ავტორი: ანაიდ გოგორიანი, სოხუმი
22 აგვისტოს მედიის მუშაკთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. გაბნიას თქმით, მისი გადადგომა არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან - ის ღირსების დასაცავად გადადგა. ამასთან, გაბნიამ აღნიშნა, რომ ის თანამებრძოლების გვერდით რჩება.
პრობლემა ისაა, რომ სუსტი აღმოვჩნდი, ვინაიდან ადამიანი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და ცხოვრობს კანონის მიხედვით, სუსტი აღმოჩნდება ამ განუკითხაობის სისტემაში, სადაც უკვე ქუჩამ აიღო ძალაუფლება.
რამდენიმე დღის წინ სოხუმში ვიცე-პრეზიდენტ ვიტალი გაბნიას მონაწილეობით ჩხუბი მოხდა. საზოგადოებაში ინციდენტზე სხვადასხვა ვერსია გაჩნდა. პრესკონეფერნციაზე გაბნიამ მომხდარის ზოგიერთ დეტალზე ისაუბრა:
„გასულ შაბათ-კვირას ხუთ ადამიანს შორის საუბარი - არცთუ ისე მარტივი საუბარი - გაიმართა, თუმცა დაძაბულობა არ იგრძნობოდა. საუბრის ბოლოს, როდესაც რაღაც შეთანხმებამდე მივედით, ადგა ერთი ადამიანი, თავისუფლად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მომიახლოვდა ზურგიდან და თავში ჩამარტყა ნივთი, კერძოდ - ბოკალი. ასეთ საქციელში ვერაფერს ვხედავ მამაკაცურს. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმისას შევძელი თავის დაცვა, ოპონენტს ორჯერ დავარტყი და ორჯერ დაარტყა მუშტი ჩემი დაცვის ოფიცერმა, სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა, მთელ აფხაზეთში გავრცელდა ხმა, რომ ვიცე-პრეზიდენტი გალახეს“.
გაბნიას ამ ინციდენტის მონაწილეები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ თავდამსხმელი მისი თანამებრძოლი იყო.
ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება:
„პრობლემა ისაა, რომ სუსტი აღმოვჩნდი, ვინაიდან ადამიანი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და ცხოვრობს კანონის მიხედვით, სუსტი აღმოჩნდება ამ განუკითხაობის სისტემაში, სადაც უკვე ქუჩამ აიღო ძალაუფლება. ამ ერთობ ულამაზო, არააფხაზური საქციელის შემდეგ, ადამიანს ერთ დღე-ღამეში ათავისუფლებენ და ეს დროც მან გამომძიებლის კაბინეტში გაატარა, მითითებებს აძლევდა პრაქტიკულად მთელ სამართალდამცავ სისტემას - ვის რა უნდა გაეკეთებინა. მთლიანობაში, სამართალდამცავი სისტემა განადგურებულია. სახელმწიფოს კლავენ, როცა არ სჯიან დამნაშავეებს და სჯიან უდანაშაულოებს. აუცილებლად ვთვლი უფლებამოსილების მოხსნას და გადადგომას იმის გამო, რომ არ შემიძლია ჩემი უფლებებისა და ღირსების დაცვა კანონის ფარგლებში, ასეთ მაღალ თანამდებობაზე მყოფსაც კი. მე მხოლოდ აფხაზურად მოქმედების საშუალება მაქვს, რისთვისაც უნდა გავთავისუფლდე ჩემი უფლებამოსილებებისგან“.
უნდა ვაღიაროთ, რომ 27 მაისი არ იყო საუკეთესო დღე ჩვენს ისტორიაში, როცა ერთი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაჭრისას მეორეს შევეჯახეთ. ამის შემდეგ ხელისუფლება და ბრბო გათანაბრდნენ და დადგა ბრბოს მმართველობა.
გაბნიას არ გამოურიცხავს, რომ ეს ინციდენტი დაგეგმილი იყო მისი „თამაშიდან გამოსათიშად“. მისი სიტყვებით, 7-9 ოქტომბერს რესპუბლიკაში ვითარება გამწვავდება და იქნება ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ვიტალი გაბნიამ თანამოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, „მიუხედავად ყველანაირი იმედგაცრუებისა, რაც მათ ექნებათ“. გაბნია თვლის, რომ ყოველთვის შესაძლებელია უარესი სცენარის განვითარება, რადგან ამ გზით შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ სრულიად შემთხვევითი ადამიანები. ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ახლანდელი ხელისუფლება ბევრ ამოცანას ვერ გაუმკლავდა და ამისთვის პასუხისმგებლობას თავადაც იზიარებს:
„უნდა ვაღიაროთ, რომ 27 მაისი არ იყო საუკეთესო დღე ჩვენს ისტორიაში, როცა ერთი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაჭრისას მეორეს შევეჯახეთ. ამის შემდეგ ხელისუფლება და ბრბო გათანაბრდნენ და დადგა ბრბოს მმართველობა. თუმცა ჩვენმა ოპონენტებმაც უნდა აღიარონ და შეაფასონ 27 მაისის მოვლენები და მათაც, ვინც 27 მაისამდე მიიყვანა საქმე“ [2014 წლის 27 მაისს, მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა პრეზიდენტის თანამდებობა].
პრესკონფერენციაზე ვიტალი გაბნიამ მიმართა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, როგორც თავის თანამებრძოლს, და მოუწოდა არ წარადგინოს თავისი კანდიდატურა მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებზე, რითაც შეამსუბუქებდა დაძაბულობას. გაბნია ხაჯიმბას სთავაზობს „ფსონი დადოს მემკვიდრეზე, რომელიც დიდწილად შეძლებს კანონიერებისა და მარცხენაფლანგელების შედუღაბებას, რაც მოცემულ შემთხვევაში იქნებოდა ოპტიმალური, და რომ ასეთი ადამიანი არსებობს. ასეთ შემთხვევაში, გაბნიას აზრით, 2019 წლის არჩევნებზე კანდიდატს ხელისუფლებაში კანონიერად მოსვლის შესაძლებლობა ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაუფლებაში მოვა ქუჩა და როგორი შინაარსიანებიც უნდა იყვნენ ეს ადამიანები, ვერაფერს გახდებიან.
„მე, ჩემი მხრივ, იძულებული ვარ წავიდე, რომ დავიცვა ჩემი ღირსება, დავრჩე კაცად და გავაკეთო ის, რასაც შევძლებ და რისი უფლებაც მხოლოდ თანამდებობის მიღმა მექნება. ეს არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ გარემოებებს. ვიყავი და ვრჩები იმავე მხარეს, ჩემი მეგობრებისა და თანამებრძოლების გვერდით“, - აცხადებს ვიტალი გაბნია.
მან დააზუსტა, რომ ლაპარაკია პოლიტიკურ ველზე და არანაირი კრიმინალური სარჩული ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს.
აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში კომენტარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, რადგან, უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, მიმდინარეობს წინასაგამოძიებო შემოწმება.
ვიტალი გაბნია 1992-93 წლების ომის მონაწილეა. 2013 წელს ის იყო ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“-ს თავმჯდომარე. 2014 წლის 24 აგვისტოს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ერთად არჩეულ იქნა აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტად.
ეს აფხაზეთში ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მესამე შემთხვევაა. 2009 წლის მაისში ვიცე-პრეზიდენტობიდან გადადგა რაულ ხაჯიმბა, 2013 წლის დეკემბერში კი მიხეილ ლოგუა.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.