერთად ისიც არის, რომ ქართული მედია არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი, მონოქრომატული და, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემაც ეს არის.

ვინ იტყვის, რომ “იმედი” და “პოსტივი” უფრო მიუკერძოებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტელევიზია?

ვინ იტყვის, რომ მათი დღის წესრიგი არ არის პოლიტიკური?

განა, რამე საწინააღმდეგო ექნება მმართველ პარტიას თუკი ყველა ტელევიზია, როგორც ყოფილმა პრემიერმა გახარიამ თქვა, „იმედის“ ტრენდზე გადავა?

„არხის პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა. ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული... დაბალანსებული დაივიწყე, დაბალანსებული ნიშნავს უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“, - ეს არის ამონარიდი „იმედის“ დირექტორის ნიკა ლალიაშვილის საუბრიდან (24.12.2019), სადაც იგი ცდილობს, წამყვანი და პროდიუსერი ანა ცხოვრებოვა საავტორო გადაცემის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე დაითანხმოს.

კი, სხვაც ბევრი ხედავს, რომ ასეთი დაუბალანსებელი და მიკერძოებულია, მაგრამ საქმეც ისაა, რომ პრობლემები ექმნება ყველას, გარდა „იმედისა“ და „პოსტივისა“.

რატომ?

იმიტომ, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, არ ამბობენ ხელისუფლებისთვის მიუღებელ სიმართლეს, რომელიც, თუ ძალიან მაღალი სტანდარტით მივუდგებით, ხშირ შემთხვევაში, საერთოდაც მოუხელთებელია და, ავის და კარგის გასარჩევად, სწორედაც რომ განსხვავებული მედიაორგანიზაციების სიმრავლეა საჭირო.

„ნორმალურ პირობებში მატყუარა მარცხდება შეუცვლელი რეალობის პირისპირ; არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილი მატყუარის მიერ შეთავაზებული სიცრუის ქსოვილის სისქეს“, - ამ სიტყვების ავტორი, ფილოსოფოსი ჰანა არენდტი დარწმუნებული იყო, რომ ფაქტებს სიცრუის დამარცხების თანდაყოლილი ძალა აქვთ, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დათქმით: ძალა აქვთ თავისუფალ საზოგადოებაში, თავისუფალი საზოგადოება კი, წარმოუდგენელია სიტყვის თავისუფლებისა და მედიის მრავალფეროვნების გარეშე.

ხელისუფლებას სწორედაც რომ „ფაქტებისა“ და „თავისუფალი საზოგადოების“ კომბინაციის ეშინია და არა პროპაგანდის, პარტიული მიკერძოების. ფაქტებს რომ ვერაფერს უხერხებს, უპირისპირდება თავისუფალ საზოგადოებას ხან ფიზიკურად (5 ივლისი), ხანაც - ვერბალურად.

როცა ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებს ბოიკოტს უცხადებს, გარდა იმისა, რომ არღვევს ვალდებულებას, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები, ასევე ცდილობს 5 ივლისს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას: რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მისგან დამოუკიდებელ მედიას და მიუქსიოს თავისი მხარდამჭერები.

არაერთი მაგალითი გვეუბნება, რომ ქვეყანა, რომლის ხელისუფლება თავისუფალ საზოგადოებასა და მის ნაწილს - მედიას უპირისპირდება, მალე დეგრადირდება და ყველა გაგებით დაიხევს უკან, გაფლანგავს, ფუჭად დაკარგავს ყველაზე ძვირფასს - თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის დროს.

რატომღაც ითვლება, რომ დროზე მეტად სივრცე ფასობს. არადა, როგორც ერთმა დიდმა პოლიტიკოსმა თქვა, სულ პირიქითაა, რადგან დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება შესაძლებელია, დროისა კი - არასდროს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG