Accessibility links

ზუგდიდის მერობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სანდრა რულოვსი სახელდება


სანდრა რულოვსი

წელს მაისში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს მერის რიგგარეშე არჩევნები. ჯერჯერობით კანდიდატი ოფიციალურად არ დაუსახელებია არცერთ პოლიტიკურ პარტიას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლს, სანდრა რულოვსს.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ. მისი თქმით: „ბევრი განიხილება, მათ შორის სანდრაც.“ ანა წითლიძის ინფორმაციით, საკითხი საბოლოოდ გადაწყდება მარტის ბოლოსთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისშიც ადასტურებენ, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო. სანდრა რულოვსი ესწრებოდა პოლიტიკური საბჭოს სხდომას და ზუსტად ამიტომ გაჩნდა ეს ეჭვები ალბათ, ჟურნალისტებში. ის ხშირად ესწრება სხდომას. ეს ხომ არ ნიშნავს ამას... განიხილება რამდენიმე კანდიდატურა და უახლოეს დღეებში აუცილებლად შეგატყობინებთ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოტკოველმა.

ზუგდიდი
ზუგდიდი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სანდრა რულოვსი კენჭს იყრიდა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად. პირველ ტურში ვერც მან და ვერც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღეს ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში მონაწილეობაზე რულოვსმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ არჩევნები პირველ ტურში „მოპარეს.“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა „ქართული ოცნებიდან“ 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის კანდიდატის შერჩევის პროცესშია „ქართული ოცნებაც.“ მმართველი პარტიის პრესსამსახურში გვთხრეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ამ ეტაპისთვის არჩევნებში მონაწილეობის მხოლოდ სურვილი გამოთქვეს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, მოძრაობის „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა, თენგიზ ჯგუშიამ და იურისტმა, მალხაზ ქუჩულორიამ.

როგორი მერი სურთ ზუგდიდელებს? რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულმა რესპონდენტებმა რამდენიმე კრიტერიუმი ჩამოთვალეს: განათლება, პატიოსნება, პროფესიონალიზმი, გადაწყვეტილებების ხალხთან შეთანხმებით მიღება, პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა და ზუგდიდის სიყვარული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა „ქართული ოცნებიდან“ 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გოგია დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. ზუგდიდის ყოფილი მერი ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG