Accessibility links

თამარ ჟამურაშვილის პასუხის პასუხი თენგიზ ცერცვაძეს


22 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გერმანიაში მცხოვრებ ექიმთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, თამარ ჟამურაშვილთან. ის ამ ინტერვიუში საქართველოსა და გერმანიის Covid-19-თან ბრძოლის გზებზე საუბრობდა.

1 ივნისს შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ თამარ ჟამურაშვილის ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით წერილი გამოგვიგზავნა, რომელიც რადიო თავისუფლებამ უცვლელად შემოგთავაზათ. თენგიზ ცერცვაძის "პასუხის პასუხად" წერილი თამარ ჟამურაშვილისგან 2 ივნისს მივიღეთ და ჩვენ ამ წერილსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ბატონო თენგიზ ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში დრო დამითმეთ და თქვენი აზრი გამანდეთ, რომ არ მცოდნოდა, ხომ არც მომეცემოდა ამ გაუგებრობის განმარტების საშუალება.

მესმის, რომ არანაირად არ გექნებოდათ დრო ჩემი ყველა ინტერვიუ და სტატია წაგეკითხათ, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ჩემს პოზიციასა და დამოკიდებულებას მოგახსენებთ.

პირველ რიგში, მადლობა თქვენი გაწეული შრომისა და იმ ღვაწლისათვის, რომელიც ქვეყნისა და პაციენტების წინაშე მიგიძღვით!

აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უცხო ქვეყნებში მუშაობა ექიმის ცოდნის, დონისა და პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი არ არის. უფრო მეტსაც დავძენ, ძალიან მაღიზიანებდა მედიის საშუალებით უცხო ქვეყნებიდან ქართველი კოლეგების ჩართვა, რომელთა უმრავლესობასაც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ საერთოდ შეხება არ ჰქონდათ COVID-19-იან პაციენტებთან, დამწყები ექიმები არიან და უნებლიედ დეზინფორმაციასაც ავრცელებდნენ. ვფიქრობ, სავარაუდოდ, ამანაც შექმნა ფონი და ნეგატიური განწყობა იმისა, რომ უცხოეთში მომუშავე ექიმები საქართველოში მოღვაწე კოლეგებს აკრიტიკებენ. აპრილამდე აზრად არ მომსვლია მედიის გამოყენება. არ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი, როგორც ექიმის საქმე იყო. თუმცა საელჩო დამიკავშირდა და თხოვნით მომმართა: „ქვეყანას ჩვენი დახმარება სჭირდებაო“. ასე აღმოვჩნდი პირდაპირ ეთერში და მერწმუნეთ, ეს, ჩემი მედიითა და სოციალურ ქსელებში აქტიურობის ერთადერთი მიზეზი და მიზანია.

ყოველი ჩემი ინტერვიუ თუ სტატია ატარებდა იმ შინაარს, რომ მე ამაყი ვარ საქართველოს შედეგებით, რომ მე მიხარია ჩემი ქვეყნის წარმატება! ძალიან მწყდება გული, თუ ამ განწყობამ თქვენამდე ვერ მოაღწია.

მთელი ჩემი ოჯახი და სამეგობრო თბილისში ცხოვრობს, მე კი დაკეტილ საზღვრებში ბერლინში აღმოვჩნდი. ერთი წამით თუ წარმოიდგენთ თქვენს თავს ჩემს ადგილზე, მაშინვე მიხვდებით, რომ საქართველოს მიღწევები ბევრად უფრო მახარებდა, ვიდრე აქაური. კრიტიკა არც მიფიქრია, იმ რესურსით, რომელიც ქართულ მედიცინას აქვს და ეს ორივემ კარგად ვიცით, ამ შედეგის დადება მართლაც გმირობაა. გერმანია რომ ამ და კიდევ ბევრ სხვა პრობლემას სანიმუშოდ გაუმკლავდება, არავის აკვირვებს, ეს ბევრჯერ მითქვამს ბატონო თენგიზ და ვიმეორებ.

მადლობა ჩემი პროფესიონალიზმის ეგზომ მაღალი შეფასებისათვის, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სურვილის შემთხვევაში მზად ვარ ვითანამშრომლო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და გაგაცნოთ ის პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც ქართულ მედიცინას განვითარებაში დაეხმარება.

ყველა ის ინფორმაცია, რომელთაც მე ვაჟღერებდი, ბატონო თენგიზ, საქართველოში მომუშავე ექიმებისგან მაქვს. მზად ვარ, სურვილის შემთხვევაში მესიჯები, რა თქმა უნდა, ანონიმურობის დაცვით წაგაკითხოთ (screeshot).

ალბათ იმ შექმნილმა, ნეგატიურმა ფონმა არ მოგცათ საშუალება ჩემს ჭეშმარიტ განზრახვას მიმხვდარიყავით. ეს კრიტიკა არავითარ შემთხვევაში არ იყო. მე ხომ არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ ლაპარაკობს და მითითებებს იძლევა. არსებობს ვებინარები, რომელთა საშუალებითაც ვცდილობდით მე და ჩემი კოლეგები, სწორი ინფორმაცია გაგვევრცელებინა. ვმუშაობ საქართველოს რეზიდენტებთან, რომლებიც თვითონ დამიკავშირდნენ და თანამშრომლობა მთხოვეს. დაწყებული მაქვს უახლესი გაიდლაინებისა და კვლევების ქართული საიტის შექმნა, მინდა თბილისში დავგეგმოთ კონგრესი და შინაგან მედიცინაში უახლესი გაიდლაინების აპდეიტი მოხდეს. ასევე შესაძლებელია სხვადასვა კურსის დაგეგმვა მაგალითად, ბროქოსკოპიის და EBUS-ის (ენდობრონქიალური ულტრაბგერითი გამოკვლევა და ბიოპსია), შპიროერგომეტრიის ან ბოდიპლეტიზმოგრაფიის და მრავალი სხვა.

რაც ჰოსპიტალური სექტორის მომზადებას შეეხება ბატონო თენგიზ, ეს კრიტიკა არ იყო, პირიქით, ჩემი და საქართველოში მოღვაწე ექიმების თხოვნა იყო, რომ უკეთ მომზადებულიყვნენ. იმ ექიმების თხოვნა, რომლებიც თბილისის ცხელების ცენტრში ჩართულ იმ სამ კლინიკაში არ მუშაობენ. თუ მე მცდარი ინფორმაცია არ მაქვს და თბილისში მართლაც მხოლოდ სამი კლინიკა დატრენინგდა, აქაც გავიმეორებ ჩემს თხოვნას. კარგი იქნებოდა, თუ ტრენინგები და ვებინარები განზოგადდება და საქართველოს ყველა ექიმი იქნება ინფორმირებული და დატრენინგებული. დამეთანხმებით, რომ ეს მედპერსონალის ინფიცირების რისკსაც შეამცირებს.

მზად ვარ ყველა თქვენს კითხვას პირადად კოლეგიალურ ფორმატში ვუპასუხო. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელიც საქართველოს არ დატოვებდა ქართულ მედიცინას გერმანიის მსგავსი შესაძლებლობები რომ ჰქონოდა. იმ რეზიდენტებიდან, მე რომ ვახსენე, უმრავლესობას USMLE-ის გამოცდებები ნაწილობრივ ჩაბარებული აქვს და წასვლას აპირებს. გავერთიანდეთ ქართული მედიცინისთვის, შევქმნათ მისაღები მოდელი და ექიმებისათვის უწყვეტი განვითარების საშუალება, იმისთვის რომ შეწყდეს ჭკვიანი ხალხის გადინება ქვეყნიდან და ჩემნაირებს დაბრუნების საშუალება მიეცეთ."

თენგიზ ცერცვაძის მიერ თამარ ჟამურაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით დაწერილი წერილი არ არის პირველი შემთხვევა, როცა თენგიზ ცერცვაძე საქართველოს გარეთ მყოფ ექიმებს საგანგებოდ პასუხობს. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ გურულის ფეისბუქ პოსტებს მან 21 აპრილს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG