Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხელისუფლებას ვიწროდ ესმის უსაფრთხოების საკითხი"


თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი
თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

21 აპრილის დაპირისპირების შემდგომი დეესკალაციის ფონზე, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პანკისელებთან ეფექტიანი, რეალური დიალოგის წარმართვა. რა სჭირდება ამ პროცესის უზრუნველყოფას? რა სჭირდებათ ხეობელებს?

EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე თვლის, რომ ხელისუფლებას ვიწროდ ესმის უსაფრთხოების საკითხი და ლაპარაკობს იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რაც აკლის პანკისელებთან დიალოგის პროცესს. ის სვამს კითხვას - რატომ არის ხეობაში უფრო ძლიერად წარმოდგენილი სუს-ი და შსს, ვიდრე შერიგების სამინისტრო?

„პანკისის ჰესებთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში, როცა ადგილზე შეიქმნა სოციალური წინააღმდეგობა და უკმაყოფილება, ამ პროცესების მოდერაციას რატომღაც ცდილობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საბანაძე და ადგილობრივი პოლიცია. მათ შორის, მთელი წელი ხდებოდა ამ აქტივისტების, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმებში ლაპარაკობდნენ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, მათი დაბარება პოლიციის განყოფილებებში და ხან დარწმუნება, ხან დამუქრება, რომ ეს წინააღმდეგობა იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, რუსული ინტერესების გატარება და ა.შ..

ანუ, პოლიციას მანამდეც, 21 აპრილამდე ძალიან ნეგატიური და გაუმართლებელი როლი ჰქონდა ამ პროცესში და როცა შეცდომებზე ლაპარაკობს მინისტრი გახარია, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაიაზროს“.

თამთა მიქელაძე ლაპარაკობს სუს-ის როლზე:

„ეს არის სწორედ ის უწყება, რომელიც დღეს ყველაზე ძლიერია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია იგივე ბატონი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები, თუ როგორ ვერ ახერხებდა ის ინტეგრაციის პოლიტიკაზე მუშაობას სწორედ ამ უწყების ინტერვენციის გამო და ჩვენ ამ ინტერვენციას ვხედავთ ყოველ ნაბიჯზე“.

უფლებადამცველი იწონებს დეესკალაციის პოლიტიკას, თუმცა არასაკმარისად თვლის:

„მივესალმები, რომ სახელმწიფომ აირჩია დეესკალაციის პოლიტიკა, თუმცა ეს უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის რადიკალური გადააზრების საფუძველი. მე ვერ ვხედავ ამ პოლიტიკის სტრუქტურულ ანალიზს. ლაპარაკობენ ტაქტიკურ ცვლილებებზე.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს პროცესი დაიწყოს დემოკრატიული კონსტულტაციებით თემთან, ექსპერტებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ შერიგების სამინისტრომ შეიმუშავა პანკისის სტრატეგიული განვითრების სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯერ პროექტის სახით არის.

სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი პოლიტიკა, რომ აგრძნობინოს პანკისელებს, რომ ისინი არიან სრულფასოვანი მოქალაქეები. ამ განცდის შექმნაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიან მართლმსაჯულებას ხეობაში“.

თამთა მიქელაძე 21 აპრილის შემდგომ პროცესზე
please wait

No media source currently available

0:00 0:59:30 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG