Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოვდიოდი და მეც ვფიქრობდი, თუ რამდენი მავნებლობა იქნა განხორციელებული ამ ქალაქში"


თამარ ტალიაშვილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე
თამარ ტალიაშვილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე

გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ დაამტკიცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი „დილის საუბრებში“ ამ გადაწყვეტილებას „ისტორიულ მოვლენას“ უწოდებს:

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება არის ისტორიული მოვლენა. ეს არის პრაქტიკულად კონსტიტუციის მიღება ჩვენი დედაქალაქისათვის. სხდომაზე კიდეც აღვნიშნე, რომ ეს არის ისტორიული გზავნილი თბილისს“.

თამარ ტალიაშვილი თვლის, რომ ეს ათ წელიწადზე გათვლილ დოკუმენტი უფრო მდგრადი და გრძელვადიანი ეფექტის მომტანი იქნება და ჩამოთვლის ომ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელსაც გეგმა მოიცავს:

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დავაფუძნეთ რამდენიმე საყრდენ წერტილს. ესენია: ქალაქის კომპაქტური განვითარება, კარგად შეკავშირებული ქალაქი, მწვანე ქალაქი და მედეგი ქალაქი. 6 მილიონი კვადრატული მეტრი სამშენებლო ტერიტორია გადმოვიდა რეკრეაციულ ზონაში. გვაქვს გეგმა 4 საქალაქო პარკის მშენებლობის“.

თამარ ტალიაშვილი ყვება ზღვისუბანში, თემქისხევში პარკის შექმნის პროექტის შესახებ:

„ასიათასამდე მცხოვრები ახალ ფილტვებს შეიძენს“.

ნებისმიერი ძალისხმევის შემთხვევაში, ვიდრე მშენებარე პარკი „ფილტვებად“ გადაიქცევა, ხანგრძლივი დრო სჭირდება, ისევე, როგორც ბევრ პრობლემას, რითაც თბილისი გენგეგმის მიღების „ისტორიულ მომენტს“ ხვდება. თამარ ტალიაშვილი რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში ამბობს:

„მეც ახლა მოვდიოდი, ვუყურებდი ჩემს ქალაქს და მეც ვფიქრობდი თუ რამდენი მავნებლობა იქნა განხორციელებული ამ ქალაქში“.

საკრებულოს წევრი K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც ლაპარაკობს და არასწორ რეგულაციებზეც, რამაც ბევრი მიმართულებით დააზარალა ქალაქი:

„როცა ნებართვები იყო გაცემული 20-25 სართულიანი სახლის მშენებლობაზე, სადაც ერთი საპარკინგე ადგილი არ იყო გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ათასობით მანქანა დადგებოდა ქუჩაში, შეიქმნებოდა საცობი, კონკრეტულ არეალში ჩვენ მივიღებდით პირდაპირი მნიშვნელობით სატრანსპორტო კოლაფსს და ეს ასეც ხდებოდა და ასეც არის“.

კორპუსების მშენებლობისას საპარკინგე ადგილის მოწყობა სავალდებულო გახდა, თუმცა, დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილებას ბევრი სხვა ნაბიჯის გადადგმაცსჭირდება და ერთ-ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტია. ის ლაპარაკობს იმ გამოცდილებაზე, რაც ამ ფორმატში მუშაობისას თვითმმართველობის საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გაცნობით მიიღო, მათ შორის, გადაწყვეტილებების მომზადებასა და მიღებაში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით.

„პანორამა-თბილისის“ კონტექსტში დასმულ რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - როგორ შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ დედაქალაქში დიდი პროექტების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს მოქალაქეების ინტერესები და ის არ ასახავდეს მხოლოდ ერთი ჯგუფის სურვილს, თამარ ტალიაშვილი პასუხობს, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმით:

„ნებისმიერი კარგი წამოწყება შეიძლება პოზიციონირდეს როგორც ცუდი წამოწყება „ფეიკნიუსების“ მეშვეობით და მეორე მხრივ, ძალიან ცუდი პროექტი ისე იყოს წარმოჩენილი, რომ ვინმემ იფიქროს, არიქა, ეს გადაარჩენს ჩვენს ქვეყანასო“.

კონკრეტულად „პანორამა-თბილისზე" კი საკრებულოს დეპუტატი ამბობს:

„ეს იქნება ერთერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG