Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის დაცემის ქრონიკა: ომი, პროპაგანდა და ოკუპაცია

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო, რასაც მალევე მოჰყვა მთელი ქვეყნის ოკუპაცია, რეპრესიები, პარტიებისა და გაზეთების აკრძალვა. ხუთკვირიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სახელმწიფოებრიობის დაცვა ვერ შეძლო.

საბჭოთა რუსეთი 1921 წლის თებერვლამდეც უპირებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადაყლაპვას. თითქმის ერთი წლით ადრე, 1920 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკები იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს მთავრობის დამხობით დაასრულებდნენ ომს, რომელსაც, უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანის სახელით, რუსეთის წითელი არმია აწარმოებდა საქართველოსთან.

„ყველაფერი გადაწყვეტილია და სრულდება. მოვლენები ისე ვითარდება, რომ იმედი გვაქვს, არაუგვიანეს 15-ისა ვიქნებით თბილისში“, - ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა კავბიუროს ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ 1920 წლის 3 მაისს მოსკოვში სტალინისა და ლენინის სახელზე.

თუმცა სერგო ორჯონიკიძის ქადილი უსაფუძვლო გამოდგა. საქართველოს ჯარმა წარმატებით მოიგერია წითელი არმია. აი, რა ცნობა გამოაქვეყნა გაზეთებში 1920 წლის 10 მაისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა:

„1 მაისს აზერბაიჯანის ჯარებმა გადმოლახეს უძლიერეს ძალებით ჩვენი საზღვარი, ჩვენი ტერიტორიით შემოუარეს მას და წითელ ხიდთან მყოფი ჩვენი მოსაზღვრე პოსტი შეავიწროვეს. 2-სა და 3 მაისს საზღვარზე სროლა იყო. 4 მაისს აზერბაიჯანის ჯარები ცდილობდნენ ფოილოს ხიდთან ჩვენი მოწინავე ნაწილებისთვის შემოეტიათ, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. 5 მაისს წითელ ხიდთან ომი გაჩაღდა. ამ ბრძოლაში ჩვენ მოგვიკლეს 6 გვარდიელი, დაგვიჭრეს 17. განსაკუთრებით გმირულად იბრძოდა ცხენოსანი ჯარი. იმ დღეს ჩვენმა ჰაეროპლანებმა ჩაყარეს ყუმბარები მტრის პოზიციებში..."

ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის, ფირუზ ქაზემზადეს, თქმით („ბრძოლა ამიერკავკასიისათვის - 1917-1921“), კომუნისტური ამბოხი, რომელიც 3 მაისის შეტაკებების შემდეგ დაიწყო, საქართველოს მთავრობამ იოლად ჩაახშო, რამაც ქართველი კომუნისტების ისედაც სუსტი ორგანიზაცია კიდევ უფრო დაასუსტა.

„პარტიისგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. ამას მალე მოჰყვა რუსეთ-საქართველოს საზავო ხელშეკრულება“, - წერს ქაზემზადე.

ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 1920 წლის 7 მაისს დადებული საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა სწორედაც რომ უკვე „გასაბჭოებული აზერბაიჯანი“ გადაარჩინა, რადგან საქართველოს სამხედრო ნაწილები, გიორგი კვინიტაძის სარდლობით, წარმატებულ კონტრიერიშს ახორციელებდნენ უკვე აზერბაიჯანის სიღრმეში და, რომ არა 7 მაისის ხელშეკრულება და მთავრობის მეთაურის მიერ ჯარის უკან გამოხმობა, შესაძლოა „25 თებერვალი“ კიდევ დიდხანს არ დამდგარიყო. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს თვითონ გიორგი კვინიტაძე თავის მოგონებები, ხოლო პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის შვილი, აკაკი საერთოდ დანაშაულად მიიჩნევს როგორც ჯარის უკან გამოხმობას, ასევე რუსეთთან „7 მაისის ხელშეკრულების“ გაფორმებას. აი, რას წერს აკაკი რამიშვილი თავის წიგნში „ჩვენი შეცდომები“:

„მამაჩემის, ნოე რამიშვილის ყველაზე დიდ დანაშაულად მიმაჩნია: <...> 1920 წლის 7 მაისს ნოე ჟორდანიასა და ლენინს შორის ხელშეკრულების გაფორმებისას არ დაიხმარა საგანგებო რაზმი და არ გაასამართლებინა ნოე ჟორდანია საველე სასამართლოს; როდესაც წითელმა არმიამ დაიკავა აზერბაიჯანის ტერიტორია და 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს და– იწყო შემოტევა საქართველოზე, 40.000-იანმა ქართულმა ჯარმა გენერალ კვინიტაძის მეთაურობით უკუაგდო მათი შეტევა და 40 კილომეტრით შეიჭრა აზერბაიჯანში. ამ დროს, 18 მაისს ნოე ჟორდანიამ უბრძანა გენერალ კვინიტაძეს შეეჩერებინა ჩვენი ჯარის შეტევა და უკან დაეხია საქართველოში. ამ უმძიმესი ეროვნული დანაშაულის საწინააღმდეგოდ ნოე რამიშვილმა არ მიიღო არავითარი ზომები“.

ხიშტითაც და კალმითაც

თბილისის აღების შემდეგ გამოსული ქართველი ბოლშევიკების პარტიული ორგანოს, “კომუნისტის” პირველივე ნომერი თბილისელებს მენშევიკთა ბატონობის დამხობას და განთავისუფლებას ულოცავს:

“აღსრულდა! საქართველოს მშრომელმა ხალხმა, წითელი რუსეთის დახმარებით, დაამსხვრია, ნაკუწ ნაკუწად აქცია მენშევიკური ბატონობის ჯაჭვები, - წერს გაზეთი, - თითქმის ოთხი ხანგრძლივი წელი გაგრძელდა ეს ბატონობა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდანვე საქართველოს დაეპატრონა ჟორდანია-რამიშვილის პარტია და ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მშრომელ ხალხს გასახარი არა უნახავს რა. <…> ისტორიაში ძვირად თუ შეხვდებით ასეთ ცინიზმით და უპასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფოს სინამდვილეს. და აი ეს გუშინდელი სინამდვილე დღეს აღარ არსებობს. საქართველოს მშრომელი ხალხის საუკეთესო შვილთა და დამცველთა, მისთვის დატანჯულთა და წამებულთა ფიქრი-ოცნება, იდეალი სინამდვილედ იქცა, ხორცშესხმული მოგვევლინა. დღეს საქართველოს მშრომელი ხალხი თავისუფალია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. <…> ტანჯვით და წვალებით, მაგრამ მაინც გაიკაფა მან გზა კომუნიზმისაკენ, სოციალიზმისაკენ, ამიერიდან ეს გზა მისთვის იქნება ერთად-ერთი გზა”.

გაზეთი რუსი ბოლშევიკების მთავარი პროპაგანდისტული ნარატივის - განთავისუფლება და არა ოკუპაცია - გასაძლიერებლად აქვეყნებს ვინმე გიორგის, რიგითი თბილისელის დღიურის ფრაგმენტს, რომელშიც ვითომდა აღწერილია ქალაქელთა მოლოდინით სავსე ფიქრები წითელი არმიის თბილისში შესვლის წინ.

“<…> ბრძოლის ყიჟინამ თფილისის მიყრუებული ქუჩები გამოაღვიძა. ეხლა ქუჩა აღარ იძინებს, ის საზეიმოთ ემზადება. განწირულთა გროვის უკანასკნელი ამოძახილი ზარბაზნების გუგუნში ინთქება, იკარგება წითელი მუსიკა, რომელიც ამსხვრევს ბურჟუაზიის უკანასკნელ საფარს. უკვე უახლოვდება ამ მომავალ მუშათა სავანეს, მის კერას. მალე, სულ მალე იელვებს და თავისუფლების სხივი ამობრწყინდება „მთაწმინდის მთვარის მზგავსად.“ გული ხარობს და ამ სიხარულში იხატება თფილისის პროლეტარიატის გამარჯვება, ის გაიმარჯვებს. და ეს ჟამი უკვე ახლოა. სიხარულის წუთებს განვიცდი. <…> ის, ვისიც გული მოკლული იყო, დღეს გაიხარებს, დასტკბება მომავალ თავისუფლებით. იმედ დაწმენდილი მუშა გუშინ მწუხარებით იბურებოდა, ტვირთის ქვეშ იკაკვებოდა. მაგრამ ბედმა მათაც გაუღიმა და მისი ძმები, რუსეთის პროლეტარიატის სახით, თფილისის ბურჟუაზიის სიმაგრეს უკვე უახლოვდება. გამარჯვების წუთები, თანდათანობით გვიახლოვდება, ხვალ ალბათ ალბათ უკანასკნელი სიმაგრეც გამოეცლებათ მათ ხელიდან. ხვალ ალბათ შემოვლენ. სალამი ჩვენს სტუმრებს. გიორგი, 24 თებერვალი”.

ბოლშევიკების გაზეთი საქართველოში ლეგალურად გამოდიოდა 1920 წლის ივნისიდან რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულების საიდუმლო დამატების თანახმად, საქართველო ვალად იღებდა მიენიჭებინა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კომუნისტური ორგანიზაციებისათვის თავისუფალი არსებობის და მოღვაწეობის, კერძოდ, თავისუფლად კრებების მოწვევის და თავისუფალ გამომცემლობის (ბეჭდვის ორგანოების) უფლება.

ხელშეკრულების ეს ნაწილი ძალაში შევიდა დოკუმენტზე ხელმოწერისთანავე. შედეგად, ქართველ ბოლშევიკებს მიეცათ ლეგალური საქმიანობის უფლება (მალე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1200-მდე კომუნისტი), ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში თბილისში გამოსვლა დაიწყო გაზეთმა „კომუნისტმა“ ფილიპე მახარაძის რედაქტორობით.

1921 წლის 25 თებერვალსაც ანუ თბილისში XI წითელი არმიის შესვლას, წინ უძღოდა როგორც საბრძოლო მოქმედებები, ასევე ბრძოლა იდეოლოგიურ ფრონტზე, სადაც ვითარება ისე წარმოჩინდებოდა, თითქოს ბოლშევიკებისა და საბჭოთა რუსეთისათვის საქართველოს დამოუკიდებლობა სავსებით მისაღები იყო:

“ჩვენმა პარტიამ, როდესაც ის ჩამოყალიბდა კომუნისტურ პარტიათ, შესძლო მიუკიბ-მოკიბავად და გადაჭრილ-გარკვეული პასუხის გაცემა: ყოველ ერს აქვს უფლება ჩამოშორდეს სახელმწიფოს და საკუთარი სახელმწიფო დაიარსოს. არავის არ ეჯერა ამ განმარტების გულწრფელობა: ეს დემაგოგიური ფანდია, ქვენა განზრახვებით არის წამოყენებულიო. არ ეჯერათ თვით ძველი რუსეთის დამორჩილებულ ერებს, ან უკეთ რომ ვსთქვათ, მათ გაბატონებულ კლასების წარმომადგენლებს. ვინ ბალშევიკები, და ვინ ეროვნული თავისუფლებაო. იყო შემთხვევა, რომ, როდესაც რუსეთის ბალშევიკური მთავრობა დეკრეტით აცხადებდა რომელიმე ერის თვითგამორკვევის უფლებას და პრაქტიკულათ ანხორციელებდა ამ პრინციპს, დაინტერესებული ერის ბურჟუაზიული წარმომადგე ნელნი ზიზღით და სიცილ-ხარხარით ხვდებოდენ მას და უარს აცხადებდენ მონიჭებულ უფლებაზე. დაახლოვებით ასევე იყო საქმე საქართველოშიაც. აქ თავიდანვე მწვავეთ იდგა საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, დიდ ტკივილებს იწვევდა აქაურ მმართველ პარტიებში მისი ცნობა-არცნობის საკითხი სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ. დიდი აღფრთოვანებით შეეგებენ ისინი ანტანტის მიერ მით ცნობას, თუმცა ეს იყო ცნობა არა საქართველოს დამოუკიდებლობისა, არამედ მხოლოთ მისი მთავრობისა, და ისიც არა იურიდიული ცნობა, არამედ მხოლოთ ფაქტიური”. გაზეთი "კომუნისტი" 1920 წ. 3 ივნისი

ამავე სტატიაში, რომლის სათაურია “საქართველოს დამოუკიდებლობა”, ნათქვამია ისიც, რომ საქართველოსთვის ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს: “იმპერიალისტურ-ბურჟუაზიული ანტანტისა და საბჭოთა სოციალისტურ-პროლეტარული რუსეთის. უკანასკნელ ხანს გამარჯვების სასწორი საგრძნობლად გადიხარა სწორეთ საბჭოთა რუსეთისაკენ. და რა გასაკვირვია, თუ ის ძალით იცნეს ანტანტის მოიმედეებმა. საბჭოთა რუსეთმა მიუკიბ-მოუკიბავათ გადასწყვიტა საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობისა და შექმნა პირობები მისი ნამდვილი დამოუკიდებლობისა”.

ქართველი ბოლშევიკები კმაყოფილები არიან იმით, რომ საქართველომ, მისი მმართველი პარტიის სახით, პირი იბრუნა აქამდე მისგან ათვალწუნებულ საბჭოთა რუსეთისაკენ, რადგან მიხვდა, რომ მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ამ მხრიდან იქნება ცნობილი და უზრუნველყოფილიო:

“ამას მოჰყვა ჩვენი პარტიის ლეგალიზაცია, რაც თავისთავად დიდი გამარჯვებაა, იმავე თუნდაც ვიწრო ნაციონალურ ფარგლებში. ყოველივე ამას აუცილებლად მოჰყვება შემდეგი გამარჯვება”.

სწორედ “შემდეგი გამარჯვებისთვის” საჭირო იდეოლოგიურ ნიადაგას ამზადებდნენ ბოლშევიკები, რათა რუსეთის ინტერვენცია წარმოჩენილიყო საერთო-სახალხო აჯანყებად, რომელიც თითქოს საქართველოს ნამდვილ, სანატრელ დამოუკიდებლობას მოუტანდა, დაახლოებით ისეთს, როგორსაც ვითომ “თბილისელი გიორგი” ელოდა 24 თებერვლის ღამეს, თავისუფლების სხივი ამობრწყინდებაო.

არა და, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ვლასა მგელაძის ჩანაწერებიდან ცნობილია, სინამდვილეში როგორი თავისუფლების სხივი ამობრწყინდა 25 თებერვლის დილას თბილისში:

„მტრის მიერ დაპყრობილი თბილისი ნაღვლიანად გამოიყურებოდა. რუსეთის ჯარის შემოსვლას დედა-ქალაქი სამარისებური სიჩუმით შეხვდა, ქართველი ხალხი ქუჩებიდან გაქრა, სახლებში ჩაიკეტა, თეატრები, სინემა, გასართობი ადგილები უცხოელებით გაივსო: ქალაქში ვიგინდარები ურცხვად იღრიჭებოდნენ, ქართველი ბოლშევიკები ნაცნობ ქართველებს დაძმარებულნი ეხვეწებოდნენ ქუჩებში გამოდით, თქვენ ხელს არავინ გახლებთ, თეატრში იარეთ, რუსის ჯარს დაენახვეთო... ქართველობა ბოლშევიკებს ზიზღით უყურებდა, მათ ერიდებოდა”.

არც მომდევნო დღეები გამოდგა უკეთესი, რადგან ნათლად გამოჩნდა როგორც წითელარმიელთა დანაშაულებრივი ქმედებები ოკუპირებულ თბილისში, ასევე მათ მიმართ მოსახლეობის განწყობილება:

„რუსეთიდან შემოჭრილი დამშეული ჯარები სახელმწიფო დაწესებულებებში დაბანაკდნენ, კერძო ბინებზე და ოჯახებში მოთავსდნენ. მრავალ საუკუნეობით მოწყობილი ოჯახები განადგურდა, სიწმინდე და ზნეობა შეირყვნა... ყოველგვარი ავეჯეულობა და ოჯახის სამკაულები ავტომობილებით თბილისის სადგურზე დღიან-ღამიანად გაქონდათ, ვაგონებში აგროვებდნენ, რუსეთში გზავნიდნენ. ოთახებიდან გამოქონდათ როიალები, რომელთაც თვალცრემლიანი დედები კუთხეში მიკუნჭულები შეშინებული გასცქეროდნენ. ჯარი შეესია სამხედრო საწყობებს, იქიდან ფარაჯები, ფეხსაცმელები გამოიტანეს, თავიანთ დაფლეთილ ფარაჯებს, დაგლეჯილ ფეხსაცმელებს ქუჩაში ხალხის წინ იხდიდნენ. იქვე ყრიდნენ, ახლით იმოსებოდნენ. ოჯახებში მოთავსებული ჯარის კაცები შეშის მაგიერ ბუხრებს მაგიდებით, კამოდებით ანთებდნენ. ევგენი გეგეჭკორის ბინა აეოხრებინათ, — ბურჟუაზიულ კონტრ-რევოლუციონერი მინისტრის არისო. ზოგ ბინაზე კედლებიდან სურათები ჩამოეღოთ, ჩუქურთმიანი ხის მოვარაყებული ჩარჩოები დაეწვათ, ხოლო ნოე ჟორდანიას სურათი ჩარჩოდან ამოეღოთ, მაღლა ჭერზე ლურსმნით მიეჭედათ, კარგი წვერიანი, კარგი სახის, „დიადი“ არის, იყოსო, — ჩარჩო კი დაეწვათ”. (ვლასა მგელაძე “რუსეთის მობრუნება საქართველოში”.)

თითქმის სამშვიდობოზე გასული

საბჭოთა რუსეთის ინტერვენციას წინ უძღოდა საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა: 1921 წლის 27 იანვარს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის არისტიდე ბრიანის ინიციატივით ანტანტის სახელმწიფოთა უმაღლესმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკა დე იურე (de jure) აღიარა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მოვლენის საპასუხოდ კრემლში მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოში სამხედრო ინტერვენციის განხორციელების შესახებ, რის შესახებაც ტელეგრამით ეცნობა ბაქოში კავბიუროს, 1921 წლის 11 თებერვალს.

1921 წლის 11 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთი იწყებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, თუმცა მოსკოვი რადიოთი აუწყებს მსოფლიოს, რომ საქართველოში აჯანყება დაიწყო ლორეს ხეობაში, რომელიც საბჭოთა სომხეთის პროტესტის მიუხედავად საქართველოს ეკავა. სინამდვილეში ხდება ამბოხების ინსცენირება ლორეს ოლქსა და შულავერში, სადაც ქართული ჯარის ნაწილები განაიარაღეს. აჯანყებულები მოუწოდებენ მოსახლეობას დაამხონ მენშევიკები. ქართული ჯარი მთავრობას უპატაკებს, რომ სომხეთიდან შემოსულმა „რეგულარული ჯარის შენაერთებმა მოულოდნელი იერიში მიიტანეს ჩვენს მოწინავე პოზიციებზეო“.

საბჭოთა სომხეთის მთავრობა, სინამდვილეში კი რუსეთი მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ სადავო ბორჩალოს მაზრიდან გაიყვანოს ჯარი. რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს საზღვარს კვეთს წითელი არმიის 36 ათასი ქვეითი.

12 თებერვალს ლენინი ხელით დაწერილ წერილს უგზავნის ტროცკის მარჯვენა ხელს ეფრაიმ სკლიანსკის: „გაუგონარი და საოცარი რამეები ემართება ჩვენს საკომუნიკაციო საშუალებებს. სტალინი და მე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ვერ ვუკავშირდებით ორჯონიკიძეს“. არადა, სერგო ორჯონიკიძე ამ დროს დაკავებულია საქართველოში წითელი არმიის შეჭრის ორგანიზებით. ორი დღის შემდეგ ეფრაიმ სკლიანსკი ლენინს უპასუხებს „სრულიად საიდუმლო“ წერილით: „ცენტრალური კომიტეტი ემხრობა აზრს, რომ მეთერთმეტე არმიას ნება დაერთოს, აქტიურად დაუჭიროს მხარი აჯანყებას საქართველოში და დაიკავოს ტფლისი იმ პირობით, რომ საერთაშორისო ნორმები დაცული იქნება“.

როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, ერიკ ლი შენიშნავს, აშკარაა, რომ შეჭრის ბრძანება ორჯონიკიძის გაცემული იყო, ინიციატივა კი სტალინისგან მოდიოდა.

15 თებერვალს, ბრძოლების დაწყებიდან მეოთხე დღეს ქართულმა ჯარმა ჩრდილოეთისკენ დაიხია.

„თუ 16 თებერვლამდე ზოგს კიდევ რჩებოდა ილუზია, რომ ეს მხოლოდ აჯანყება იყო, ახლა სიმართლე ყველამ შეიტყო“, - წერს ისტორიკოსი ფირუზ ქაზემ-ზადე თავის ნაშრომში „ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921“.

17 თებერვალს ადრიანი დილით რუსეთის წითელმა არმიამ გაარღვია დაცვის ხაზის ის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს დედაქალაქს იცავდა. თუმცა ქართულმა ჯარმა მოახერხა მტრის ქალაქიდან განდევნა სამხრეთ აღმოსავლეთით დედაქალაქიდან 13 კმ-ზე.

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ქართული დიპლომატია მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს: საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებენ ავსტრია და რუმინეთი.

ამასობაში მტერი იკავებს კოჯორს, თუმცა ფოილოს სარკინიგზო ხიდთან გამართულ ბრძოლაში ქართველები ტყვედ იგებენ 4 ათას წითელარმიელს.

23 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო ლუქსემბურგმა.

თბილისის დასავლეთის მხრიდან რკინიგზაზე ჩნდებიან წითელარმიელები, რომლებიც ხელში იგდებენ სარკინიგზო ხაზს. სულ 200 მხედარზე იყო ლაპარაკი, თუმცა შეიქმნა ალყაში მოქცევის საფრთხე. ამიტომ გადაწყდა მთავრობის ევაკუაცია.

თბილისის დატოვება

როგორ იქნა მიღებული თბილისის დატოვების გადაწყვეტილება, ცნობილია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ადიუტანტის კოტე იმნაძის ჩანაწერებიდან, რომელიც 1921 წლის 24 თებერვლის საღამოს რვა საათზე მთავარ შტაბში გამართულ შეხვედრას აღწერს. კოტე იმნაძე თავისი ხელით გადასცემს მთავარსარდალ, გენერალ გიორგი კვინიტაძეს გენერალ ჯიჯიხიას პატაკს, რომ ბოლშევიკების ტანკები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, რომ ფრონტის გარღვეული ხაზი აღდგენილია და რომ გვარდიელთა სულისკვეთება მტკიცე იყო.

“გაეცნო რა ღენ. ჯიჯიხიას პატაკს ღენ. კვინიტაძე, კვლავ თამბაქოს თამბაქოზე წევით მიუბრუნდა ისევ კედლის რუქას და ჩაილაპარაკა: „ვსიო რავნო“... - წერს კოტე იმნაძე, -რამდენიმე წუთის შემდეგ უეცრად შემოტრიალდა, თითქოს კედელს მოწყდაო, გაექანა მთავრობის თავმჯდომარისაკენ და განუცხადა: „...ია ოტსტუპაიუ“, ეს ორი სიტყვა იქ მყოფთ მეხივით დაატყდათ თავზე. მთავრობის თავმჯდომარემ და მის გვერდით მდგომ პოლკ. გედევანიშვილმა რუქაზე ჩაქინდრული თავი მაღლა ასწიეს და გაუსწორეს მთავარსარდალს. მთავრობის თავმჯდომარემ სათვალე მოიხსნა და გაოცებული გამომეტყველებით შეეკითხა მთავარსარდალს - როგორ, რა მოხდა... უკან დახევა აუცილებელია?! დიახ!... გესმით ასეთი ნაბიჯის პასუხისმგებლობა და ღებულობთ ამ პასუხისმგებლობას თავზე? – დიახ... და შეუდგა ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების დასაბუთებას შემდეგი სახით: კახეთიდან მოყოლებული ვიდრე მანგლისამდე ფრონტი 90 კილომეტრით გამიგრძელდა. არამც თუ რეზერვები არ მყავს დაქანცულ-დაზიანებული ჯარის. შესავსებათ - პირიქით, მთელი რიგი „პუსტიე პროსტრანსტვა“... ამავე დროს მტრის ცხენოსანი ჯარი დაეშვა დიღომით და გამოჩნდა ზურგში, კოჯორით საბურთალოსაკენ მიემართება. ამავე დროს ვაზიანიდანაც გარს მივლიან, ადვილი შესაძლებელია მტერმა ავჭალა დაიკავოს და უკან დასახევი გზა მოგვიჭრას. უკან დახევით და მცხეთის ხეობის დაკავებით ფრონტს შევამოკლებ ორი კილომეტრით. აქ შევძლებ ჯარის გადაჯგუფებას და სათანადო რეზერვის შექმნას. აქვე დავამარცხებ მტერს, კვლავ დავიკავებ თბილისს, რის შემდეგ საშუალება მომეცემა დამარცხებული მტრის დევნისა და სავსებით განადგურებისა... ათი საათი სრულდებოდა და დაუმატა: თქვენ განკარგულებაშია ბატონო თავმჯდომარე ორი საათი. მე ვიწყებ უკან დახევას ღამის 12 საათზე”.

კოტე იმნაძის თქმით, ამ დროს დგება კუთხეში მჯდომი გენერალი ოდიშელიძე და უახლოვდება მაგიდას შემდეგი სიტყვებით:

“ნება მიბოძეთ, ბატონო, გამოვსთქვა ჩემი აზრი. ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია უკან დახევა, რადგანაც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, თუ რა ფსიქოლოგიურ გამოძახილს ჰპოვებს ეს ნაბიჯი ჩვენს გამარჯვებულს ჯარში. მე ვფიქრობ, მცხეთაში არც ერთი ჯარისკაცი არ გაჩერდება. ამიტომ, თუ ხსნა გვიწერია, ხსნა ისევ იქ არის, იმ პოზიციებზე, რომელიც ჯარს უკავია... როგორ შეიძლება ისეთი დიდი გამარჯვება, რომელიც მთავარსარდალმა იგემა თბილისთან, უკანდახევით სასწორზე დაიდოს, პირიქით, მე მის ადგილზე გადავიდოდი შეტევაზე... და შეტევაზე არა საერთო ხაზით, არამედ ერთგვარი პარტიზანული წესით, — განაგრძობდა ოდიშელიძე, — პარტიზანული შეტევით, რომ მტერს მოსვენება არ მიეცეს... მანამ, სანამ დაუძლურებული და საკმაოდ შელახული მტერი სავსებით არ მოტყდება. ამავე დროს მოგვისწრებს მოხალისეთა ის ორი ათასეული, რომელიც იმერეთიდან დაძრულა. ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ მტერსაც არ ჰყავს რეზერვი და არც შესაძლებლობა დამხმარე ძალების მოშველიებისა. და ბოლოს შეტევაზე გადასვლა საერთო ხაზით მტრის სავსებით განადგურებისათვის... თუ სხვა რამ არ გვიწერია, მე ვფიქრობ, უმჯობესია თბილისის წინ სასახელოდ დავიხოცოთო...”

ამის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე (ნოე ჟორდანია) ეკითხება გენერალ ილია ოდიშელიძეს: “აქვს თუ არა მთავარსარდალს უფლება, პირადი გადაწყვეტილებით გადადგას ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი?”

“მთავარსარდლის საომარ სტრატეგიულ განკარგულებაში ვერავინ ჩაერევა, — მიუგო გენერალმა ოდიშელიძემ.

ილია ოდიშელიძე, გენერალი
ილია ოდიშელიძე, გენერალი

კოტე იმნაძის თქმით, ამ განმარტების შემდეგ ნოე ჟორდანიამ დატოვა შტაბი და გაემართა მთავრობის სასახლისაკენ, სადაც დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის მოზრდილ ოთახში თავი მოეყარათ დეპუტატთა უმრავლესობას.

“მისვლისთანავე მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვა აიღო, - წერს კოტე იმნაძე, - მან გააცნო დამფუძნებელი კრების წევრთ ჩვენი ჯარის უკან დახევის და თბილისის დატოვების აუცილებლობა იმ სახით, როგორც ეს მთავარსარდალმა გადასწყვიტა და დასძინა, რომ უკან დახევა დაიწყება ღამის 12 საათზე...”

კოტე იმნაძის სიტყვებით, ამ ამბავმა საერთო ჩოჩქოლი გამოიწვია დამსწრეთა შორის:

“პირველი სიტყვა აიღო ვეშაპელმა და გაოცებული შე ეკითხა მთავრობის თავმჯდომარეს — თუ ვინ გაბედა, ვისი აზრია დედაქალაქის დატოვება.

— ასეთია მთავარსარდლის ურყევი გადაწყვეტილება, თუ ეს არ მოგწონთ, მას გადავაყენებ და თქვენ დაგნიშნავთ, ან სხვა ვინმეს, ვისაც ინებებთ — მიუგო მთავრობის თავმჯდომარემ.

გახურებულ თავთ თითქოს ცივი წყალი გადაევლო... სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, არც ერთი ხმა, არც ერთი კრინტი, ვეშაპელიც ჩაჯდა...“

ნოე ჟორდანია
ნოე ჟორდანია

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქი 25 თებერვალს, გათენებამდე დატოვეს. რამდენიმე საათში თბილისი მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს.

თბილისელთა პირქუშმა დახვედრამ ხასიათი ვერ გაუფუჭა ქართველი ბოლშევიკების ჯგუფს. 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძე რუსეთში გზავნის ელვა-ტელეგრამას:

“მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”

25 თებერვლის შემდეგ

25 თებერვალს ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარიატის პოლიტიკურმა ოფიცერმა კლოდ ბეიფილდ სტოქსმა აცნობა ლონდონს, რომ თბილისის დაცემა სერიოზული დანაკარგი იყო, მაგრამ არა უიმედო, რომ ქართული ჯარი განაგრძობდა არსებობას, ხოლო ფრონტის ხაზის აღდგენა შესაძლებელი იყო. თუმცა სტოქსმა საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ ჯორჯ კერზონისგან მალევე მიიღო მკაფიო შეტყობინება: „ჩვენი სიმპათიები ქართველი ხალხის მხარესაა, რომელმაც ძალზე იყოჩაღა, მაგრამ ახლა მათ საკუთარ პოლიტიკასა და რესურსებზე მოუწევთ დაყრდნობა“.

გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი და მოეხდინა ჯარების გადაჯგუფება მცხეთასთან, სავალალო შედეგი გამოიღო.

„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, - ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

რეალურად ქართულმა ჯარმა ახალი, ბრძოლის გასამართად ვარგისი პოზიციების დაკავება მხოლოდ ხაშურთან შეძლო. გიორგი კვინიტაძე ჯერ კიდევ არ კარგავდა მტრის მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის იმედს, თუმცა ხაშურთან თავი იჩინა არმიისა და სახალხო გვარდიის ხელმძღვანელობებს შორის კოორდინაციის პრობლემამ. გენერალური შტაბის ოფიცრის ვალიკო თევზაძის მოგონებების მიხედვით, გენერალმა კონიაშვილმა სთხოვა მას მოეხსენებინა კვინიტაძისათვის, რომ „გვარდიელებმა დაადგინეს არ შეუტიონ მტერს, შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება არა მაქვსო“.

„აბა, თევზაძე თავის მოკვლაღა დამრჩენია, არა?“ - უთქვამს გიორგი კვინიტაძეს შტაბის ოფიცრისათვის.

თურქეთმა ბათუმის, ახალქალაქისა და ახალციხის ოლქებზე განაცხადა პრეტენზია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ბათუმიდან ქემალისტების განდევნისათვისაც მოუწიათ ბრძოლა.

8 მარტს საქართველოს რევკომმა საქართველოს მთავრობას სამხედრო ოპერაციის დასრულება, საბჭოთა რეჟიმის ცნობა და კოალიციური მთავრობის შექმნაზე დისკუსიის დაწყება შესთავაზა.

16 მარტს ბათუმში ჩატარებულ თავის უკანასკნელ სხდომაზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მთავრობას ქვეყნიდან გამგზავრების ბრძანება მისცა, რათა მას ბრძოლა უცხოეთში გაეგრძელებინა. 17 მარტს, როცა შავი ზღვის ვიწრო ზოლის გარდა ყველაფერი დაკარგული ჰქონდა, საქართველოს მთავრობამ თავისი წარმომადგენლები რევკომის დელეგატებთან შესახვედრად გაგზავნა. შეთანხმებას 18 მარტს, ქუთაისში მოეწერა ხელი, თუმცა რევკომმა ვერ მიაღწია უმთავრეს მიზანს, ვერ გააფორმა ოკუპაცია შიდა გადატრიალებად და ვერ მოახვია საქართველოს მთავრობას კაპიტულაციის მსგავსი შეთანხმება.

როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, შედეგად რევკომი იძულებული იყო გამოეცა დეკრეტი, რომლითაც საქართველოს დამფუძნებელი კრება - რესპუბლიკის სრულფასოვანი დემოკრატიული წარმომადგენლობა გამოცხადდა გაუქმებულად. შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკას არ უცნია ოკუპაცია, არ გადაუბარებია ძალაუფლება არანაირი ფორმით. დამფუძნებელმა კრებამ თავის ბოლო შეკრებაზე ბათუმში დააკომპლექტა მთავრობის ახალი შემადგენლობა, მიანიჭა მას მანდატი, შექმნა გაფართოებული პრეზიდიუმი, რომელიც წავიდა ემიგრაციაში როგორც სრულფასოვანი წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, რითაც მან ყოველგვარი იურიდიული საფუძველი მოსპო იმისათვის, რომ ეჭვის კითხვები დასმულიყო ოკუპაციის გარშემო, რაც დღემდე იძლევა საშუალებას ითქვას, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ლეგალურად (იურიდიულად) არსებობა არასოდეს შეუწყვეტია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG