Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში საქველმოქმედო აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა


ზუგდიდის ბულვარში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების უფასოდ დარიგების აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა. მოქალაქეები ჯგუფურად შეგროვდნენ, ისე რომ დისტანცია არ დაუცვიათ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომლის მოწოდების მიუხედავადაც, მოქალაქეებმა წესრიგი არ დაიცვეს.

აქცია „ახალი ლიდერების“ ინიციატივითა და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით ჩატარდა. „ახალი ლიდერების“ წარმომადგენელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არეულობა მოქალაქეებმა შექმნეს, რადგან ისინი წესრიგის დაცვისკენ მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ. მისი სიტყვებით, ადგილზე იყო პოლიციაც და მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ დაეცვა წესრიგი, დისტანცია, მაგრამ დაახლოებით 50-მდე ადამიანმა უცებ მოახდინა ამ ინვენტარის დატაცება.

„შეიძლება იმის გამო, რომ ზუგდიდში დაფიქსირდა კორონავირუსი, ამიტომაც იყო პანიკა, ყველა ქალაქში გაგვიკეთებია, პოლიციაც გვეხმარება, მაგრამ ასეთი შემთხვევა არსად არ გვქონია, ხალხი თავს დაესხა ორგანიზატორებს“, - თქვა გიორგი გახარიამ.

თავის მხრივ ფაქტს გამოეხმაურა ზუგდიდის მერი. განაცხადა, რომ დაუშვებელია ცალკეული პარტიების მხრიდან მსგავსი აქციების გამართვა მაშინ როცა, ქვეყანაში ორი მუნიციპალიტეტი კარანტინშია.

„ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრებენ ასობით მოქალაქეს ქალაქის ცენტრში, თითქოს პირბადეების დარიგების მოტივით და ხელს უწყობენ ვირუსის გავრცელებას. ეს არის პროვოკაციული აქტი მათი მხრიდან. თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი საჩუქრების დარიგება ხდებოდა და ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენეს ჩვენი მოქალაქეები. მე ყველა მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, მსგავსი პროვოკაციებისგან თავი შევიკავოთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. ის, რაც მოხდა არის კანონის სრული უგულებელყოფა“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები იმსჯელებენ მომხდარზე და მიიღებენ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას.

ორგანიზაცია „ახალი ლიდერების“ ინფორმაციით, ხელთათმანებს და ჰიგიენის საშუალებებს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დაფინანსებით არიგებენ ქვეყნის მასშტაბით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG