Accessibility links

"ანაკლია საკმაოდ მსხვილი პროექტია იმისთვის, რომ ვიღაცამ ერთი ხელის მოსმით გადაყლაპოს"


  • "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივ დონეზე არავინ ცდილობს, ან, თუ ცდილობს, ვერ შეძლებს ანაკლიის პორტის შეჩერებას"
  • "ანაკლია, როგორც მსხვილი პროექტი უდრის უსაფრთხოებას. ის გაცილებით მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე რისკი"
  • "ანაკლია საკმაოდ მსხვილი პროექტია იმისთვის, რომ ვიღაც შეეცადოს და ერთი ხელის მოსმით გადაყლაპოს. და თუკი შეეცდება ამის გაკეთებას, ალბათ, ყელში გაეჩხირება"
  • "ანაკლიის მიმართ ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ის ინტერესები რუსეთს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს უხეშ და დაუნდობელ მანევრირებას, ექსკლუზიურად მოპოვებულ აგრესიული მოქმედებების შესაძლებლობას მთელ შავი ზღვის რეგიონში"
  • "რუსები ერთადერთს აფასებენ საერთაშორისო ურთიერთბებში - როდესაც მათ პრინციპულად პასუხობენ და ძალას აჩვენებენ. ამიტომ გვჭირდება ნატოს ქოლგა"

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივ დონეზე არავინ ცდილობს, ან, თუ ცდილობს, ვერ შეძლებს ანაკლიის პორტის შეჩერებას", - აცხადებს ზვიად აძინბაია, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, ნატოს თავდაცვის კოლეჯის ყოფილი მკვლევარი "დილის საუბრებში".

ზვიად აძინბაია ხსნის ანაკლიის პორტის მნიშვნელობას შავი ზღვის უსაფრთხოებისა და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ამასთან, თვლის, რომ პროექტის წარმატებას ლოკალური მნიშვნელობაც აქვს - ის ხელს შეუწყობს ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ურთიერთობების აღდგენა-განვითარებას:

"მოვა დრო და იმედი მაქვს, მალე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსა და დანარჩენ საქართველოს შორის დადგება ურთიერთობების გაუმჯობესების და დაახლოების მეტი საჭიროება. გვჭირდება მექანიზმები, რითაც ეს გაკეთდება. შესაბამისად, ბიზნესურთიერთობები არის ძალიან მყარი ინსტრუმენტი ამისთვის".

უსაფრთხოების სპეციალისტის შეფასებით, ანაკლიის მასშტაბის და მსგავსი შორსმიმავალი ბიზნესპროექტი, მექანიზმი საქართველოს არ აქვს. მის აქტუალურობას ზრდის ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვე. ამასთან ბევრი ამას პირველ რიგში საფრთხედ აფასებს. ზვიად აძინბაია ანაკლიის პროექტში პირველ რიგში შესაძლებლობებს ხედავს სწორედ არსებული რისკების ფონზე:

"არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთ პროექტებს თავიდანვე რისკების პრიზმაში შევხედოთ... შესაძლებლობა იმიტომ არის და გამოწვევის კომპონენტს პასუხს ის გასცემს, რომ ანაკლიის პროექტში უნდა მონაწილეობდნენ მსხვილი კომპანიები, მათ შორის ამერიკული კომპანიები და სხვა ევროპული და საერთაშორისო კომპანიები. თუ ამერიკული კომპანია იქნება ანაკლიაში განთავსებული, მისი ხელყოფა უდრის აშშ-ს ინტერესების ხელყოფას. ანაკლია, როგორც მსხვილი პროექტი უდრის უსაფრთხოებას. ის გაცილებით მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე რისკი".

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი კიდევ უფრო მეტად გააქტუალურდა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები შავი ზღვის აკვატორიაში მისი ყოფნის გაზრდასა და არა მხოლოდ ნატოს წევრი, არამედ არაწევრი, პარტნიორი სახელმწიფოების როლის გაძლიერებაზე.

რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია - აფხაზეთი შავ ზღვაზე კონტროლის გაძლიერებისთვის გამოიყენოს და იქ ანტისაჰაერო სისტემებს აძლიერებს:

"ანაკლია არის დიდი, ფართო შესაძლებლობა ამ ტურბულენტურ გარემოში. ანაკლია არის სწორედ განაცხადი, რომ ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები და მშვიდობა არის ყველასთვის სასურველი კონდიცია. შესაბამისად, ანაკლია არის აბსოლუტური საპირწონე იმისა, რასაც რუსეთის ფედერაცია აკეთებს".

ზვიად აძინბაია ჩამოთვლის ფაქტორებს, რის გამოც ანაკლიის პროექტი მიუღებელია რუსეთისთვის:

"რუსეთისთვის ანაკლია პრობლემატურია: პირველი იმიტომ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის მთლიანად ევროატლანტიკურ სივრცეში და მის მიღმა; მეორე - რუსეთის ინტერესებში, ცხადია, არ შედის, რომ ეს პროექტი ნოვოროსიისკის პორტს უწევს კონკურენციას, რომელიც არც ისე შორს არის გეოგრაფიულად და მესამე - ანაკლიის მიმართ ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ს ინტერესები რუსეთს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს უხეშ და დაუნდობელ მანევრირებას, ექსკლუზიურად მოპოვებულ აგრესიული მოქმედებების შესაძლებლობას მთელ შავი ზღვის რეგიონში".

"დილის საუბრების" სტუმარი ხაზს უსვამს საქართველოს დიპლომატიის როლს როგორც ანაკლიის პორტის განვითარების, აგრეთვე ოპერირების ეტაპზე. მას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი ადგილზეც შეეცდება პროცესების ხელისშეშლას და მანიპულირებას:

"ასეთ ტურბულენტურ ზონაში, სადაც შავ ზღვას რუსეთის ფედერაცია აღიქვამს როგორც შეტაკების არეალს, როგორც გეოპოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობების არეალს, ლიდერობა სჭირდება ისეთი პროექტების გაკეთებას, როგორიც არის ანაკლია, სჭირდება ძალიან შორსმიმავალი ფიქრი და თავდადება არა მხოლოდ ბიზნესის თვალსაზრისით, არამედ იმ გაგებით, რასაც ქვია საქართველოს საერთაშორისო როლის გაზრდა".

უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტია არ არსებობს. უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა მხოლოდ სწორი მიმართულებით სვლასა და გაბედულ პროექტებშია.

"თუ შიშში ვიქნებით, არ გამოგვივა არაფერი, გავღატაკდებით და ამოგვხდება სული. თუ ისეთ გაბედულ პროექტებს გავაკეთებთ, როგორიც არის ანაკლია, ეს გაზრდის ჩვენდამი ინტერესებს და გავხდებით უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორც შავ ზღვაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში".

ზვიად აძინბაიამ "დილის საუბრებში" ილაპარაკა საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე და იმათ პასუხად, ვინც დღეს ამ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ამბობს:

"ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, ყველანაირი შიშისგან დაცლილი. მითია ის, რომ ჩვენ ნატოში შევალთ და რუსები რაიმე სამხედრო აგრესიას დაიწყებენ საქართველოს წინააღმდეგ. ნატოს არცერთი წევრი სახელმწიფოს მიმართ რუსეთს სამხედრო აგრესია არ დაუწყია და ვერც დაიწყებს, რადგან ნატოს ჯამური შესაძლებლობები პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს წარმოუდგენელი მასშტაბებით აღემატება. რუსები ერთადერთს აფასებენ საერთაშორისო ურთიერთბებში, როდესაც მათ პრინციპულად პასუხობენ და ძალას აჩვენებენ. ამიტომ გვჭირდება ნატოს ქოლგა".

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ასახელებს ანაკლიის პროექტის მიმართ ერთიანობას:

"თუ ამაში ჩვენ ერთიანები არ ვიქნებით, არაფერი გამოვა. არათუ ანაკლია არ გამოვა, არამედ სხვა მსგავსი პროექტები, რომლებიც საქართველოს როგორც წყალი, ისე სჭირდება".

Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG