Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაველაშვილმა ვუჩიჩს უმასპინძლა: „დაინტერესებულნი ვართ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან პარტნიორობის გაფართოებით“

რაზე ისაუბრეს ლიდერებმა ვუჩიჩის თბილისში ვიზიტისას
რაზე ისაუბრეს ლიდერებმა ვუჩიჩის თბილისში ვიზიტისას

2026 წლის 15 ივნისს თბილისს ეწვია სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელსაც ქართველმა კოლეგამ, მიხეილ ყაველაშვილმა, უმასპინძლა.

ორბელიანების სასახლეში ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ფეისბუკზე დაწერა:

„შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრული კავშირებზე, კულტურულ სიახლოვეზე, საერთო ღირებულებებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ვისაუბრეთ“.

„ასევე, ვიმსჯელეთ საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე“, - დაწერა მან.

ლიდერებს შეხვედრის შემდეგ განცხადებები და მედიისთვის კომენტარები არ გაუკეთებიათ.

მოკლედ ვუჩიჩის შესახებ

  • სერბეთი ოფიციალურად ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის და პარალელურად ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, - რის გამოც ბრიუსელი ხშირად ახვევს კრიტიკის ქარცეცხლში;
  • ქვეყანას აქვს მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რასაც ბრიუსელი ასევე შეუსაბამობად უთვლის თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
  • სერბეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი სწორედ პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩია;
  • კრიტიკოსები მას ადანაშაულებენ ძალაუფლების კონცენტრაციაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებაში;
  • საზოგადოების ნაწილი სერბეთში, - ისევე, როგორც საქართველოში, - მმართველი პარტიის ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გამტარად თვლის. ბრალდებათა ადრესატები ამას ორივე ქვეყანაში უარყოფენ და ქმედებებს სუვერენული პოლიტიკის გატარების სურვილით ამართლებენ.

რაზე ისაუბრეს ლიდერებმა

მიხეილ ყაველაშვილის ცნობით, ვუჩიჩს უთხრა, რომ „ჩვენი კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის“.

ხაზი გაუსვა „ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებულ დინამიკას“:

  • ყაველაშვილი 2025 წლის დეკემბერში ბელგრადში იმყოფებოდა;
  • ეს იყო პრეზიდენტის დონეზე გამართული პირველი ვიზიტი სერბეთში;
  • „დღეს კი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველად სტუმრობს თბილისს, რაც საქართველო-სერბეთის პარტნიორობასა და ორმხრივ დიალოგს თვისობრივად ახალ იმპულსს შესძენს“, - თქვა მან.

მისივე განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ყურადღება გაამახვილეს „გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე“.

„საერთაშორისო წესრიგისა და ძალთა ბალანსის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ფონზე, ჩვენს რეგიონებში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს“, - წერს ყაველაშვილი.

„შუა დერეფანი“

ისაუბრეს „შუა დერეფანზეც“, - რომელიც ჩინეთს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპასთან აკავშირებს.

„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან პარტნიორობის გაფართოებით“, - წერს ყაველაშვილი.

მისი თქმით, ეს „ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებას“.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია“, - განაცხადა მან.

დამამტკიცებელ საბუთად კი დაასახელა „სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში გრძელვადიანი, მდგრადი სტაბილურობის მიღწევასა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობის გაღრმავებას“.

ყაველაშვილის თქმით, სერბეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის „მტკიცე მხარდაჭერისათვის“.

ვინ არის ალექსანდარ ვუჩიჩი

ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტია 2017 წლიდან, მანამდე, 2014-17 წლებში კი, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

იგი სათავეში უდგას მმართველ „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ და ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევა.

90-იან წლებში ვუჩიჩი ნაციონალისტურ პოლიტიკურ ბანაკში იყო, მათ შორის მუშაობდა ინფორმაციის მინისტრად სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის პერიოდში, - მილოშევიჩისა, რომელმაც კარიერა დაასრულა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში.

მან მოგვიანებით პოლიტიკური კურსი შეიცვალა და ევროპულ ინტეგრაციას დაუჭირა მხარი, თუმცა პრაქტიკაში ცდილობს, ერთდროულად შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე მოსკოვსა და პეკინთან.

ევროკავშირის კანდიდატი 2012 წლიდან

სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა 2012 წლიდან, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად 2014 წელს დაიწყო.

სერბეთს გახსნილი აქვს მოლაპარაკებების 35 თავიდან 22, თუმცა მხოლოდ 2 თავი აქვს დროებით დახურული.

შესაბამისად, ფორმალურად სერბეთი საქართველოზე ბევრად უფრო წინ არის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - თუმცა მისი ინტეგრაციის პროცესიც გაჭიანურებულია.

მთავარი დაბრკოლებებია კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების სანდოობა, კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან უფრო ფართო შეუსაბამობა.

სერბეთი, რუსეთი და უკრაინა

რუსეთსა და სერბეთს საუკუნეების განმავლობაში ახლო პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები ჰქონდათ, ორივე ქვეყანაში მეტწილად მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობენ.

ამასთან, მოსკოვი მხარს უჭერს ბელგრადს კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხში.

უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სერბეთმა დაგმო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და გაეროს რეზოლუციებს მხარი დაუჭირა, თუმცა ევროკავშირისგან განსხვავებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.

ენერგეტიკის მიმართულებითაც რუსეთი მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს - ქვეყანა დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე; ნავთობის სექტორში ასევე მნიშვნელოვანი წილი აქვთ რუსულ კომპანიებს.

წინააღმდეგობრივია სერბეთის ურთიერთობები უკრაინასთანაც.

ერთი მხრივ, სერბეთი აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - სანაცვლოდ იღებს უკრაინისგან მხარდაჭერას კოსოვოს არაღიარებაში.

„რკინის მეგობრობა“ ჩინეთთან

ჩინეთთან სერბეთის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაღრმავდა, - ცენტრალური ევროპის ქვეყნებით ჩინეთის მზარდი დაინტერესების ფონზე. პეკინი სერბეთში არის მსხვილი ინვესტორი ინფრასტრუქტურაში, სამრეწველო პროექტებში, გზებსა და რკინიგზაში.

ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ სერბეთისთვის ჩინეთი არის ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის ინსტრუმენტი. თავად ვუჩიჩი პეკინსა და ბელგრადს შორის ურთიერთობას ხშირად „რკინის მეგობრობას“ უწოდებს. ჩინეთი სერბეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

ახლახან, 2026 წლის მაისის ბოლოს, ვუჩიჩი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს. თავის მხრივ, სი ძინპინი სერბეთში 2024 წელს იმყოფებოდა.

„სერბეთი არის ავტონომიური, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და გააგრძელებს საკუთარ ინტერესებთან შესაბამისობაში მოქმედებას“, - თქვა ვუჩიჩმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის კრიტიკაზე პასუხად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG