Accessibility links

"სამწუხაროდ, წავაგეთ ყველამ: წააგო „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, წააგო ხელისუფლებამ, წააგო კომპანიამ და წააგო საქართველომ"


ზაზა მამულაიშვილი, "ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის" თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი

„ფრონტერა“ არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ამერიკელი პოლიტიკოსებისგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს თუ აშშ-ის ხელისუფლებისთვის გაგზავნილ არაერთ წერილშია ნახსენები რამდენიმე სხვა ამერიკულ კომპანიასთან ერთად, როგორც საქართველოში ბიზნესის შევიწროების მაგალითი. ასე იყო 2020 წლის 15 მაისის წერილშიც, რომლის ავტორები, სენატორები: ტედ კრუზი, ჯონ კორნინი და კონგრესმენები: ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი მიმართავენ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს. კერძოდ, წერილში წაიკითხავთ:

„ბოლო ერთი წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში თითქმის 50%-ით შემცირდა, როცა გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები დასავლური ბიზნესებისთვის გაიზარდა.

კარგი მმართველობის ეს პრობლემები პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკული კომპანიების შესაძლებლობებს, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან. „ფრონტერა რისორსიზ“, ტეხასური კომპანია, არის აშშ-ის უდიდესი უნვესტორი საქართველოს ნავთობისა და გაზის მოძიება-მოპოვების სექტორში. მათ განახორციელეს 500 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია ნავთობისა და გაზის მოძიებაში. ბოლო ხანს „ფრონტერა“ იქცა შემზღუდავი რეგულაციებისა და აკრძალვების სამიზნედ, ახლა კი საქართველოს მთავრობის მხრიდან ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშე დგას. 2019 წელს კიდევ ერთი ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ მსგავსად იყო გაძევებული ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმიდან, რამაც გააჩერა პროექტი“.

წერილის ავტორები ითხოვენ ინფორმირებას იმის შესახებ, რამდენად არის:

  • საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნება“, გარეული იმ ამერიკული ბიზნესების გაძევების მცდელობებში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ინვესტიციას დებენ;
  • ასეთი მოქმედებები მოტივირებული გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის რუსეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირებით;
  • შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საქართველოში საფრთხის შემქმნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული ინტერესისთვის, მათ შორის:
  • პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების წინასწარგამიზნული გაძევება უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რუსეთის გავლენების დაცვას.
  • ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს, კონკრეტულად, პორტების კონტექსტში.

„ფრონტერა რისორსიზ“ რამდენიმე ქვეყანაში საქმიანობს შვილობილი კომპანიების მეშვეობით. საქართველოში ის რამდენიმე შვილობილი კომპანიით არის წარმოდგენილი. მათ შორისაა: „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი“, „ფრონტერა რისორსიზ იუ-ეს ელ-ელ-სი“ და „ფრონტერა ისტერნტ ჯორჯია“. ფაქტია, რომ დღეს საზოგადოების ინტერესი კომპანიის მიმართ სწორედ ამერიკელი პოლიტიკოსების წერილებმა და სტოკჰოლმის არბიტრაჟში საქართველოს ხელისუფლების მიერ შეტანილმა სარჩელმა გააღვიძა. „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი პირი, ზაზა მამულაიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„ვისურვებდი, „ფრონტერას“ სახელი უფრო ფართოდ ყოფილიყო ცნობილი სწორედ იმ შესანიშნავი შედეგებით, რაც 560 მილიონი დოლარის ინვესტირებით მივიღეთ და ეს უზარმაზარი ღირებულება შევქმენით ქვეყნისთვის. ეს გარკვეულწილად ალბათ ჩვენი ბრალია, რადგან ყოველთვის ვფიქრობდით, რომ არ ვაწარმოებდით სარეკლამო პროდუქციას, ვინაიდან ჩვენ ვეძებთ და მოვიპოვებთ ნავთობსა და გაზს. ამიტომ ვთვლიდით, რომ ზედმეტი ინფორმირება ჩვენი საქმიანობის შესახებ არცთუ ისე მიზანშეწონილი იქნებოდა, ვინაიდან ჩვენს პარტნიორს „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციას“ შეეძლო უფრო ფართოდ გაეშუქებინა ჩვენი წარმატებები წლების მანძილზე. ვფიქრობდით, ასე იქნებოდა, რადგან ჭეშმარიტი პარტნიორობა სწორედ ასე წარმოგვედგინა.

მაგალითად, 2004 წელს ჩვენ ვიყავით კომპანია, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოში არსებული ერთ-ერთი პროექტით საფონდო ბირჟაზე მობილიზება გაუკეთა კაპიტალს, ლისტინგი გავაკეთეთ პირველად და ეს მაშინ იყო დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. ეს თანხა მთლიანად ქართულ საინვესტიციო პროექტს მოხმარდა. ამით გაიცნო მსოფლიოს კაპიტალის საერთაშორისო საფონდო ბაზარმა საქართველო. შემდეგ ამ თანხით ძალიან დიდი წარმატებით ჩავატარეთ სამუშაოები ბურღვის, სეისმიკის, კვლევის და ძალიან დიდი მარაგები აღმოვაჩინეთ ნავთობის და ბუნებრივი გაზის.

ეს იმდენად დიდი წარმატება იყო არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ვფიქრობდით, უფრო პოზიტიურ ჭრილში წარმოგვადგენდა ჩვენი პარტნიორი საქართველოში.

ჩვენც შეგვეძლო ამის გაკეთება და ლონდონის ბირჟაზე სულ ვლაპარაკობდით ამაზე. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო საკმარისი, რომ საქართველოს საზოგადოება უკეთესად ყოფილიყო ინფორმირებული“.

„ფრონტერასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა დაიწყო 23 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით:

„1997 წელს სახელმწიფოსთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენ ვიღებთ მთელი ინვესტიციის რისკს ჩვენს თავზე, რომ ვაწარმოოთ სამუშაოები, ვიპოვოთ და შემდეგ მოვიპოვოთ ნავთობი და გაზი ამ საბადოებიდან. სახელმწიფოს არ აქვს არანაირი კაპიტალდაბანდების ვალდებულება და მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი, ნახევარზე მეტი, სრულიად უსასყიდლოდ ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. თუკი წარუმატებლად განვითარდა ეს ყველაფერი, მთელი რისკი ინვესტიციის არის ჩვენი.

საბედნიეროდ, ძალიან წარმატებით განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. ამ დროისათვის 560 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად აღმოვაჩინეთ 350 მილიარდი კუბური მეტრი ამოსაღები გაზის - ეს გახლავთ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კახეთის რეგიონში და აგრეთვე მილიარდ-ნახევარი ბარელი ნავთობის მარაგი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენმა თანამშრომლებმა და მეცნიერებმა, არამედ მსოფლიოში აღიარებულმა მარაგების სერტიფიცირების კომპანიებმაც დაადასტურეს. ამ მარაგების უდიდესი ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფოს. მოპოვებული ნავთობის და გაზის ნახევარზე ნაკლები არის „ფრონტერას“ წილი. ამის მეშვეობით უნდა აინაზღაუროს კომპანიამ ჩადებული ინვესტიციები და ამის შემდეგ ნახავს მოგებას.

სახელმწიფო პირველი დღიდან არის მოგებაში, რაც „ფრონტერამ“ დაიწყო სამუშაოები. ყოველწლიურად 30-40 მილიონ დოლარის სამუშაოებს ვატარებთ.

2013 წლიდან სრულიად ახალი სიმაღლეები დაიპყრო ჩვენმა პრობლემებმა, ძალიან გართულდა რეალურად „ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებთან მუშაობა. ყოველდღიურად და ყოველწლიურად უარესდებოდა სამუშაო და საინვესტიციო გარემო, რომელშიც აღმოვჩნდით“.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რა იყო „ფრონტერასა“ და სახელმწიფო კორპორაციას შორის ურთიერთობის გაუარესების არსი, ზაზა მამულაიშვილი ამბობს:

„ამ გართულების მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ ძალიან წარმატებით შევძელით გაბურღვა და შემდეგ ტესტირება გაზის ჭაბურღილებისა. როგორც კი ამის შესახებ ვაცნობეთ „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, ენერგეტიკის სამინისტროს, ველოდით, რომ დიდი სიხარულით მიიღებდნენ ამ ამბავს, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

სწორედ ამის შემდეგ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი გართულებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ამ წარმატებული ტესტირების შემდეგ, როცა გადავწყვიტეთ, გაზის ეს ერთ-ერთი საბადო შეგვეერთებინა გაზსადენით მაგისტრალურ მილსადენთნ, სახელმწიფომ არ მოგვცა გაზსადენის მშენებლობის ნებართვა, მიუხედავად იმისა, რომ კანონითაც გვეკუთვნოდა და ხელშეკრულებითაც. ხანგრძლივი კომუნიკაციის შემდეგ მაინც არ გვაძლევდნენ, სანამ არ მოხდა კონგრესის წევრების ჩარევა და კომუნიკაცია სახელმწიფოს, სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრთან. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცეს გაზსადენის მშენებლობის უფლება. ეს იყო 2014 წელს. მანამდე ერთი წელი ვცდილობდით მოლაპარაკების გზით მიგვეღწია შედეგისთვის.

2014 წელს, როგორც იქნა, ავაშენეთ 16-კილომეტრიანი გაზსადენი. ამის შემდეგ აღარ მოგვცეს უფლება, რომ ჩვენსავე აშენებულ გაზსადენში ჩვენივე მოპოვებული გაზი გაგვეტარებინა. ეს ლიცენზია არ მოგვცეს, სანამ კიდევ არ შედგა კომუნიკაცია ვაშინგტონიდან, სანამ კიდევ არ მიმართეს კონგრესის წევრებმა პრემიერ-მინისტრს. ეს იყო ხანგრძლივი, ბიუროკრატიული, სრულიად დაუსაბუთებელი უარი. რაც უნდა ტექნიკური ან კომერციული დასაბუთებით მიგვემართა, პასუხი მაინც იყო უბრალოდ - „არა“ და აი, ამ „არა“-ს ვერ გავცდით, სანამ კომუნიკაცია არ შედგა ვაშინგტონიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრა ეს საქმე ნულოვანი წერტილიდან

საბოლოოდ, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის მასშტაბით უამრავ მომხმარებელს მიეწოდებოდა სადისტრიბუციო ქსელით საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი აირი. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ბუნებრივი გაზის მოპოვების, დისტრიბუციის და გამოყენების მხრივ“.

გასულ თვეში სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ როგორც საქართველოს სახელმწიფო კორპორაციის, ისე „ფრონტერას“ მიერ გავრცელდა განცხადებები, რომლებშიც ორივე მხარე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით კმაყოფილებას გამოთქვამდა. ამ საკითხზე ზაზა მამულაიშვილი „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ ასეთ დავაში მოგებული არავინ არის და არბიტრაჟის შედეგს ასე განმარტავს:

„„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ განცხადება მათ მიერ დავის მოგებაზე, იყო უპასუხისმგებლო. სამწუხაროდ, წავაგეთ ყველამ: წააგო „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, წააგო ხელისუფლებამ, წააგო კომპანიამ და წააგო საქართველომ.

ეს იმიტომ, რომ ასეთ დავაში მოგებული არ არსებობს. საქართველო სრულიად სხვაგვარად გამოჩნდა მთელ მსოფლიოში, როგორც ქვეყანა, რომელიც აგრესიულად ექცევა 23 წლის ყველაზე დიდ ამერიკელ ინვესტორს ქვეყანაში და, სხვათა შორის, მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამ დღეში. ამიტომ აქ მოგებული მხარე არ არის. ყველა დაზარალდა. ყველამ წავაგეთ.

შინაარსით კი, ხელისუფლება ითხოვდა, რომ ჩვენ დავარღვიეთ პირობები და უნდა გადაგვეხადა ჯარიმის სახით 320 მილიონ ლარზე მეტი. ეს იყო უსაფუძვლო და, რა თქმა უნდა, არბიტრაჟმა არ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა. აგრეთვე, ხელისუფლება ითხოვდა, რომ გაეუქმებინათ ეს ხელშეკრულება ჩვენთვის, რაც ასევე არ დაუკმაყოფილა არბიტრაჟმა.

რაც სახელმწიფოს არბიტრაჟმა დაუკმაყოფილა, იყო ის, რომ ჩვენ „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ავანსად გადავუხადოთ დაახლოებით 200 ათასი დოლარი, რასაც 23 წლის განმავლობაში ვაკეთებთ და არც ახლა ვუარობდით, რომ ამ ავანსს მათ გადავუხდიდით, და მეორე - რომ ის ტერიტორიები, სადაც ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს არ ვაწარმოებთ, დაგვებრუნებინა მათთვის, რაც უკვე გავაკეთეთ, დაახლოებით 3-4 კვირის წინ.

ამ ყველაფერში 42 მლნ ლარი გადაიხადეს იურისტებში და ექსპერტებში და მთელ მსოფლიოს მოსდეს ის ამბავი, რომ ასეთი აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეთ ინვესტორების მიმართ“.

29 აპრილს „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გაავრცელეს განცხადება „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და ამ კომპანიისთვის შეტყობინების გაგზავნაზე. „ფრონტერას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანია აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება პერსპექტივას:

„არც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით და არც ხელშეკრულების მიხედვით, „ნავთობისა და გაზის სააგენტოს“ არანაირი უფლება არ აქვს შეგვიწყვიტოს ხელშეკრულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას. გაუგებარია ჩვენთვის - თუკი აპირებენ ექსპროპრიაციას და იმას, რომ ძალით აღარ მიგვიშვან ჩვენსავე ინვესტიციებამდე, მაგას დღეს ვერ ვიტყვი. ეს ძალიან უგუნური საქციელი იქნება. ძალიან დააზიანებს ქვეყნის იმიჯს. ვიმედოვნებ, ამას არ გააკეთებენ. თუმცა, ამის არც იურიდიული, არც კონტრაქტუალური უფლება არ აქვთ, რომ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება“.

რატომ არ მიმართა „ფრონტერამ“ თავად სასამართლოს იმ ეპიზოდებში, როცა პირველად წააწყდა სახელმწიფო კომპანიისგან სირთულეებს? ზაზა მამულაიშვილის პასუხი:

„იმიტომ, რომ ბიზნესმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი იმიჯი ჰქონდეს ქვეყანას, კომპანიას, რომ აქციონერები, ფონდები დაინტერესებული იყვნენ იმ ქვეყანაში მუშაობით და ინვესტირებით. თუკი ქვეყანას ექნება ცუდი იმიჯი საზღვარგარეთ, აღარ დააინტერესებთ აქციონერებს საქართველოში მოსვლა. ამიტომ დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდით ამ საკითხს“.

რაც შეეხება „ფრონტერას“ საპასუხო სარჩელს სახელმწიფოსგან დიდი თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე:

„ის 3,5 მილიარდის შესაგებელი სარჩელი კეთილი ნებით გამოვიტანეთ უკან ერთი წლის წინ და ამის მერე ვცადეთ შეთანხმებით დაგვესრულებინა მათთან ურთიერთობა. ახლა არ ითხოვს კომპანია არანაირ თანხას“.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმ გართულებების, რასაც „დილის საუბრების“ სტუმარი აღწერს? ვინ შეიძლება იყოს ამით დაინტერესებული?

„მიზეზი რა უნდა იყოს, თუ არა ის სურვილი, რომ საერთოდ არ იყვნენ ამერიკული კომპანიები აქ? კონკრეტული კომპანიის/ების ინტერესის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ნახევარმილიარდიანი ინვესტიციის შემდეგ რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, იქნება „როსნეფტი“, „გაზპრომი“ თუ ჩინეთის „სი-ენ-პი-სი“, ან „სოკარი“, სიამოვნებით დაიწყებდნენ ამ ყველაფრის განვითარებას უჩვენოდ“.

ზაზა მამულაიშვილი თვლის, რომ საქართველოს გააჩნია საკმარისი წიაღისეული რესურსები ენერგოდამოუკიდებლობისთვის:

„საქართველო, რომელსაც გააჩნია თავისი რესურსი ბუნებრივი გაზის და აუცილებლად მიაღწევს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რადგან პოტენციალი უზარმაზარია, სრულიად სხვა პოზიციას იკავებს ეკონომიკურად და პოლიტიკურად რეგიონში. საქართველოზე უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა აქვს აზერბაიჯანს, რადგან გაზს აწვდის, უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა აქვს რუსეთსაც, რომელიც 10-20%-ს აწვდის წლიური მოხმარების. თუკი ამის საჭიროება არ იქნება და თავისი რესურსი ექნება, ეს გახდის საქართველოს ენერგეტიკულად დამოუკიდებელს, უფრო მდიდარსა და ძლიერს ეკონომიკურად“.

„ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებს, რომ ემხრობა სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებას და ელოდება პასუხს „ფრონტერასგან“:

„გასაჯაროებას ჩვენ ვემხრობით, ოღონდ შევთავაზეთ რამდენჯერმე ქართულ მხარეს - „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“, რომ ერთობლივი განცხადება გავაკეთოთ არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან გადაწყვეტილება არის ძალიან მკაფიო და არ ტოვებს ადგილს სპეკულაციისთვის. ამიტომ, ერთობლივად განვაცხადოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო არბიტრაჟმა, რაზეც მრავალჯერ მივმართეთ და არ გვთანხმდებიან.

რაც შეეხება 152-გვერდიანი დოკუმენტის გასაჯაროებას, რთულია ამის გაკეთება, ვინაიდან ეს დოკუმენტი შეიცავს ძალიან დიდ ნაწილს კომერციული კონფიდენციური ინფორმაციისა. მასში არის ტექნიკური კონფიდენციური ინფორმაცია ძალიან ბევრი და სხვადასხვა პირის პერსონალური ინფორმაცია. ამიტომ, სანამ ამ ყველაფერს იურიდიულად გავწმინდავთ ისე, რომ შესაძლებელი იყოს დარჩენილი დოკუმენტის გასაჯაროება, ამას დასჭირდება დრო. ამიტომ ბევრჯერ მივმართეთ კორპორაციას და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი განცხადების გაკეთების წინადადებით, რაზეც რამდენჯერმე უარი მივიღეთ“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG