Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის თეატრის შენობა დაანგრიეს


თეატრის ნანგრევები
თეატრის ნანგრევები

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობისგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა, რომლისგანაც ტერიტორია ამ წუთებშიც იწმინდება. 70 წლის შენობისგან მთელი მხოლოდ ორი მოჩუქურთმებული ქვა გადარჩა, რომლებზეც ამოტვიფრულია საბჭოთა კავშირის სოციალისტური მოძრაობის სიმბოლო - ნამგალი და ურო. ეს ქვები თეატრის ფასადს „ამშვენებდა“, მომავალში კი ახალ შენობაში, მუზეუმის განყოფილებაში დაიდებს ბინას.

ზუგდიდის თეატრის შენობა დაანგრიეს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00
გადმოწერა

ახალი შენობის მშენებლობა კი, როგორც თეატრის დირექტორი ზურაბ ეგუტია აცხადებს, რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს და 2020 წლისთვის დასრულდეს.

თავდაპირველი პროექტის თანახმად, დაგეგმილი იყო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია, მაგრამ დემონტაჟის პროცესში გაირკვა და მოგვიანებით ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ შენობა რემონტს არ ექვემდებარებოდა.

ზუგდიდის თეატრი დაანგრიეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

„დემონტაჟის დროს გაირკვა, რომ საძირკველი არ ექვემდებარებოდა სტანდარტებს. ჩვენი შენობა იყო 2-სართულიანი, ახალი კი იქნება 4-სართულიანი, სადაც განთავსებული იქნება სასტუმრო, კაფე-ბარები, საგრიმიორო და ყველა ის მოწყობილობა, რაც საჭიროა თანამედროვე თეატრისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ.

სამშენებლო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ჯამში, შენობის რეკონსტრუქციისთვის 12 მილიონი ლარია გათვლილი, თუმცა ზურაბ ეგუტია ამბობს, რომ თანხა, შესაძლოა, გაიზარდოს.

თეატრის შენობა დანგრევამდე
თეატრის შენობა დანგრევამდე

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ატუ“ ატარებს. უფროსი მშენებელის, ზურაბ გვარამიას განცხადებით, თეატრის შენობა ძველისგან განსხვავებული იქნება და ცვლილებები შენობის ადგილმდებარეობასაც შეეხება.

„სცენა სიგრძეში 2 მეტრით იზრდება და თავისთავად შენობაც გაიზარდა ზომაში. ადგილმდებარეობაც შეიცვალა. შენობამ უკან გადმოიწია. მანამდე ქუჩაში იდგა, ფაქტიურად. შენობამ გადმოიწია შიგნით ზუსტად 4 მეტრით“, - განაცხადა ზურაბ გვარამიამ.

თეტრის ნანგრევები
თეტრის ნანგრევები

ზუგდიდელები ახალი თეატრის აშენებას დიდი ხანია ელოდებიან. მანამდე მაყურებელი ავარიულ შენობაში ესწრებოდა სპექტაკლებს. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში თეატრისადმი ახალგაზრდების ინტერესმა იკლო, დასის კარგი მუშაობით შეიძლება სხვა სურათი მივიღოთო:

„თეატრი სჭირდება როგორც მოზარდებს, ისე უფროს თაობასაც. ქალაქს უნდა ჰქონდეს აუცილებლად. კი დაანგრიეს, მაგრამ ააშენებენ, ალბათ“;

„თეატრის მოყვარული ვარ-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, ვისაც უყვარს, და ამიტომ ყველანაირი კომფორტი უნდა ჰქონდეთ მათ“;

„დაინტერესება ძალიან ნაკლებია მას შემდეგ, რაც ინტერნეტი შემოვიდა. მე 50 წელს გადაცილებული კაცი ვარ და ჩვენს დროს სულ სხვანაირი მიდგომა იყო, მეტი დაინტერესება იყო“, - აცხადებენ რესპონდენტები.

სანამ ახალი შენობა აშენდება, ზუგდიდელებს სპექტაკლების ნახვა ქალაქის კულტურის სახლში შეეძლებათ, სადაც დასი მუშაობას აგრძელებს. სწორედ ამ შენობაში აღნიშნა შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თავისი არსებობის 150 წლის იუბილე. ახალი სეზონი პრემიერით „ეზოში ავი ძაღლია“ გახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG