Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში თბილისის ქუჩის რეკონსტრუქციის ვადა გახანგრძლივდა


ქუთაისის ერთ-ერთი ცენტრალური, თბილისის ქუჩის რეკონსტრუქციის ვადა ორი თვით გახანგრძლივდა. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, კომუნიკაციების მიწისქვეშ განთავსება, გზის საფარისა და ტროტუარების მოპირკეთება და ახალი სანათების დამონტაჟება 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ყურაშვილის, ინფორმაციით, მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, „საქმილსადენმშენის“, თხოვნა დააკმაყოფილა და ვადა ორი თვით გაუზარდა, რადგან პროექტში გარკვეული ცვლილება შევიდა, რამაც დროისა და თანხის დამატება მოითხოვა:

„პროექტის კორექტირების მიხედვით, მისი დასრულების ვადა 10 დეკემბრისთვის გადაიწია. არანაირი საფრთხე არ არის და დარწმუნებული ვარ, უფრო ადრეც დასრულება რეკომსტრუქცია. ვადის გადაწევა გამოიწვია იმან, რომ იმუშავეს კომპანიებმა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, კავშირგაბმულობისა და სხვა კომუნიკაციები განთავსდა მიწის ქვეშ, რისთვისაც მოიჭრა გრუნტის ფენა. ამ სამუშაოებს დასჭირდა დამატებით დრო“.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ყურაშვილის, ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთვის კომპანია დამატებით 20 ათას ლარს მიიღებს. ქუჩის ერთი ნაწილი გაიხსნება დეკემბრამდე, მთლიანად ქუჩა კი - 10 დეკემბერს. პროექტის თავდაპირველი ღირებულება მილიონ 56 ათასი ლარი იყო.

გადმოწერა

ორნახევარკილომეტრიანი ქუჩის რეკონსტრუქცია ივლისში დაიწყო და, სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას სამუშაოებისთვის 120 დღე ჰქონდა. იმის შესახებ, რომ სამუშაოები დროულად ვერ დასრულდებოდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელებმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განაცხადეს საკრებულოს სხდომაზე და მერია არასწორი მენეჯმენტის გამო გააკრიტიკეს. მაშინ მერიაში კრიტიკას არ დაეთანხმნენ და საპასუხოდ თქვეს, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ და რომ პროექტი დროულად დასრულდებოდა.

რეკონსტრუქციის დასრულებას ელოდებიან თბილისის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები პრობლემებს უქმნის:

„დისკომფორტი ექმნება განსაკუთრებით ქუჩის მცხოვრებლებს. დროში გაიწელა, მაგრამ, მგონი, შედეგი არ იქნება ცუდი“;

„მე აქ ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, დისკომფორტია, ახლა შედარებით დავდივართ მაინც. ძალიან ცუდია, რომ გადაიწია დასრულების ვადამ. მეგონა, დასრულდებოდა მალე“;

„როცა გაკეთდება, კარგი იქნება, მაგრამ, დიდი ხანია, აყრილია საფარი“;

„ვერ დავდივართ, ტრანსპორტით ვერ ვმოძრაობთ, ავტომანქანით სახლამდე ვერ მივდივართ, ფუჭდება ამ გზაზე, და ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში“;

„მთელი ზაფხული მტვერი იყო, მაგრამ რადგან კეთდება, კარგია ქალაქისთვის, რადგან ძველი ქუჩაა და თან ცენტრალური“, - ამბობს თბილისის ქუჩის მოსახლეობა.

ამ დროისთვის სამუშაოები თითქმის დასრულებულია თბილისის ქუჩის ნახევარზე. მეორე ნახევრის რეკონსტრუქცია კი, რამდენიმე დღეა, დაიწყო და აღებულია ასფალტის ძველი ფენა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის.

XS
SM
MD
LG