Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გიგაური, არაერთი მცდელობის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორიდან გამოვიდა


ოკუპირებული ახალგორი 5 თებერვალს დატოვა 67 წლის თამარ გიგაურმა, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება დღემდე უარს ამბობდა თამარ გიგაურისთვის ე. წ. საზღვრის გახსნაზე, რომ სამედიცნო მომსახურება მიეღო რომელიმე ქართულ კლინიკაში. თამარ გიგაურის ნათესავების ინფორმაციით, მას ე.წ. საშვი მხოლოდ 4 თებერვალს მისცეს, დღეს კი, 5 თებერვალს, თამარ გიგაური ახალგორიდან წეროვანში მცხოვრებ ნათესავებთან ჩავიდა. მას სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. თამარ გიგაური რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებს, იმკურნალებს და დაბაში დაბრუნების საკითხს ამის შემდეგ გადაწყვეტს.

„მოტეხილობები მაწუხებს. ჯერ ვერც გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ცოტა ძნელად იყო გამოსვლა ჩემი. საშვი არ მქონდა და ისე კიდევ არ გადმომიყვანეს. არ ვიცი, რა, რას გაიგებ პოლიტიკისას. პირველ რიგში, უნდა ვიმკურნალო, აუცილებლად კვლევები უნდა ჩავიტარო და, ალბათ, მერე დრო გვიჩვენებს, როგორ იქნება. ეს ფეხი მთელი ამ სამი თვის განმავლობაში იმდენად მტკივნეულია, რომ ვერ ვმოძრაობ ნორმალურად“, - ამბოს თამარ გიგაური.

თამარ გიგაურს პირველი სამედიცინო დახმარება ცხინვალში გაუწიეს, მაგრამ ოჯახი იქ გაწეული სამედიცინო სერვისით უკმაყოფილო იყო. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ხელისუფლება თამარ გიგაურს დაეხმარება ექიმებთან ვიზიტისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების პროცესში.

„ჩვენ ძალიან ბევრჯერ ჩაგვიტარეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და პატივი გვცეს. ახლა ვთხოვე, რომ რაღაცა ფორმით კიდევ დაგვხმარებოდნენ და შევთანხმდით ასე, რომ თუ ჩვენს პენსიონერებს სურვილი ექნებოდათ, ჩვენი ტრანსპორტით მივიყვანდით „ავერსის“ კლინიკაში, ექიმები გაუწევენ უფასო კონსულტაციას და მომსახურებას. გარდა ამისა, გამოკვლევები შეგვიძლია სამასი ლარით დავუფინანსოთ, 500 ლარით კი სოციალურ პაკეტში, ოპერაცია თუ საჭირო გახდა, ასევე დავუფინანსოთ. ქალბატონ თამარსაც გავაგზავნით, დავეხმარებით, ჩაიტარებს გამოკვლევებს“.

გასული წლის 9 ნოემბერს ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექიმი ახალგორში სწორედ თამარ გიგაურის დასახმარებლად მოდიოდა, ეს ინფორმაცია მაშინვე თავად გიგაურმა და მისი ოჯახის წევრებმაც უარყვეს, მაგრამ, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაბა ახალგორში არაერთხელ გამოკითხეს პედაგოგიც და მისი ნათესავებიც, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ.მოგვიანებით,გათავისუფლების შემდეგ, თავად ვაჟა გაფრინდაშვილმაც უარყო ის, რომ გიგაურთან მიდიოდა, თუმცა არ დაასახელა იმ პაციენტის ვინაობა, ვისთან სტუმრობასაც აპირებდა. გიგაურის ოჯახის წევრები სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს უკავშირებდნენ იმ ფაქტს, რომ დაზარალებულ პედაგოგსსაშვს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ. თამარ გიგაური ამბობს, რომ უმძიმესი სამი თვე გადაიტანა:

„ძალიან უხერხული სიტუაცია შემექმნა. მე, 50 წელია, მასწავლებელი ვარ და ვინც კი მიცნობს, ყველა პატივს მცემს. ახლა ეჭვის ქვეშ დადგა ჩემი არსებობა და ჩემი პიროვნება და ეს ძალიან გულს მტკენს. რა ვიცი, ბატონო, თუ ჩემი გულისთვის მოდიოდა და თავი გაწირა, აგერ, მოვედი, ბატონო (იცინის), და მიმკურნალოს”.

ექიმ-ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გასული წლის ნოემბერში ახალგორის რაიონში თამარ გიგაურის სანახავად არ მიდიოდა. შეგნებულად ამბობდა, რომ ეკლესიაში სანთლების დასანთებად იყო გადასული, რომ იმ ძველი პაციენტის ვინაობა არ გაემხილა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელოდა. ვაჟა გაფრინდაშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ თამარ გიგაურს დაეხმაროს. მისი თქმით, პირველ რიგში, რენტგენის სურათი უნდა ნახოს:

„ქალბატონ თამართან არ მივდიოდი. მასთან ნამდვილად არ მივდიოდი. იმ ავადმყოფს ვერ დავასახელებ. (ცხინვალში) დაკითხვაზეც რომ მეკითხებოდნენ, იმიტომ ვიძახდი, ეკლესიაში მივდიოდი-მეთქი, რომ ვინც უნდა მენახა, ჩემი ძველი პაციენტი იყო, და მას პრობლემა არ შექმნოდა. წარმოდგენილი მქონდა, რა შეიძლება მომხდარიყო“.

გოგა აფციაური: ქალბატონი თამარის დახმარება თუ არის ახლა შესაძლებელი?

„რენტგენი ვნახოთ და მაგის მიხედვით, ბატონო გოგა“, - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ახალგორის ე. წ. გამშვები პუნქტის 6 თებერვალს დაკეტვის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლებამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა ახალგორის გამგებელი არ გამორიცხავს, რომ გზა გახსნილი კიდევ ცოტა ხანს დატოვონ. მისი ინფორმაციით, დაბის მოსახლეობა ჯერ ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია, რომ 6 თებერვალს გამშვები პუნქტი იკეტება:

„რაც ცხინვალის მხარემ ოფიციალურად დააანონსა, 6 თებერვლამდე არის და მერე კიდევ გაიხსნება 10 დღით. შესაძლებელია გაახანგრძლივონ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გაკეთებულა განცხადება, რამე იცვლება, თუ ასევე დარჩება ეს გადაწყვეტილება, რაც მიღებული აქვთ. ვნახოთ, ზეგინდელი დღე გვიჩვენებს“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოსკენ გზა 24 იანვარს გაუხსნა ახალგორის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქის პენსიას იღებენ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელად ე. წ. საშვებს აძლევენ. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 6 თებერვლიდან „საზღვარი“ ისევ დაიკეტება და შემდეგ ორ თვეში ერთხელ გაიხსნება.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG