Accessibility links

თავდასხმა „ქართულ ლეგიონზე“. მამუკა მამულაშვილი თითს არსენ ავაკოვისკენ იშვერს


მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“, რომელიც აგვისტოს ბოლოს მოსალოდნელი ფიზიკური ანგარიშსწორების საშიშროებაზე საჯაროდ ლაპარაკობდა, ამჯერად მის წევრებზე რეალურად მომხდარი უკანონობისა და ძალადობის შესახებ იტყობინება.

„2 ოქტომბერს კიევის აკადემგოროდოკის რაიონში მოხდა ქართული ლეგიონის მებრძოლების არამოტივირებული და არაკანონიერი დაკავება. უკრაინის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის (КОРД) ჩვენს მებრძოლებს სცემეს და დააზიანეს მათი მანქანა. ორი მებრძოლი და „ქართული ლეგიონის“ დამხმარე მოხალისე საშუალო სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა“, -ასეთი განცხადება გაავრცელა ფეისბუკის გვერდზე „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა, რომელიც ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი დგას.

please wait

No media source currently available

0:00 0:07:30 0:00
Direct link
ბალაკლავჩამოცმულმა ადამიანებმა, დაახლოებით 40-მა კაცმა, დაამტვრია ჩვენი მანქანის შუშები, გადმოიყვანეს და კონდახებით სცემეს ბიჭებს, რომლებსაც ასევე ჩამოაცვეს ხელბორკილები.


ერთი კვირის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ლეგიონის“ მეთაური პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს და მოითხოვს პასუხისგებაში მიეცეს კიევის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი და ყველა ის პოლიციელი, ვინც „ქართველ მოხალისეებს უკანონო დაკავების დროს ექცეოდა სასტიკად და ამცირებდა მათ ეროვნულ წარმომავლობას“.

კიევში მყოფ მამუკა მამულაშვილს რადიო თავისუფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა, რათა უფრო მეტი გაეგო 2 ოქტომბრის ინციდენტზე და გაერკვია, რა საფუძველი აქვს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის მიმართ გამოთქმულ ასეთ სერიოზულ ბრალდებებს.

მამუკა მამულაშვილი: პირველად გააჩერეს ეს ჩვენი ვოლონტიორი. პირდაპირ გადმოიყვანეს მანქანიდან, დაამტვრიეს მანქანა იარაღის კონდახებით. [ვოლონტიორი] გადმოიყვანეს მანქანიდან, ჩააცვეს ბორკილები და დაუწყეს ცემა. სანამ გააჩერებდნენ, ამ ადამიანმა შემატყობინა თავისი ადგილმდებარეობა. მე თვითონ არ ვიყავი ადგილზე, ამიტომ ჩვენს ბიჭებს ვთხოვე, ჩაჯექით და ნახეთ რა ხდება, ერთ ჩვენს მოგობარს პრობლემა აქვს-მეთქი. თურმე ხდება ის, რომ ჩვენი დაკავება უნდოდათ და შეეშალათ მანქანა. მებრძოლები [„ქართული ლეგიონის“] მივიდნენ თუ არა, მოხდა ზუსტად იგივე: ყოველგვარი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან არიან, ბალაკლავჩამოცმულმა ადამიანებმა, დაახლოებით 40-მა კაცმა, დაამტვრია ჩვენი მანქანის შუშები, გადმოიყვანეს და კონდახებით სცემეს ბიჭებს, რომლებსაც ასევე ჩამოაცვეს ხელბორკილები. ჩემი მისვლის შემდეგ, მოვითხოვე კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ახსნიდა სიტუაციას. ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდა. არანაირ კომენტარს არ იძლეოდნენ. იქვე იყო ჩვენი მეგობარი ჟურნალისტი, რომელმაც ეს ყველაფერი ასახა ვიდეოკამერაზე.

კობა ლიკლიკაძე: მამუკა, 28 აგვისტოს, როდესაც ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ, სათაურით „ვინ ემუქრება „ქართული ლეგიონის“ მეთაურს“, შენ მაშინ, გარკვეულწილად, იმედიანად იყავი განწყობილი. ახალი ხელისუფლებაა უკრაინაში, ის უფრო ყურადღებით ეკიდება [უცხოელ მოხალისეებს], რაც გამოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანებითაც უცხოელი მოხალისეებისათვის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭების შესახებ. გადის თვე-ნახევარი და ასეთი უსიამოვნებაა კვლავ „ქართული ლეგიონის“ თავს. იბადება შეკითხვა: რატომ? რას გერჩიან?

მამუკა მამულაშვილი: რა არის, იცით? აქ არ შეცვლილა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელსაც აკონტროლებს, პირდაპირ ვიტყვი, ბანდიტი შინაგან საქმეთა მინისტრი. არ შეცვლილა მისი თანამდებობრივი მდგომარეობა და, ფაქტიურად, ეს ადამიანი ახდენს ახალი მთავრობის დისკრედიტაციას, რადგან ასეთი ძალადობის ფაქტი ვეტერანების მიმართ პირველი არ არის. უბრალოდ, ჩვენ შეგვეხნენ ასე ღიად პირველად მას შემდეგ, რაც შეიცვალა მთავრობა.

კობა ლიკლიკაძე: დავაზუსტოთ: შენ მხედველობაში გყავს შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი?

მამუკა მამულაშვილი: დიახ, კი ბატონო, არსენ ავაკოვი.

კობა ლიკლიკაძე: მას რა ინტერესი აქვს? აპრილში როდესაც ვიყავი ჩამოსული და მის თანაშემწეს [ზორიან შკირიკას] შევხვდი, თქვენზე, „ქართულ ლეგიონზე“, ყოველ შემთხვევაში, მის თანაშემწეს (რადიომსმენელს შეგვიძლია მოვასმენინოთ ამ ინტერვიუს ფრაგმენტი) მაღალი წარმოდგენა აქვს.

დღეს, ფაქტიურად, ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და იყიდოს, ასე ვთქვათ, სპეცრაზმი, რომელსაც შეუძლია ჩაიდინოს არაკანონიერი ქმედება ნებისმიერი ადამიანის მიმართ.


მამუკა მამულაშვილი: თავისთავად ცუდი წარმოდგენა ვერ ექნება, რადგან არასდროს არც ერთ ქართველ ლეგიონერს არ ჰქონია სამართალდარღვევა უკრაინის ტერიტორიაზე და ვერც ექნებათ ცუდი აზრი. გარდა იმისა, რომ ამ ბიჭებმა იომეს უკრაინისთვის, არაფერი მათ არ დაუშავებიათ ამ ქვეყანაში. მათ რომ რაიმე საფუძველი ჰქონოდათ, დამიჯერეთ, უფრო მეტს იტყოდნენ, ვიდრე რაიმე დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი.

კობა ლიკლიკაძე: უკრაინულ მედიაში რა გამოხმაურება ჰქონდა „ქართული ლეგიონის“ მიმართ მომხდარ ამ უსიამოვნო ინციდენტს?

მამუკა მამულაშვილი: მქონდა ერთი რადიოინტერვიუ, „რადიო ჰრამადსკოეა“ ასეთი. ამ ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებთან მივიდნენ სამართალდამცველები თუ სამართალდამრღვევები და დაიწყეს კითხვების დასმა იმის თაობაზე, თუ რას ვაკეთებდით ჩვენ სტუდიაში. ასე რომ, საკმაოდ მობილიზებული ჰყავს ავაკოვს ადამიანები, რომ ეს (ფაქტი) არ გახმაურდეს და ცდილობენ გავლენა მოახდინონ ჟურნალისტებზე.

ჟურნალისტი დამიკავშირდა იმავე წუთს და მითხრა, ასეთი ზეწოლაა ჩვენზე, მოვიდნენ და კითხვებს გვისვამენ თქვენს შესახებ, რაზეც სოციალურ ქსელში უკვე დავწერე და საზოგადოებისთვის გავხადე ცნობილი.

კობა ლიკლიკაძე: იმით, რომ თქვენ ამბობთ, გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი „ავაკოვი არის ბანდიტიო“, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი მტკიცებულება, ხომ არ იქმნით კიდევ უფრო მეტ საფრთხეს? სამომავლოდ ეს კიდევ უფრო მეტი გაუგებრობის წინაშე ხომ არ დაგაყენებთ? ასეთი გავლენიანი მინისტრი თუ მართლა უპირისპირდება „ქართულ ლეგიონს“, ძალიან რთული ვითარება ყოფილა.

მამუკა მამულაშვილი: კობა, რა არის, იცი? ჩვენ სომრად ვართ ჩამოსულები და, დამიჯერეთ, ის, რაც ავაკოვს შეუძლია გაგვიკეთოს, არ არის იმაზე უფრო საშიში, რასაც ჩვენ ფრონტის ხაზზე ვუპირისპირდებოდით. პირიქით, ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ ის რეალობა, რაც დღეს არსებობს უკრაინაში, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ სამართალდამცველ სტრუქტურებში და არ უნდა ხელმძღვანელობდნენ მას. დღეს, ფაქტიურად, ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და იყიდოს, ასე ვთქვათ, სპეცრაზმი, რომელსაც შეუძლია ჩაიდინოს არაკანონიერი ქმედება ნებისმიერი ადამიანის მიმართ.

ავაკოვის კორუმპირებულობა ცნობილია. ამაზე მარტო მე არ ვლაპარაკობ, ამაზე ლაპარაკობს მთელი უკრაინა, საზღვარგარეთის მედიის წარმომადგენლები და აქ დასამალი არაფერი არ არის.

თავადაც კარგად იცის, რომ კორუმპირებული მინისტრია. ეს ფაქტი უკვე არის ქსენოფობიის გამოვლინება და ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავახმაუროთ იგი.

  • მამუკა მამულაშვილი აპირებს 15 ოქტომბერს გამართოს პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად ილაპარაკებს 2 ოქტომბრის ინციდენტზე და მედიას წარუდგენს თავის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

  • თავად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ქართული ლეგიონის“ მეთაურის ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG