Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენს ისტორიაში პირველად გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს“ - სერბეთის პრეზიდენტი


მიხეილ ყაველაშვილი (მარცხნივ) და ალექსანდარ ვუჩიჩი
მიხეილ ყაველაშვილი (მარცხნივ) და ალექსანდარ ვუჩიჩი

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სერბ კოლეგას, ალექსანდარ ვუჩიჩს, შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მინდა ვთქვა, რომ როგორც სერბეთის მოქალაქე და პრეზიდენტი, ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას იმიტომ, რომ ჩვენს ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს“, - თქვა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

მისი თქმით, მალე დაიწყება განხილვები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და თბილისში გაიხსნება სერბეთის საელჩო, რომელიც იქნება ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა:

„ჩვენ სერბეთის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს“.

მიხეილ ყაველაშვილი (მარცხნივ) და ალექსანდარ ვუჩიჩი
მიხეილ ყაველაშვილი (მარცხნივ) და ალექსანდარ ვუჩიჩი

მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა „ქართველებისთვის ძვირფას ქვეყანაში“ მიწვევის გამო.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბელგრადში, სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ, ბატონო ალექსანდარ... ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები, რომელზეც ისაუბრეთ, კიდევ უფრო მეტად მჭიდრო უნდა გავხადოთ“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს „საგანმანათლებლო სისტემაში ურთიერთობაზე“, სავაჭრო საკითხებზე. ყაველაშვილმა ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ევროკავშირზეც:

„ეს ჩვენმა საზოგადოებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ არსებული ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვს, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, სერბეთისთვის“.

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში გუშინ, 17 დეკემბერს, საღამოს ჩავიდა. დელეგაციაში არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სადავო პარლამენტის დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ასევე საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

  • სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ ხელისუფლება არ წყვეტს მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ამას ჩვეულებრივ მოვლენად თვლის;
  • საქართველოს მსგავსად, სერბეთის ხელისუფლებაც აცხადებს, რომ სერბები ევროკავშირში 2030 წლამდე ვერ გაწევრიანდებიან;
  • საზოგადოების ნაწილი სერბეთში, ისევე როგორც საქართველოში, მმართველი პარტიის ხელისუფლებებს რუსეთის ინტერესების მსახურებად თვლიან. ბრალდებათა ადრესატები ამას ორივე ქვეყანაში უარყოფენ.

გასულ წელს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც მილოცვა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისგან მიიღო - ძირითადად სამეზობლოდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG