Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზღვის წყლის ხარისხის ივლისის მაჩვენებელი ივნისთან შედარებით გაუარესებულია


ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, რომელსაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ყოველ 10 დღეში აქვეყნებს, რეგიონის სანაპიროზე ბანაობა დასაშვებია ყველგან.

ამ კვლევით დგინდება, რამდენად ნორმაშია დაავადებათა და ვირუსების გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობა ზღვის წყალში. დაბინძურების ყველაზე მაღალი ზღვარი 10 ათასია. თუ ამ მაჩვენებელს გადააჭარბა, ზღვის წყალი უკვე საშიშია ჯანმრთელობისთვის.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ზღვაში 25 ივლისს აღებული სინჯების კვლევის შედეგები 31 ივლისს გამოაქვეყნა. ამ კვლევით, ნაწლავის ჩხირის მაჩვენებელი ზღვართან ყველაზე ახლოს ბარცხანის დასახლებაშია და 9 ათასს აღწევს. ივნისში, ეს მაჩვენებელი 7 ათასი იყო.

ზღვის წყალი აჭარის სანაპიროზე ყველაზე სუფთაა სარფში, გონიოსა და კვარიათში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე. ყველაზე დაბინძურებული კი, ბარცხანისა და თამარის დასახლების სანაპიროა.

გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენელი ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ ბარცხანის სანაპირო დღმდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად, რადგან აქ საკანალიზაციო სისტემაც მოუწესრიგებელია. მთავარი დამაბინძურებელი კი მდინარე ბარცხანაა, რომელიც პირდაპირ ზღვაში ჩაედინება:

„ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები ზღვის წყლის ხარისხის მთავარი მაჩვენებელია. კვლევამ აჩვენა, რომ აჭარის სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ეს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. 2 400 ფიქსირდება მწვანე კონცხზე, მახინჯაურში, გონიოსა და კვარიათში, ბათუმისა და ქობულეთის ცენტრალურ პლაჟებზე - 7 ათასი, ბარცხანის დასახლებაში - 9 ათასი. წვიმიანი ამინდი იყო მთელი კვირა და მაშინ მოგვიწია გრაფიკით სინჯების აღება და ეს შედეგები აჩვენა, თუმცა ნორმის ფარგლებშია“, - ამბობს ნუგზარ პაპუნიძე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი.

მისი განმარტებით, ივნისთან შედარებით ბაქტერიების მატება უკავშირდება წყლის ტემპერატურის ზრდას. ბოლო დღეებში ბათუმის სანაპიროსთან ზღვის წყალი 34 გრადუსამდე გათბა. ნუგზარ პაპუნიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და ბანაობა დასაშვებია ყველგან. თუმცა, ზღვაზე დამსვენებლებს ბანაობისას უსაფრთხოების წესების დაცვას ურჩევს:

ზღვის წყალი იდეალურად სუფთაც რომ იყოს, ის თუ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს უარყოფით რეაქციას - გულისრევას, ტემპერატურის მატებას, განსაკუთრებით - ბავშვებში. უნდა დავიცვათ ბანაობის წესები - ბანაობისას ზღვის წყალი არ უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG