Accessibility links

ზრდილობიანი არჩევნებისკენ სწრაფვა თუ ტვირთი და ცენზურა?


არჩევნებისთვის პარტიებს "სიძულვილის ენა" ეკრძალებათ და ანტირეკლამისთვის მხოლოდ 25%-იანი ზღვარი უწესდებათ; მედიამ კი ჯარიმის შიშით უნდა აკონტროლოს განსათავსებელი პოლიტიკური რეკლამის შინაარსი - ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსისთვის შემუშავებული ცვლილებები, სადაც ოპონენტები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და მედიის შევიწროების საფრთხეს ხედავენ.

„ქართული ოცნების მიერ“ საერთაშორისო რეკომენდაციებით გამართლებული ცვლილებები, მაგალითად, მედიის შემთხვევაში - იმავე რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ვინ, რას და როგორ გაზომავს?

პოლიტიკური რეკლამის შინაარსსა და მედიის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები ოპონენტების შეშფოთებას რამდენიმე კუთხით იწვევს:

  • ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს სარეკლამო რგოლის 25%-ს;
  • საარჩევნო პროგრამა, მოწოდება/განცხადება,ძალადობრივ და ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკასთან ერთად, არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას;
  • მაუწყებელს ეკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში განათავსოს ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა რომლის შინაარსიც „აშკარად ეწინააღმდეგება“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
  • დაჯარიმდება როგორც საარჩევნო სუბიექტი, ასევე - მედიასაშუალება, რომელიც განათავსებს რეკლამას „წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან, ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებით“ კანონის უგულებელყოფით;
  • ჯარიმა შეადგენს რეკლამის განთავსებისთვის/გამოქვეყნებისთვის/გადაცემისთვის განსაზღვრული ტარიფის ორმაგ ოდენობას.

„ნეგატიურ რეკლამებსაც აქტიურად ვიყენებდით, ყველა კომპონენტს ვიყენებდით, რადგან თავისუფლება გვქონდა. უნდათ, რომ ცენზურა დაგვადონ, რომ რეკლამაში 25%-ზე მეტი არ იყოს ნეგატიური“, - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან კონტროლის დაწესებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს ხედავს. „ხელისუფლებამ ამით შესაძლოა კრიტრიკული აზრის ჩახშობა სცადოს - ეს ძალიან სახიფათო ჩანაწერია“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე.

„აწუხებს ჩვენს საზოგადოებას... წინა არჩევნებზეც აშკარად გამოჩნდა, რომ სიძულვილის ენის ტირაჟირებამ და აფიშირებამ აშკარად შეაწუხა ჩვენი საზოგადოება“, - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, დავით მათიკაშვილს იმედი აქვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები წინასაარჩევნო გარემოს ლანძღვა-გინებისგან და მტრული მიდგომებისგან გაათავისუფლებს.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი ის ასპექტი, რისიც ეშინია მესამე სექტორს - გაუგებარია ვინ და რას გულისხმობს სიძულვილის ენაში.

მესამე სექტორში არ დავობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დამკვიდრებული ლანძღვისა და შეურაცხყოფის პრაქტიკა მოსაწონი არ არის, მაგრამ ეს მათთვის უფრო ეთიკურ ჭრილში განსახილველი საკითხია და ისიც იციან, რომ - ზრდილობა ყველას არ ახასიათებს.

ხოლო რაც შეეხება სიძულვილის ენას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ დღეებში ბევრჯერ განმარტეს, რომ სიძულვილის ენა ლანძღვა-გინებას არ ნიშნავს.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განსაზღვრებით, სიძულვილის ენა „გამოხატვის ნებისმიერ ფორმას მოიცავს, რომელიც რასობრივი სიძულვილის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის სხვა ფორმების გავრცელებას, წახალისებას, ხელშეწყობას ან სტიმულირებას ახდენს“.

„ვერ ვხედავთ იმ ჩანაწერის საჭიროებას, რომელიც შეეხება სიძულვილის ენას, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ეს ვინმემ შეამოწმოს ან რეალურად დაითვალოს, ასევე - არ არის გამორიცხული, რომ ეს გახდება პოლიტიკური ანგარიშსწორების წინაპირობა. თუ მაინც ამ ტიპის ჩანაწერი უნდა იყოს კანონში, აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს, რა იგულისხმება სიძულვილის ენაში“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე მედიაორგანიზაციების დასჯის ბერკეტებს:

  • რადგანაც ზუსტი კრიტერიუმები არ არის დადგენილი, როგორ უნდა გაიზომოს ანტირეკლამის 25%-იანი წილი, შესაძლოა - კანონის ჩანაწერი ბოროტად იქნას გამოყენებული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ;
  • რადგანაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სიძულვილის ენის ცნება, საარჩევნო კოდექსის ასეთი ჩანაწერი შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ;
  • ასეთ გაურკვეველ პირობებში მედიისთვის ჯარიმის დაწესების ალბათობა ზღუდავს მის უფლებებს და ზედმეტ ტვირთად აწვება.

მედიის ახალი ტვირთი

მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, სულხან სალაძე ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს მედია - „პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებების გამო მედია არ უნდა აგებდეს პასუხს.“

ამავე აზრისაა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. როგორც მან განაცხადა 6 აგვისტოს, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ამ ცვლილებებით მედიას ეკისრება ის, რაც სასამართლოს პრეროგატივაა.

  • „არ არის მედიასაშუალების შესაფასებელი, არის თუ არა (პოლიტიკურ რეკლამაში) გამოყენებული სიძულვილის ენა, დარღვეულია თუ არა კანონის ესა თუ ის ნორმა“;
  • „ეს არის სასამართლოს შესაფასებელი“;
  • „თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა დაარღვია კანონი, ამაზე თავად საარჩევნო სუბიექტმა უნდა აგოს პასუხი და არა - მედიასაშუალებამ“;
  • „მედიას არ უნდა დაეკისროს ცენზორის როლი და შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა“.

პასუხისმგებლობისგან მედიის გათავისუფლება არ წარმოუდგენიათ „ქართულ ოცნებაში“. მაგალითად, ირაკლი კობახიძეს პორნოგრაფიასთან დაკავშირებული მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ თუკი ესა თუ ის პარტია ტელევიზიაში 30-წამიან პორნოგრაფიულ კლიპს მიიტანს, ტელევიზიამ უნდა გადაამოწმოს, რამდენად თავსებადია მისი გაშვება კანონმდებლობასთან.

„ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იქნებ უნდა იმ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება?! ვუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას იმიტომ, რომ სხვა ინტერესები დავიცვათ“, - ამბობს კობახიძე.

როგორ ვკითხულობთ საერთაშორისო რეკომენდაციებს?

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სადავოდ ქცეული ცვლილებები ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODHIR) რეკომენდაციებს ეყრდნობა - „უნდა მოწესრიგებულიყო მათ შორის - სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის საკითხები“. კობახიძეს სჯერა, რომ სადავოც არაფერია, რადგან არაფერი იზღუდება.

ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

ეუთო/ოდირის მისიას ნამდვილად არ გამოჰპარვია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპონენტებს ერთმანეთისთვის არ დაუკლიათ შეურაცხმყოფელი და სალანძღავი შეფასებები. მაგრამ ეს ყველაფერი შეფასებულია არა სიძულვილის ენის გამოვლინებად, არამედ „ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის ზღვარზე“ მისულ ურთიერთობად.

მისიის საბოლოო ანგარიშში მოყვანილია მაგალითებიც:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ქალბატონ ზურაბიშვილს დროდადრო „მოღალატედ“ მოიხსენიებდნენ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ „ამორალურ შეიარაღებულ ბანდას“ უწოდებდნენ;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ნაცისტებთან, ტერორისტებთან ან სატანასთან“ იყო შედარებული. ამ დემონსტრაციების ორგანიზატორები „პარტიის განადგურებას ან მოსპობას“ ითხოვდნენ;
  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პერიოდულად „სისხლიან კრიმინალურ რეჟიმად“, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების სურვილს „სამოქალაქო ომად და შურისძიებად“ მოიხსენიებდნენ;
  • მიხეილ სააკაშვილმა ებრაელების, ბანგლადეშელებისა და ინდოელების მიმართ ორი მიკერძოებული და დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა;

საერთაშორისო დონეზე მიღებული პრაქტიკის მიუხედავად, ქვეყანაში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი კანონმდებლობა არ არსებობს, ხოლო ხელისუფლებას ეს განცხადებები არ განუხილავს იმის დასადგენად წარმოადგენდნენ თუ არა ისინი სიძულვილის ენას“, - წერია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.

რაც შეეხება მედიასაშუალებების პასუხისმგებლობას, ანგარიშში განმარტებულია, რომ რეკლამის შინაარსზე მედიას პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრება, როდესაც ის სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს.

  • „მედიასაშუალებები პასუხს არ უნდა აგებდნენ მათ მიერ ეთერში გაშვებული პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე“...
  • იმ შემთხვევების გარდა, „როდესაც სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით რეკლამის შინაარსი უკანონოდ იქნა მიჩნეული“...
  • „ან თუ ეს განცხადებები შეიცავენ პირდაპირ მოწოდებებს ძალადობისკენ და მედია საშუალებას მათი გავრცელების აღკვეთის შესაძლებლობა გააჩნდა”.

ასეთი მიდგომაა ჩამოყალიბებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლისა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის 2009 წლის ერთობლივ განცხადებაში მედიისა და არჩევნების შესახებ.

"ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ საარჩევნო ცვლილებებს, 5 და 6 აგვისტოს, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ორი ხანგრძლივი შეხვედრა მიეძღვნა. ამ და სხვა საკითხებზე გამართული აქტიური დისკუსიის შემდეგ, ჯერ ისევ უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი პარტია ოპონენტთა განსხვავებულ აზრს.

დაწერეთ კომენტარი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG